Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ზურა ყიფშიძის გზავნილი ქართულ საზოგადოებას

10 აგვისტო, 2015

1zura-kifshoქართული თეატრისა და კინოს გამორჩეულ ვარსკვლავს ზურა ყიფშიძეს მკითხველის წინაშე განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება. მისი კინო თუ თეატრალური როლები დაუვიწყარია მაყურებლისთვის. ამბობენ, ის რომ უცხოეთში დაბადებულიყო, მსოფლიო ვარსკვლავი იქნებოდაო.

ზურა ყიფშიძის ცხოვრება თითქმის ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რადგან მის ოჯახში ყველა პოპულარულია და საზოგადოების ყურადღებაც არასდროს აკლიათ, მაგრამ “არტინფო” მსახიობის ცხოვრების სულ სხვა, უცნობ ეპიზოდებს შემოგთავაზებთ.

***

ბებია მყავდა ნახევრად პოლონელი, ნახევრად რუსი. მას დავყავდი ხოლმე რუსულ მართლმადიდებლურ ტაძარში. ეს ბავშვობიდანვე გაცნობიერებული მქონდა. ყოველ კვირას დავდიოდით. რაც შეეხება საეკლესიო ლიტერატურას, ვერ ვიტყვი, რომ ბევრი რამ წამიკითხავს და ყველაფერი ვიცი-მეთქი. მარხვა, აღსარება და ზიარება რ მიჭირს, საკვების აკრძალვა არასდროს გამჭირვებია. უფრო ბილწსიტყვაობა და მსგავსი პრობლემები მაღელვებდა და მაფიქრებდა. საერთოდ, რელიგიაზე საუბარი ძალიან პირადი საკითხი მგონია. რელიგიურად მიმაჩნია თავი, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის ვერ ვასრულებ, რასაც ვფიქრობ და ვკითხულობ წიგნებში. კითხვით კი საკმაოდ ბევრს ვკითხულობ. პეტერბურგში ვიყავი გადაღებაზე, იქ გავიცანი საეკლესიო პირი, რომელმაც მაჩუქა ძალიან სერიოზული წიგნი. დაემთხვა ისე, რომ ავადმყოფობდნენ შვილები და ძალიან ბევრ ლოცვებს ვკითხულობდი. როდესაც ადამიანს უჭირს, მაშინ იწყებს უფალთან ურთიერთობას, ლოცვას, რაც ნამდვილად არასწორია. საერთოდ უნდა იყო რელიგიური და მაშინ ნამდვილად გაგიადვილდება ამ ქვეყანაზე ყოფნა, იმ გამოცდასთან შეხვედრა, რომელიც გვაქვს საერთოდ. უმეტეს შემთხვევაში მაშინ მივმართავ ღმერთს, როცა გვიჭირს. სამწუხაროდ, ასე ვართ ადამიანები. ამ ბოლო დროს თან მიხარია, რომ ადამიანები მობრუნდნენ ეკლესიისკენ, თან ცოტა მაღიზიანებს. ბევრს მიაჩნია, მივა ეკლესიაში, მიუტევებენ ცოდვებს და მერე, ასე ვთქვათ, თავისუფალია. ერთ-ერთ აღდგომას მთელი ოჯახი ვიყავით ახალციხის ერთ-ერთ სოფელში, სადაც კათოლიკეები არიან. იქ არის მამა იოსები, რომელმაც მართლმადიდებლად მოაქცია ნახევარი სოფელი. სოფლის სახელი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ ახლოს არის თურქეთის საზღვართან. შინაგანად ძალიან მორწმუნე მგონია ჩემი თავი, მაგრამ ისეთ დროს გავიზარდე, რომ ეს აკრძალული იყო. თუმცა, აკრძალვის დროსაც დავდიოდით ეკლესიაში და უსიამოვნებებიც გვხვდებოდა. პიონერებიდან გამაგდეს, ისე დავამთავრე მოსკოვის ინსტიტუტი, რომ გაოცდნენ, რატომ არ ხარ კომკავშირელიო. მოხდა ისე, რომ არ ვყოფილვარ კომკავშირელი და ალბათ ამით გამოიხატებოდა მათი ქმედება ჩემი ეკლესიაში სიარულისთვის. იმ დროს ხალხს იჭერდნენ ამის გამო. უღებდნენ ფოტოებს, ვინც დადიოდა აღდგომის ღამისთევაზე, სხვა დღესასწაულებზე. ძალიან რთული პერიოდი იყო, მაგრამ ახლა ძალიან მიკვირს: ადამიანს შეუძლია მისვლა ეკლესიაში, მაგრამ ზოგი ამას ფარისევლურად აკეთებს. ვგულისხმობ იმას, რომ ცხოვრების ფორმა არ ეცვლებათ. ისევ ისე ცხოვრობენ. ეს კი ფარისევლობა გამოდის. ერთს ფიქრობენ, მეორეს აკეთებენ. თუ საღვთო წიგნებს კითხულობ, არ შეიძლება ისევ ისე იცხოვრო, როგორც ცხოვრობდი. ეკლესიაში მაშინ დავდივარ, როდესაც შინაგანად მაქვს ამის მოთხოვნილება. ისე, სამწუხაროდ, ხშირად მისვლას ვერ ვახერხებ. ვცდილობ, ისე ვიცხოვრო, რაღაცეები შევცვალო ჩემს აზროვნებაში. საერთოდ ამ თემაზე ლაპარაკი უხერხულია. ძალიან პირადი თემაა. ასეთი კითხვის დასმაც კი, მწამს თუ არა, ან რატომ არ მწამს, არასწორად მიმაჩნია. როგორ შეიძლება, უფლის არ გჯეროდეს ადამიანს. მე მგონია, რომ იმ ადამიანებსაც, რომელთაც თითქოს არ სჯერათ, გულის სიღრმეში სწამთ, რომ უფალი არსებობს. თუ არა, მაშინ რამ შექმნა ყოველივე. ღმერთი რომ მართლა არსებობს, ამას არც დაჯერება სჭირდება და არც არდაჯერება. ეს ასეა.

