Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ვის შურს სულხან ჯაიანის?

1 აგვისტო, 2015

1sulxan-jaianiსაოპერო მომღერალი სულხან ჯაიანი თავის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვან ეტაპად საფრანგეთში 2 წლიან სტაჟირებას მიიჩნევს, სადაც მარტოს მოუწია გამკვლავება იმ სირთულეებთან, რომელიც არა მხოლოდ სცენაზე ხვდებათ ხელოვანებს პროფესიული თვალსაზრისით, არამედ “კულისებს მიღმაც”.

სულხანმა ბათუმის სახელმწიფო ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის ვოკალური ფაკულტეტი დაამთავრა, პროფესორ ნოდარ ვარშანიძის კლასი. ის ლადო ათანელის სახელობის კონკურსის ლაურეატი და თურქეთის ქალაქ სტამბულში ლეილა გენჯერის სახელობის ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსის დიპლომანტია.

შესრულებული აქვს საოპერო პარტიები: რაიმონდოს პარტია გაეტანო დონიცეტის ოპერიდან „ლუჩია დი ლამერმური“, მარკიზ დეობინის პარტია ჯუზეპე ვერდის ოპერიდან „ტრავიატა“, მაკარის პარტია ვიქტორ დოლიძის ოპერიდან „ქეთო და კოტე“, ცანგალას პარტია ზაქარია ფალიაშვილის ოპერიდან „დაისი“, ბარტოლოს პარტია ვოლფგან ამადეუს მოცარტის ოპერიდან „ფიგაროს ქორწინება“.

“არიტინფო” წარმატებულ ქართველ საოპერო მომღერალს ესაუბრა.

– გაგვიზიარეთ მთავარი ხიბლი, რაც აქვს საოპერო ხელოვნებას.

– პუბლიკის სიყვარული.

– თქვენი აზრით, რატომ არ არის ისეთი პოპულარული კლასიკური მუსიკა საქართველოში, როგორც ევროპაში?

– ჩვენს დროში და ჩვენთან, კლასიკური მუსიკა იმდენად პოპულარულია, როგორც დანარჩენ ევროპაში. ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ კლასიკური მუსიკა ევროპაში პოპულარულია, თუ გადავხედავთ საერთო პუბლიკის ასაკს, უმრავლესობა 50 წელს გადაცილებულია. ეს ნიშნავს იმას რომ, სამწუხაროდ, კლასიკური მუსიკა “ტექნიკის” განვითარებასთან ერთად კარგავს მსმენელს.

– ვინ არის თქვენთვის ეტალონი საოპერო ხელოვნებაში?

– ძალიან ბევრი ფავორიტები მყავს, როგორც ყველა ოპერის მომღერალს, მათ შორის, ჩემი ძვირფასი პედაგოგები!

– ყველაზე დიდი სირთულე რა იყო თქვენთვის ამ პროფესიაში?

– საოპერო ხელოვნება იმდენად რთული და ძვირფასია, მას სირთულეები მუდამ თან ახლავს, აი ზუსტად ის არის ადრენალინი და სიამოვნება, როცა ამ სირთულეებს გაუმკლავდები და ამა თუ იმ როლს სათანადოდ წარუდგენ მსმენელს!

– ბევრი მომღერალი სხვადასხვა მოსმენებზე გასვლას უკადრისობს. თქვენც ასე თვლით?

– არა, მე ასე არ ვფიქრობ, ჩემი აზრით ყველა მომღერალმა ზუსტად უნდა იცოდეს სად მიდის მოსმენაზე, თუმცა არის გამონაკლისი შემთხვევები, რასაც მე მათ სირცხვილად მივიჩნევ!

– რა როლი ენიჭება პარტნიორს? შეუძლია “გაგაფუჭოს”, თუ ყველაფერი მაინც შენზეა ამ დროს დამოკიდებული?

– პროფესიონალი მუსიკოსი ყოველთვის გაართმევს თავს, თუმცა პარტნიორზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. (მე ჯერ არავის “გავუფუჭებივარ”).

– რა იყო ყველაზე დიდი პროფესიული გაკვეთილი, რომელიც მუდამ გემახსოვრებათ?

– ჩემთვის ყველაზე დიდი გაკვეთილი და გამოცდილებაც იყო 2 წლიანი სტაჟირება საფრანგეთში, სადაც მარტოს მომიწია გამკვლავება იმ სირთულეებთან, რომელიც არა მხოლოდ სცენაზე გვხვდება პროფესიული თვალსაზრისით, არამედ “კულისებს მიღმაც”.

– როგორ მუშაობთ პერსონაჟზე? პირდაპირ არიას სწავლობთ თუ ჯერ მის ხასიათებს სწავლობთ?

– რასაკვირველია, პერსონაჟზე მუშობით ვიწყებ, თუმცა ვოკალური გამართულობა და გმირის გაცოცხლება სცენაზე ერთნაირად მნიშვნელოვანია.

– გიგრძვნიათ, რომ თქვენი წარმატების შეშურდათ?

– არ მიგრძვნია, პირდაპირ უთქვამთ, თუმცა ეს სასიამოვნოა.

– რა არის ყველაზე რთული საოპერო მომღერლის ცხოვრებაში?

– განსაკუთრებული რეჟიმის დაცვა, რომელიც საკმაოდ რთულია.

– რამ შეიძლება უარი გათქვმევინოთ სიმღერაზე?

– მხოლოდ და მხოლოდ ხმის დაკარგვამ.