5 აგვისტო, 2015

ვის გამო წავიდა საქართველოდან ანა ყიფიანი?

1ana-kipianiiiiახალგაზრდა ქართველი პიანისტის ანა ყიფიანისთვის ეს წელი საკმაოდ წარმატებულია. მან უკვე მოახერხა 4 პრესტიჟული კონკურსის ლაურეატობა. პიანისტმა გასულ კვირას ესპანეთში საერთაშორისო კონკურსზე პირველი პრემია მოიპოვა.

ანამ დაკვრა 3,5 წლის ასაკში დაიწყო. 5 წლისამ კი ორკესტრთან ერთად ბერკოვიჩის კონცერტი დაუკრა. ამჟამად პიანისტი მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლობს. ის ელისო ვირსალაძის მოსწავლეა და ამით ძალიან ამაყობს. საქართველოდან წასვლა და მოსკოვის კონსერვატორიაში სწავლა, სწორედ ელისო ვირსალაძესთან შეხვედრამ გადააწყვეტინა.

– ანა, გილოცავთ ესპანეთში გამარჯვებას. როგორ აღმოჩნდით ამ კონკურსზე?

– უღრმესი მადლობა! წელს გავხდი 4 პრესტიჟული კონკურსის ლაურეატი. ერთ-ერთ კონკურსზე ყოფნისას, მივიღე მოწვევა ამ კონკურსზე და გავემგზავრე…

– რას ნიშნავს თქვენთვის კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობა?

– ჩემთვის ყოველი გამოსვლა უდიდესი სიხარულია! კონკურსი გაძლევს შესაძლებლობას, რომ გაიტანო სცენაზე შენი ნაშრომი და გამოცადო საკუთარი თავი… რა თქმა უნდა, ძალიან რთულია კონკურსის ფორმატი ხელოვანი ადამიანისთვის, რადგანაც ეს სპორტი არ არის, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, კონკურსებიდან გამოვიტანო მხოლოდ დადებითი მომენტები: ძალიან კარგ დარბაზებში დაკვრა, ახალი ნაცნობები, მერე მოდის უამრავი შემოთავაზება… ჩემთვის კონკურსს მაინც ბევრი დადებითი მხარე აქვს…

– როგორ დაიწყო თქვენი, როგორც პიანისტის კარიერა?

– ძალიან სპონტანურად… იქედან გამომდიანრე, რომ ოჯახში პროფესიონალი მუსიკოსი არავინ არ მყავს, არ იყო ჩემი პროფესია წინასწარ გადაწყვეტილი… ჩვეულებრივი მუსიკის გაკვეთილები გადაიზარდა სერიოზულ, პროფესიონალურ მეცადინეობებში. დაკვრა დავიწყე 3,5 ასაკიდან… 5 წლის ასაკში უკვე ორკესტრთან ერთად შევასრულე ბერკოვიჩის კონცერტი, რომელსაც დირიჟორობდა ბატონი ზაზა აზმაიფარაშვილი.

– თქვენ ელისო ვირსალაძის მოსწავლე ხართ. ეს კიდევ ერთი დამატებითი პასუხისმგებლობაა?

– ეს ჩემთვის უპირველესი პასუხისმგებლობაა… იმის მიუხედავად, რომ ბევრი შემოთავაზება მქონდა სხვადასხვა ქვეყანაში, მოწინავე მუსიკოსებთან სასწავლებლად წასასვლელად, მაინც ვერ ვიღებდი გადაწყვეტილებას… ქალბატონ ელისოსთან თელავის ფესტივალზე შეხვედრამ მიმაღებინა საბოლოო გადაწყვეტილება… თავიდან, ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ოდესმე შეიძლებოდა მის კლასში ვყოფილიყავი… ძალიან რთულია ქალბატონ ელისოსთან კლასში მოხვედრა, რადგანაც მასთან წლობით ეცერებიან რიგში, რომ მოხვდნენ…. მაგრამ ქალბატონმა ელისომ მიმიღო ყოველგვარი რიგის გარეშე… ძალიან რთული მისაღები გამოცდები იყო მოსკოვის კონსერვატორიაში, მაგრამ უმაღლესი ქულებით ჩავაბარე… მოსკოვის კონსერვატორიის არჩევის მიზეზიც უპირველესად ქალბატონი ელისო გახლდათ… მოგეხსენებათ, კლასიკური მუსიკის სფეროში მოსკოვის კონსერვატორია ერთ-ერთი წამყვანი სასწავლებელია. მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიის გამოზრდილები არიან მსოფლიო დონის პიანისტები და ჩემი ოცნება იყო, მეც ვზიარებულიყავი იმ გარემოს, სადაც მოღვაწეობდნენ რიხტერი, გილელსი, გოლდენვეიზერი, ზაკი, ფლიერი და ასე შემდეგ…

