4 აგვისტო, 2015

თენგიზ არჩვაძე: ,,ბევრ რამეზე მწყდება გული!’’

1tengiz-archvadzeთენგიზ არჩვაძეს თეატრსა და კინოში 100-ზე მეტი როლი აქვს შესრულებული. მისი პერსონაჟები ქართველი მაყურებლისთვის განსაკუთრებულად ახლობელი და საყვარელია. მსახიობი ყოველთვის უდიდესი პასუხისმგებლობით უდგებოდა თავის გმირებს. მაყურებელს მის მიერ განსახიერებული უარყოფითი გმირებიც უყვარდა.

”არტინფო” თენგიზ არჩვაძის განვლილ გზას და მნიშვნელოვან ეპიზოდებს გაგაცნობთ.

***

“საქართველოს ულამაზესი კუთხიდან, რაჭიდან გახლავართ, დაბადებით კი თბილისში დავიბადე, მამაჩემიც და ბაბუაჩემიც თბილისში ცხოვრობდნენ. ბაბუა, დავით არჩვაძე 1907 წლის 15 სექტემბერს მოკლეს, სიცოცხლე იმათ მოუსწრაფეს, ვინც იმავე წლის 30 აგვისტოს ილია მოკლა. სრულიად ახალგზარდა ბებია მარტო დარჩა ხუთ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მამა, გრიგოლ დავითის ძე არჩვაძე, უფროსი იყო მათ შორის და ძალაუნებურად ოჯახის სიმძიმე მასაც დააწვა. ოჯახს სათავეში ის ჩაუდგა, და-ძმები გაზარდა, განათლება მიაღებინა. გაჭირვების მიუხედავად, წიგნის სიყვარული არ განელებია, უყვარდა ლიტერატურა, ახალგაზრდობაში ლექსებსაც წერდა. დედა კლაუდია ნიკოლოზის ასული სხირტლაძე დიასახლისი იყო. ძირითადად საოჯახო საქმით და ჩვენი აღზრდით იყო დაკავებული. ოჯახის არცერთ წევრს თეატრთან პროფესიული შეხება არ ჰქონია.”

***

“თბილისის ერთ-ერთ ძველ და კოლორიტულ უბანში, “ვორონცოვზე” ვცხოვრობდით, სადაც თითქმის ოცდაათი წელი გავატარე. ახლაც დიდი სიყვარულით მახსენდება ჩემი ძველი სახლი, პატარა იტალიური ეზო, ერთ ოჯახად მცხოვრები ქართველები, ებრაელები, სომხები ერთმანეთის ჭირისა და სიხარულის გამზიარებლები იყვნენ, ერთი სტუმარი ყველას სტუმრად ითვლებოდა. საოცარი სითბო და სიყვარული სუფევდა ჩვენს ეზოში. ბავშვობა უბედნიერესი ხანაა! მე გულჩათხრობილი ბავშვი გახლდით, მეოცნებე… ჩხუბი და დავიდარაბა არასოდეს მყვარებია. ჯერ მე-19 საშუალო სკოლაში, ხოლო შემდეგ ვაჟთა მე-20 სკოლაში ვსწავლობდი. მიყვარდა ჰუმანიტარული საგნები, გეოგრაფიაც მიყვარდა, აი, ტექნიკურ საგნებს კი ნაკლებად ვწყალობდი. ხატვა ჩემი სერიოზული გატაცება იყო. ვხატავდი ცარცით, ნახშირით, რაც მომხვდებოდა ხელთ, სადაც მომიწევდებოდა ყველგან და ყველაფერზე. ხატვის სიყვარული არასოდეს გამნელებია. ავიკიდებდი მოლბერტს და ვხატავდი წყნეთის, უძოს, კოჯრის პეიზაჟებს. ხატვა ახლაც მიყვარს, მაგრამ ერთხელ, სამწუხაროდ, ცუდ ხასიათზე მყოფმა, ყველა ჩემი ნახატი დავწვი ისევე, როგორვ გოგოლმა “მკვდარი სულების” შემდგომი ნაწილები. პიონერთა სასახლეშიც ხატვის წრეზე დავდიოდი. იქვე დრამწრეც იყო. მე და ჩემმა მეგობარმა გურამ მაცხონაშვილმა დრამწრეში შესვლა გადავწყვიტეთ. იქ ისეთი ბრწყინვალე პედაგოგები ასწავლიდნენ, როგორებიც იყვნენ ვახტანგ სულაქველიძე და ნოდარ ჩხეიძე. ისინი არამარტო მსახიობებად, არამედ ქართველებად და მეგობრებად გვზრდიდნენ. მოწიფულობაში ბატონი ვახტანგი და ნოდარი ჭეშმარიტ უფროს მეგობრებად მექცნენ. ჩემთან ერთად პიონერთა სასახლის დრამწრეში ფეხი აიდგეს ზინა კვერენჩხილაძემ და ოთარ მეღვინეთუხუცესმა, რამაზ ჩხიკვაძე და გურამ საღარაძე კი იქ დაგვხვდნენ.”

