7 აგვისტო, 2015

უცხოეთში აღიარებული ქართველი მხატვარი გამოფენას აწყობს

1papkiauri-giorgiახალგაზრდა მხატვარი გიორგი პაპკიაური თბილისში ჩატარებული პერსონალური გამოფენის შემდეგ, ბათუმში გამართავს გამოფენას, სადაც მისი ახალი ნამუშევრები იქნება წარმოდგენილი.

ბათუმის რედისონში 19-20 აგვისტოს გიორგი პაპკიაურის გამოფენას გაალამაზებს მუსიკალური ბენდი და ვიოლინო. გიორგი 3 წლიდან ხატავს. მხატვარს არა ერთი გამოფენა აქვს ჩატარებული ამერიკასა და გერმანიაში. მისი ნამუშევრების ძირითადი ნაწილი სწორედ ამ ქვეყნებში გაიყიდა. ამ ეტაპზე გიორგი ემზადება ახალი პროექტისთვის რომელიც სექტემბრისთვის იგეგმება.

გიორგი პაპკიაური:

– 19 და 20 აგვისტოს ბათუმში ორმოცამდე ნამუშევარი მექნება წარმოდგენილი, მათ შორის იქნება ახალი ნამუშევრებიც. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ვიოლინო და ბენდი სისაიდი, ასევე იქ მოსულ სტუმრებს ბევრი სიურპრიზი ელოდებათ. როგორც აღვნიშნე, გამოფენა ორ დღეს გასტანს და გაიმართება სასტუმრო რადისონში.

– თბილისში თქვენი გამოფენა ისე არ ჩატარდა, როგორც დაგეგმეთ…

– თბილისის გამოფენაზე იყო ინციდენტი, თუმცა ვთვლი, რომ ამ თემაზე საუბარი ამოვწურე. პატარა გაურკვევლობას ჰქონდა ადგილი.

– თქვენ ფართო საზოგადოებამ გაგიცნოთ როგორც მომღერალი. პროფესიით მომღერალი ხართ თუ მხატვარი?

– საერთოდ არქიტექტურა-კერამიკაზე ვსწავლობდი, მაგრამ 3 წლიდან ვხატავ და ვმღერი. სიმღერას რაც შეეხება, ამ ეტაპზე პაუზა მაქვს და მომავალი წლისთვის მაქვს გეგმები, თუმცა პარალელურად ვწერ რაღაც სიმგერებს.

– ბევრი გამოფენა მოაწყეთ ამერიკასა და გერმანიაში. საქართველოში რატომ არ აწყობდით გამოფენებს?

– გამოფენას რაც შეეხება, საქართველოში რატომღაც არ ფასდება შრომა და ყველა ხელოვან ადამიანს უჭირს თავის დამკვიდრება, შესაბამისად, ყველა წასვლას ცდილობს. ვერ ვიტყვი იმას, რომ სხვაგან ადვილია მწვერვალების დაპყრობა, მაგრამ აფასებენ შრომას და შესაბამისად, გიწევს უფრო მეტის კეთება.

– ძვირი ღირს თქვენი ნამუშევრები?

– ვერ ვიტყვი, რომ ძვირი ღირს, არც დაბალ ფასში არ ვყიდი. ჩემი ყველა ნამუშევარი ორიგინალია და არასოდეს ვმეორდები, შესაბამისად, ფასიც ნორმალური აქვს. მე ხელოვანი ვარ და არა ბიზნესმენი! ვაფასებ საკუთარ შრომას და საზღვრებს გარეთ ეს დიდ ინვესტიციად ითვლება.

– გამართული გამოფენებიდან ყველაზე გამორჩეული ექსპოზიცია თქვენთვის რომელია?

– ჩემთვის ყველა გამორჩეულია, ვინაიდან ყველას თავისი დატვირთვა აქვს და ხასიათიც იგრძნობა.

– იმისთვის რომ ხატოთ, აუცილებელია მუზა? თუ ნებისმიერ განწყობაზე ხატავთ?

– მუზა აუცილებელია, თუმცა თუ გინდა ამ სფეროში წარმატებას ღირსეულად მიაღწიო, არ უნდა გაჩერდე და შენს ყოველდღიურ საქმედ უნდა აქციო.

– ყველაზე მეტად რისი ხატვა გიყვართ?

– ყველაზე მეტად ჩემი განწყობის გადატანა მიყვარს ტილოზე (აბსტრაქცია).

– მიძღვნა გჩვევიათ?

– კი მჩვევია და მაქვს მსგავსი ნამუშევრები.

– საყვარელი ადამიანის გულის მოსაგებად რას დახატავდით?

– საყვარელი ადამიანის გულის მოსაგებად ხატვა არ არის საჭირო. სანამ რამეს დავხატავდი, უკვე მოვიგე.

– არის ფერი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვართ და სულ დომინირებს თქვენს ტილოებში?

– წითელი და შავი, მეც ეხლა დავაფიქსირე.

– პირველად ვინ ნახულობს თქვენს ნახატებს?

– ჩემი საყვარელი ადამიანი და ჩემი ახლო მეგობრები.

– კრიტიკა გწყინთ?

– ჯანსაღი და ზომიერი კრიტიკა სასარგებლოცაა.