– ანა, რა დროს უთმობთ დაკვრას? თუ შემოგიტევთ ხოლმე სიზარმაცე და როგორ უმკლავდებით მას?

– იმდენად დაკავებული ვარ კონსერვატორიაში, რომ ხანდახან ხდება ისე, რომ დღის განმავლობაში შეიძლება საერთოდ ვერც მოვასწრო მეცადინეობა… სიზარმაცე იმდენად არ მიტევს, რამდენადაც დაღლილობა… ვთვლი, რომ დაღლილზე მეცადინეობას უაზროდ, ჯობია საერთოდ არ იმეცადინო, სხვა შეთნვის სასიამოვნო საქმე გააკეთო და მერე, როდესაც იგრძნობ რომ მზად ხარ, მაშინ იმეცადინო…

– ყველაზე დიდ სიამოვნებას რომელი კომპოზიტორის შემოქმედება განიჭებთ?

– ძალიან რთულია რომელიმე კომპოზიტორის გამოყოფა… მაგრამ ჩემთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა შუმანის, ბრამსის, ბეთჰოვენის და სკრიაბინის დაკვრა…

– ვინ მიგაჩნიათ ყველაზე რომანტიკოს კომპოზიტორად?

– ყველა კომპოზიტორი თავისებურად რომანტიკოსია… მიმაჩნია, რომ ბახსაც აქვს თავისებური რომანტიკოსობა… მაგრამ მე მაინც გამოვარჩევდი ამ შემთხვევაში შუმანს… მას აქვს ყველაზე მძაფრი ემოციური კონტრასტულობა ნაწარმოებში… უდიდესი ტკივილი და ბრძოლა…

– რა არის თქვენი პროგრამა მაქსიმუმი?

– ჩემი პროგრამის მაქსიმუმია, ჩემი დაკრულით მივაწვდინო ჩემი სათქმელი მსმენელს… როგორც მწერლისთვის სათქმელი საშუალებაა სიტყვა, ისე ჩეთმვის არის მუსიკა..

– როგორ ემზადებით სცენაზე გასასვლელად?

– სცენაზე გავდივარ ყოველთვის თავისუფლად. უდიდესი ადრენალინია… ვერ ვჩერდები ხოლმე კულისებში წყნარად, იმდენად დიდი მისწრაფება მაქვს, რომ მალე გავიდე სცენაზე… კონცენტრირებას უკვე ვახდენ სცენაზე პირველი ნაბიჯის გადადგმიდან როიალთან დაჯდომამდე…

– რა გაღიზიანებთ, როგორც პიანისტს?

– ძალიან არ მომწონს დოგმები და ჩარჩოში მოქცევა… მიმაჩნია, რომ ჩვენს სფეროში ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორია ინდივიდუალურობა და საკუთარი ხედვა… სამწუხაროდ, ხშირად პიანისტები მხოლოდ პედაგოგების რჩევებს ითვალისწინებენ და საკუთარს არაფერს არ ამატებენ… ეს ძალიან არ მომწონს… ქალბატონი ელისო ყოვეთლვის სრულ თავისუფლებას გვაძლევს ნაწარმოების შესრულების დროს. ამას ვუსურვებდი ყველას, რომ თვითონ ეძებონ ის სახეები, რომელსაც ხედავენ და გრძნობენ… უმთავრესია გულწრფელობა…

– კიდევ გეგმავთ კონკურსებში მონაწილეობას?

– დიახ… ფაქტიურად 2-3 წელიწადზე მაქვს უკვე დაგემილი კონკურსები და კონცერტები…

– როდის დაუკრავთ საქართველოში?

– ვიმედოვნებ, რომ უახლოეს პერიოდში.