***

ჩემი ნაცნობი ადამიანი, რომელიც ადრე იყო რეჟისორი, ოპერატორი, მღვდლად ეკურთხა. შავი ბერობა უნდოდა, მაგრამ უწმინდესმა აუკრძალა, ოჯახი ჰყავს – ორი შვილი. მამა იოსებს იქ საშინელი პრობლემები შეექმნა, მაგრამ ისეთი ძლიერი ადამიანია, რომ გადალახა. ახლა უკვე მრევლი ჰყავს. ძალიან კეთილი და ძლიერი პიროვნებაა, ბევრი იქ მცხოვრები მართლმადიდებელი გახადა. თურმე მე რომ საქართველოში არ ვყოფილვარ, დაურეკავს და უთქვამს, სიზმარი ვნახე, მისი შვილი ვერ არის კარგადო. ყურადღება გამოიჩინა ჩემი ოჯახის მიმართ. მე არ ვიცოდი, ვისთან მივდიოდი. ოჯახის წევრებისთვის უთქვამს, ამა და ამ სოფელში ეკლესია ავაშენეთ და, თუ შეიძლება, აქ ჩამოდითო. რომ ჩავედი, სახტად დავრჩი. სულ სხვა კაცი მახსოვდა და სხვანაირი დამხვდა. თავიდან რომ დაუწყია იქ ცხოვრება, ორნი ყოფილან და კათოლიკეები აგრესიულად დახვედრიან. საერთოდ არ მესმის, განხეთქილება რომ არსებობს ქრისტიანებს შორის. ეს უფრო პოლიტიკაა, რელიგიაში ჩარეული, თორემ როგორ შეიძლება სხვადასხვა ქრისტიანი არსებობდეს და თან ერთმანეთში დაპირისპირებული მხარე იყოს. მიხსნიან, რატომ, მაგრამ ბოლომდე მაინც არ მესმის. ჩემი გაგებით, ქრისტიანი ადამიანი ქრისტიანია.

