11 აგვისტო, 2015

ტიმოთესუბნის მონასტერი 800 წლისაა

1timotesubnis-monasteriტიმოთესუბნის მონასტერი 800 წლისაა. ამ თარიღს ბორჯომის მუნიციპალიტეტი ორდღიანი ღონისძიებებით აღნიშნავს. 12 და 13 აგვისტოს დაგეგმილია კონფერენციები, გამოფენები და გალაკონცერტები.

12 აგვისტოს კულტურისა და ხელოვნების ცენტრში მონასტრისადმი მიძღვნილი საიუბილეო კონფერენცია “დედა ეკლესია” საზეიმოდ გაიხსნება, რომელსაც გახსნის ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე. კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ფოიეში კი ომაზ ჩხეიძის ნახატების გამოფენა გაიმართება. დამთვალიერებლისთვის ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება მისი 20 ნამუშევარი. ამდენივე ფოტო გამოიფინება ფოტოგამოფენაზე ,,ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია“. მოეწყობა ბავშვების ნამუშევრების გამოფენაც – ნახატი, ჭედურობა, ხეზე კვეთა, მინანქარი, გობელენი, თექა, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები და დაჯილდოვდებიან საუკეთესო ნამუშევრების ავტორები.

13 აგვისტოს ტიმოთესუბნის მონასტერში სადღესასწაულო ლიტურღია აღევლინება. მისი დასრულების შემდეგ კი დაიწყება სახალხო ზეიმი ღია ცის ქვეშ. ბორჯომიდან მონასტრის ეზოში გადაინაცვლებს ფოტოგამოფენა ,,ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქია“ 50 ფოტოთი. მონასტრის ტერიტორიაზე განლაგდება ფანჩატურები სტუმრებისთვის. მოეწყობა ხელნაკეთი ნივთების და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა–გაყიდვა. გაიმართება ქართული ჭიდაობა, ხრიდოლი, ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივების კონცერტი.

ტიმოთესუბნის მონასტრის 800 წლის საიუბილეო ღონისძიებებს გალა კონცერტი დაასრულებს.