9 სექტემბერი, 2015

ელისო ბოლქვაძე ბათუმში საგანგებო მისიით ჩადის

1eliso-bolqvadzis-festivaliიუნესკოს მშვიდობის არტისტი ელისო ბოლქვაძე ბათუმში საგანგებო მისიით ჩადის. ის ბათუმელებს და ამ ქალაქის სტუმრებს საჩუქარს უმზადებს. იუნესკოს 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აჭარის შავიზღვისპირეთში პიანისტი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალს 10 სექტემბერს საგანგებო კონცერტით გახსნის.

ფესტივალი, რომელიც წელს ევროპის ფესტივალების ასოციაციაში მიიღეს, წელს მესამედ ჩატარდება. ეს არის პირველი მუსიკალური ფესტივალი საქართველოდან, რომელიც ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრი გახდა.

ფესტივალის პრეზენტაცია თბილისში შედგა და ცნობილი გახდა, რომ მასში მონაწილეობენ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები საფრანგეთიდან, ავსტრიიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, იაპონიიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან. საქართველოში ჩამოვლენ დირიჟორი ლორან პეტიჟირარი (საფრანგეთი), პიანისტი ფარხატ ბადალბეილი (აზერბაიჯანი), დირიჟორი დიმიტრი იაბლონსკი (აშშ), პიანისტი ეკატერინე გუმენიუკი (რუსეთი), მევიოლინე მიში სუგიურა (იაპონია), პიანისტი ვიქტორია ჰირშუბერი (ავსტრია), მევიოლინე ილია კონოვალოვი (ისრაელი) და სერენ აქიოლდაში (თურქეთი).

ფესტივალზე დაუკრავს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი და მას უცხოელ დირიჟორებთან ერთად დავით კინწურაშვილი და ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებენ. საკონცერტო დღეებში შესრულდება კლასიკური მუსიკის შედევრები, მათ შორის სულხან ცინცაძის, ბიძინა კვერნაძის, ჩაიკოვსკის, რაველის, შოპენის, ლისტის, ბრამსის, მენდელსონის, ბეთჰოვენის, მუსორგსკის, სტრავინსკის ნაწარმოებები. საფესტივალო პროგრამაშია ქართული ხალხური სიმღერა და ნეაპოლიტანური სიმღერა “მწუხარე ბედი”.

სპეციალურად ფესტივალისთვის საქართველოში ჩამოვა ცნობილი ტენორი ზურაბ სოტკილავა. დასკვნითი საღამო იუნესკოს 70 წლის იუბილეს მიეძღვნება. ფესტივალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მასტერ-კლასების ჩატარება ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის.

ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ეგიდით გაიმართება ნორჩი ტალანტების კონცერტი-კონკურსი, სადაც დაწესებულია მსმენელის სპეციალური პრიზი.

დასკვნითი საღამო 15 სექტემბერს ბათუმის პიაცაზეა დაგეგმილი და მასში მონაწილეობას თავად ელისო ბოლქვაძე მიიღებს.