Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

უნიკალური დოკუმენტების კოლექცია საქართველოს გადმოეცა

24 აგვისტო, 2015

1dadianebi

ირლანდიაში მყოფი ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელი გიორგი კალანდია კიდევ ერთ სასიხარულო ამბავს ავრცელებს. ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უნიკალური დოკუმენტების კოლექცია – ე.წ. “დადიანის არქივი” საქართველოს გადასცა.

გიორგი კალანდია:

“კიდევ ერთი სასიხარულო ამბავი: დღეს ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ე.წ “დადიანის არქივი” გადმოგვცა. ეს არის უნიკალური დოკუმენტების კოლექცია, რომელიც სამეგრელოს სამთავროსა და დადიანთა ისტორიას აღწერს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქვეყნოდ განთქმული გაზეთის “The Times”-ის კორესპონდენციები ახალგაზრდა პრინცის ნიკოლოზ დადიანის შესახებ. სამეგრელოს უფლისწული დახასიათებულია, როგორც უაღრესად პროგრესული და ლიბერალური ფასეულობების მატარებელი ადამიანი. კოლექციაში წარმოდგენილია ის საგაზეთო სტატიებიც რომელიც სამეგრელოს დედოფალს, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქალიშვილს ეკატერინე დადიანს შეეხება. მაგალითად, 1855 წელს ოქსფორდში დაბეჭდილ საგაზეთო სტატიაში ნათქვამია რომ “სამეგრელოს დედოფალი განსაკუთრებული სილამაზის ქალბატონი იყო”.

“დადიანის არქივი” ძვირფას ცნობებს შეიცავს სამეგრელოს და კერძოდ, ზუგდიდის შესახებ. არაერთ დოკუმენტში აღწერილია სასახლეების არქიტექტურა და იქ დავანებული საგანძური. კოლექციის მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი ნაწილი პირველ ქართველ მოჭადრაკეს, პრინც ანდრია დადიანსა და მის საჭადრაკო პარტიებს ეძღვნება. 100-ზე მეტი დოკუმენტის ბეჭდური ასლი უკვე ხელოვნების სასახლის კუთვნილებაა, ვფიქრობთ, მათ პუბლიკაციას ზუგდიდის დადიანების სასახლესთან ერთად უახლოეს მომავალში განვახორციელებთ. როგორც ყოველთვის, მადლობა დახმარებისათვის ირლანდიის საელჩოს თანამშრომელს ნათია კალანდიას. ხვალ კიდევ ერთ სიახლეს ველოდებით, ბიბლიოთეკამ ქეთევან წამებულის შესახებ ძვირფასი დოკუმენტის ასლი უნდა გადმოგვცეს, თუ მოლაპარაკება წარმატებით დავასრულეთ, დეტალებს დამატებით გამოვაქვეყნებ. ამით კი ირლანდიაში ჩემი ვიზიტი დასრულდება და ათეულობით ძვირფას დოკუმენტს სამშობლოში წამოვიღებ.”

1dadianebi1

1dadianebi2

1dadianebi4

1dadianebi3