***

როცა “შუშანიკის წამება” ვითამაშეთ, მისი უწმინდესობა მობრძანდა თეატრში. მე ვთამაშობდი ვარსქენ პიტიახშს. არაჩვეულებრივი დღე იყო. ისეთი შეფასება მომცა პატრიარქმა, ამდენი წელია, თეატრში ვმუშაობ და ასეთი სწორი რამ არავის უთქვამს. პატრიარქმა თქვა: “მაინც ერის კაცი ყოფილა ვარსქენი. იმ ყველაფერს, რაც მან გააკეთა, ერისთვის აკეთებდა. მთლად მგელი და ოხერი არ ყოფილაო”. მიმახვედრა, რომ მხოლოდ ზედაპირულად არ მქონდა წაკითხული. ეს ყველაზე ძვირფასი შეფასებაა, თუ რამე მქონია ცხოვრებაში. არ მქონია შემთხვევა, რომ სასულიერო პირის თამაში შემოეთავაზებინოთ. თუ იქნება ასეთი წინაადება, სიამოვნებით ვითამაშებდი, თუ ამის უფლებას მომცემდნენ. ასეთი როლი რომ ითამაშო, სასულიერო პირისგან კურთხევა უნდა გქონდეს. მარჯანიშვილის თეატრში იყო სპექტაკლი “პილატე”. ეს იყო ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტას” ნაწილი. მე მქონდა იეშუას როლი. ზოგს სჯერა და ზოგს არა, რომ იმ პერიოდში ვერ ვითამაშე. ხან ავარია მომიხდა, ხან რაღაც ვიტკინე. შემეშინდა, თითქოს ვიღაცამ ამიკრძალა, არ შეასრულოო. ფაქტობრივად, იესო ქრისტეს როლი უნდა მეთამაშა. ისე აეწყო ყველაფერი, სხვამ შეასრულა. მე ავად გავხდი. ლოგინადაც კი ჩავვარდი. მას არაფერი მოსვლია, მე კი ნამდვილად რაღაც მემართებოდა და ვგრძნობდი ამას.

***

ახალგაზრდობაში არატრადიციული ვიყავი. ყოველთვის ვეწინააღმდეგებოდი ტრადიციებს, რატომღაც მეგონა რომ ეს ჩემი საქმე არ იყო. პროტესტი ძლიერი მქონდა. დეიდებს ყოველთვის დავყავდი სიმფონიურ კონცერტებზე, ოპერაში, თეატრში, რაც არ მომწონდა. მაგრამ ამ საქმემ დადებითად იმოქმედა ჩემზე. ახლა დიდ მადლობას ვუხდი იმათ, რადგან შემიძლია ჯაზთან ერთად კლასიკური მუსიკის მოსმენა. ჩემს ახალგაზრდობაში გამოჩნდნენ “ბიტლზები”, რომლებმაც მთელი მსოფლიო დაიპყრეს, მათ შორის ჩვენც. კარგად მახსოვს, მათ ყველაფრით ვბაძავდით: თმებით, ჩაცმის სტილით, გვიან მივხვდი, თუ რა ფილოსოფია იდო მათ მუსიკაში. დახეული ჯინსებით და გრძელი თმებით სიარულს ვინ გაბედავდა? ჯინსებზე ციხე იყო. ვისაც ჯინსი ეცვა, ყველას იჭერდნენ. თმებზე აღარ ვსაუბრობ. თემურ ჩიხლაძე (თვითმფრინავის გატაცების ამბავზე რომ დახვრიტეს) ჯერ ჰიპი იყო, ჩვენ, ბიჭები მისი შეგირდები ვიყავით ჰიპობაში. სახლში ყველა გადავრიე. მერე თემური მღვდელი გახდა და ჩვენც მას მივბაძეთ. ბიბლიას ვკითხულობდი, ზოგიერთი რამ მესმოდა, ზოგი არა, მაგრამ მაინც ვკითხულობდი. მერე სასწავლებლად მოსკოვში წავედი და მას დავშორდი. იქ ვისწავლე დამოუკიდებლობა. თბილისში სულ ქალებში ვიზრდებოდი, 2 დეიდა მზრდიდა, დედა დაკავებული იყო თეატრით, კინოთი, მამას სხვა ოჯახი ჰქონდა, ამიტომ გარს დეიდები მეხვივნენ. საშუალო სკოლა ექსტერნად დავამთავრე, სკოლაში არ მივლია, რამოდენიმე სკოლა მოვიარე, ბოლოს 39-ე საშუალო სკოლა დამამთავრებინეს. მოსკოვში მარტო რომ დავრჩი ჩემი თავის რწმენა ვისწავლე. მაგრამ მშობლებს მაინც მივმართავდი დახმარებისთვის. ერთხელ მწვანე ფერის “06” გამოვიყვანე, სხვა ფერი არ იყო მიღებული, არც 3 თვე დაველოდე ახალ პარტიას, დედაჩემი წავიყვანე ნომრის ასარჩევად, არეული ნომრები მინდოდა. დედა წავიყვანე გლდანში, შევიდა შენობაში და 2 საათი აღარ გამოვიდა. შემეშინდა, ხომ არაფერი მოუვიდა-მეთქი, ავდექი და მეც შევედი. რას ვხედავ, ინსპექტორი ლენას კონცერტს უტარებს. თურმე ის კაცი, ვინც ნომრებს იძლევა, მთელი ცხოვრება მსახიობობაზე ოცნებობდა, დედაჩემი რომ დაუნახია, გადარეულა, რაც იცოდა და არ იცოდა ყველაფერი იმღერა და იცეკვა, ძლივს გამოვიყვანე შენობიდან. დედა მოიხიბლა ამ კაცის ნიჭით, მიშა ჯოჯუას ადარებდა. ბოლოს ვკითხე: ნომრები მოგცა-მეთქი, ლენამ მითხრა არაო, თქვენს შვილს იგივე ნომრები დარჩებაო. ჩემი ნომერი იყო 96-66. ასე დამეხმარა დედაჩემი. მაგრამ გაყიდვის დროს ვიღაც კაცს ნომერი მოეწონა და ასე გავყიდე ის მანქანა.

