14 სექტემბერი, 2015

გოდერძი ჩოხელის ლიტერატურულ კონკურსს საფრთხე ემუქრება

1goderdzi-choxeliრეჟისორისა და სცენარისტის გოდერძი ჩოხელის სახელობის ლიტერატურულ კონკურსს და მისივე სახელობის პრემიას საფრთხე ემუქრება. პრემია, რომელიც მინიატურის ჟანრში დაარსდა, პირველად გასულ წელს ჩატარდა. მისმა დამფუძნებელმა ირმა სანაძემ, კომპეტენტურ ადამიანებთან ერთად ახალგაზრდა მწერლებისთვის კონკურსი გამოაცხადა და მინიატურის ჟანრში შექმნილი საუკეთესო ნაწარმოებები დააჯილდოვა. წელს კი ამ კონკურსის ჩატარების და გამარჯვებულთათვის პრემიების გადაცემის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

ირმა სანაძე:

“გთხოვთ ყველას, წაიკითხეთ რა: ,,რამდენი ცოდვიანი დადის და მიკვირს, როგორღა ბრუნავს ეს დედამიწა. თანაც როგორ ზუსტად ბრუნავს, დღეები როცა კლებულობს, წამებით კლებულობს, როცა მატულობს, წამებით მატულობს, წამს არ გადააცდენს, არც – იქით, არც – აქეთ, მძიმდება და მძიმდება დედამიწა კაცებით, ის მაინც კეთილად ბრუნავს. ღმერთის ხელი აბრუნებს და იმიტომ. ღვთის წყალობით, კარგი კეთილი ხალხიც ხო ბევრია ქვეყანაზე,” – ეს კეთილი გოდერძი ჩოხელის კეთილი სიბრძნეა.

ხოდა, გავგიჟდი და გადავირიე. ეს ლიტერატურული კონკურსი, რომელიც გოდერძის სახელობისაა, შარშან დაარსდა და მეორე წელია, მარტო ვწვალობ და ვჯახირობ, ნემსის ყუნწში გავძვერი, ყველაფერი გავაკეთე, რომ მაღალ დონეზე ჩამეტარებინა და სულ რამოდენიმე ადამიანი შეწუხდა და მომეხმარა. რომ არა ისინი, ვერაფერს გავაკეთებდი.

და წელს? წელსაც ხომ უნდა ჩავატარო დაჯილდოების ცერემონია და დავიჯერო, მარტო ჩემი პრობლემაა, მინიატურის ჟანრის განვითარებაზე ზრუნვა? და მარტო მე უნდა მქონდეს მოვალეობის გრძნობა გოდერძის წინაშე? და ხომ შეიძლება, ვინმეს მოუნდეს ამ კარგ საქმეში თავისი წვლილის შეტანა? და წარმოუდგენელია ამდენი თხოვნებიი, აღარ შეიძლება, სულ თხოვნით და ხათრით ხომ არ უნდა ვაკეთებინოთ ადამიანებს? ცოდო არაა გოდერძის სახელი? გთხოვთ რა, ძალიან გთხოვთ, დაეხმარეთ ამ კონკურსს, არ დაიხუროს, რადგან მარტო ენთუზიაზმით ვერ იარსებებს. უთხარით, თუკი არსებობენ თქვენს გარშემო კეთილი ადამიანები, დამიდგნენ გვერდში.”