***

რაც შეეხება მამას, 15 წლის ვიყავი, როცა გავიგე ვინ იყო მამაჩემი. სოფელში ყველას ეროსი მანჯგალაძის შვილი ვეგონე. მერე დედა დავსვი და სიმართლე ვათქმევინე. ლენამ მითხრა, რომ მამაჩემი მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ავთანდილ ვერულეიშვილი იყო. მას ჰყავდა უფროსი ვაჟი ზურიკო, რომელიც ჩემზე 9 წლით უფროსი იყო. ჩემი ძმა პროფესიით ინჟინერი იყო, სამწუხაროდ, გარდამეცვალა. ძალიან დავმეგობრდით მე და მამაჩემის ოჯახი. მამაჩემის მეუღლემ იმდენი რამე იცოდა, ზოგჯერ დედაჩემმა არ იცოდა, მოსკოვში რამდენჯერმე პოლიციიდანაც დავუხსნივარ. მამა ბუნებით თავმდაბალი კაცი მყავდა. ძალიან დავმეგობრდით, ერთხელ მოსკოვში ჩამომაკითხა. იმ პერიოდში ჯარში მივყავდი, ჩვენებმა საჩივრის წერილი გამოაგზავნეს მოსკოვში, თბილისში 2-ჯერ გაირიცხა ინსტიტუტიდან და მანდ ხუთებზე როგორ სწავლობსო, ან ჯარში რატომ არ მიგყავთო. მამა საშველად ჩამოვიდა, მაგრამ რუსული არ იცოდა, ჯარიდან გერასიმოვნამ დამიხსნა. ჯარში რომ არ წავსულიყავი, 2 თვე საგიჟეთში ვიწექი. მეგონა, გიჟის როლი უნდა მეთამაშა, თურმე ჭკვიანი გიჟი უნდა ვყოფილიყავი. მამა ვერ დამეხმარა, მაგრამ ბოლომდე ჩემ გვერდით იდგა. თუ ადამიანს პატივისცემა არა გაქვს მამის და დედის მიმართ, მადლიერების გრძნობა, ის ადამიანი არ არის. ცხოვრებაში მთავარი ზნეობაა და ზრდილობა. ყველაფერი იწყება და მთავრდება ზრდილობით და ზნეობით.

***

თითქმის კვაშალების ოჯახში გავიზარდე. მათ 8 მარტს ჰქონდათ ასეთი წესი: იმ დღეს მამაკაცები ქალებისთვის ყველაფერს გაამზადებდნენ და სახლიდან წავიდოდნენ. იქ რა ხდებოდა არავინ იცის. დედაჩემი ჩაწერეს მოსამზადებელ კურსებზე, ერთხელ უნდა დასწრებოდა და მერე გამოცდა ჩაებარებინა. თუ ჩააბარებდა, მიიღებდნენ, თუ არადა არ მიიღებდნენ. ლენამ გამოცდა ჩააბარა და მიიღეს ქალთა კლუბში. დედა სახლში რომ დაბრუნდა, გადარეული და შეშლილი იყო. დედამ მითხრა, რომ მსგავსი სიამოვნება არასოდეს განმიცდიაო. ეს იყო სიამოვნება, რომელსაც ტირილამდე მივყავდიო, იმ სუფრაზე ქართული ტრადიცია არ დარღვეულაო, თამადაც ღირსეული იყოო. ტრადიცია მაშინ არის კარგი, როცა მას მოჰყვება განვითარება-განათლება. ჩვენ დღეს შემეცნებითი ტრადიციები გვაკლია. ნელ-ნელა სულიერებას ვშორდებით და ადამიანის სახეს ვკარგავთ. თუმცა, ყველა სახის ტრადიციები დარღვეულია, მათ შორის, სუფრის. ადრე ქართულ სუფრას, მართლა სუფრის აკადემია ერქვა, დღეს კი ღრეობა და ზნედაცემულობა ჰქვია. ძველად ყველაფერს თავისი ადათი და წესი ჰქონდა. ყველა სვავდა, ქეიფობდა, მაგრამ ლოთი არავინ არ ყოფილა. ჩვენ 1992 წლის შემდეგ ლოთები მოგვიმრავლდნენ. მიუღებელი იყო კულტურული ადამიანი სუფრიდან გამძღარი ან გალეწილი მთვრალი ამდგარიყო. ეს მისთვის დიდი სირცხვილი იქნებოდა. სუფრიდან ამდგარ ნასვამ კაცს, ქალები რომ წაიყვანდნენ, მას თავი ექნებოდა მოსაკლავი. ერთხელ, მურმან ჯინორიას ქორწილში, რომელსაც სამეგრელოში იხდიდა, თამადად დანიშნეს ადამიანი, რომელიც ქართული სუფრის გაგებაში არ იყო, არც იუმორი ჰქონდა და არც სმენა. მაგრამ ბევრს სვამდა. ამ კაცმა სუფრის აყვანა დედის გინებით დაიწყო, მაგრამ მალე მიხვდა, რომ ვერაფერს გააწყობდა. ბოლოს იმდენი დალია, რომ გაითიშა, სუფრას კი მისი მოადგილე, ეროსი მანჯგალაძე ჩაუდგა, რომელმაც ეშხი და ლაზათი შესძინა. ბედნიერება მხვდა წილად, ეროსი მანჯგალაძის გვერდით რომ ვიყავი.

***

ძველად ქუჩასაც სხვა გაგება ჰქონდა. თუმცა, იქაც ხდებოდა ბევრი უსამართლობა. იარაღს არავინ არ ატარებდა, მე დანასაც კი არ ვატარებდი. ადრე ქუჩაში ადამიანი ვაჟკაცდებოდა, კაცობას და მეგობრობას სწავლობდა. უფროსს პატივს სცემდა. ადრე უფროსი უმცროსს სიგარეტზე რომ გააგზავნიდა, ეს სირცხვილი და დამცირება კი არ იყო, არამედ – პატივისცემა. დღეს ამის გულისთვის შეიძლება ერთმანეთი დახოცონ. დღეს ქუჩა დაუნდობელია და საშიში. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ საბჭოთა კავშირი კარჩაკეტილი იყო. მსოფლიოში ყველაზე განათლებული ერები საბჭოთა კავშირის ქვეყნებში იყვნენ. ვგულისხმობ არამარტო ქართველებს, არამედ იმ 15 რესპუბლიკას, რომელიც გაერთიანებული იყო საბჭოთა კავშირში. ამით იმის თქმა მინდა, რომ ცნობილ მხატვარს, მათემატიკოსს, ფილოსოფოსს შეეძლო რამოდენიმე საკითხზე ესაუბრა. მაგალითად, ერთ პიროვნებას დავასახელებ, თემურ ჩირგაძეს, რომელიც პროფესიით ექიმი იყო, მაგრამ ისე შესანიშნავად შეასრულა თავისი როლი ფილმში “ცისფერი მთები”, რომ ზოგიერთი მსახიობი ამას ვერ შესძლებდა. ბატონ თემურს იმიტომ არ მისცეს ლენინის პრემია (ფილმში მონაწილე ყველა მსახიობი დააჯილდოვეს ლენინის პრემიით), რომ პროფესიით მსახიობი არ იყო. თავიანთი საქციელი ასე გაამართლეს: რადგან პროფესიით მსახიობი არ არის, გამოვა, რომ პრემიას მედიცინაში ვაძლევთო. თემურ ჩირგაძე კაცი ლეგენდა გახლდათ.

***

დღეს გადაგვარდა ყველაფერი. სიყვარულს, რაც უნდა თავისუფალი იყოს, მალვა თუ არა აქვს, ის კარგავს თავის ხიბლსა და პეწს. სიყვარული სექსამდე დავიდა. რუსთაველმა თავის დროზე თქვა სათქმელი სიყვარულის შესახებ. დღეს ქალიც გადაგვარდა და კაციც. ბუნების წინააღმდეგ არ უნდა წავიდეთ და ზნეობა უნდა შევინარჩუნოთ. ქართული ტრადიცია ზრდიდა ადამიანს და კარგ ჩარჩოებს უქმნიდა.