***

“ნორჩ მსახიობთა თეატრში ჩემი პირველი როლი “აჩაკუნე” იყო პიესაში “პატარა მეგობრები”. ზაფხულობით პედაგოგებს ჩვენი დრამწრის წევრები ქვიშხეთში, ბერიას ბანაკში მიჰყავდათ. ეს ერთი დიდი ოჯახი იყო. პიონერთა სასახლეს უკავშირდება ჩემი ბავშვობის საუკეთესო წლები. სწორედ დრამწრე იყო იმის მიზეზი, რომ მეცხრეკლასელი სკოლიდან ქუჩაში გამიძახეს. ჩემს გატაცებას არასერიოზულად უყურებდნენ და გაკვეთილებს რომ ვაცდენდი, გამოუსწორებელ ყალთაბანდად მთვლიდნენ. მერე, იცოცხლეთ, მსახიობის გზას რომ სერიოზულად გავყევი, ვინ იცის, რამდენი სპექტაკლის შემდეგ დამხვედრია თეატრის გამოსასვლელთან ჩემი სკოლის დირექტორი, თვალცრემლიანი და გახარებული. სხვათაშორის, ჯერ ინსტიტუტში მომცეს დიპლომი, სკოლის ატესტატი კი მხოლოდ ამის შემდეგ მიბოძეს. პიონერთა სასახლის დრამწრის წყალობით მხატვრობას მსახიობობა ვარჩიე და უგამოცდოდ ჩავირიცხე თეატრალურ ინსტიტუტში. პირველ კურსზე ქალბატონი ლილი იოსელიანი გვასწავლიდა, შემდეგ აკაკი ვასაძე და ბოლო კურსზე აკაკი ხორავა. აკაკი ხორავასთან ერთად სცენაზეც კი ვითამაშე ალექსანდრე სუმბათაშვილის ცნობილ პიესაში “ღალატი”. მეოთხე კურსის სტუდენტი ვიყავი, როცა მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ბატონმა ვასო ყუშიტაშვილმა და ამავე თეატრის დირექტორმა, ივანე გვინჩიძემ, თეატრში მიმიყვანეს. მაშინ ვახტანგ ტაბლიაშვილმა “ერეკლე მეფე” დადგა და მე რუსი დესპანი ოფიცრის როლი მათამაშეს. სცენაზე რუსულად ვლაპარაკობდი. ბედის დაცინვაც ეს იყო, ქართულ თეატრში სამსახიობო საქმიანობა რუსული ტექსტით დავიწყე.”

***

“კინოში პირველი როლი ეპიზოდური მქონდა. სიკო დოლიძემ გადაიღო ფილმი “ფატიმა”. მე თეთრი ჩოხა მეცვა, თავადი ბადალაევი ვიყავი. მთავარი როლი კი “კეთილ ადამიანებში” ვითამაშე. როლზე წინასწარი სასინჯი გადაღების გარეშე ამიყვანეს. არ გამჭირვებია, რადგან საკმაოდ დიდი სკოლა მქონდა გავლილი პიონერთა სასახლეში, შემდეგ კი თეატრალური ინსტიტუტის ოთხი-ხუთი წელი იყო. იყო პერიოდი, როცა ერთდროულად ოთხ-ხუთ ფილმზე ვმუშაობდი. შატილიდან მურმანსკში მიწევდა გადაბარგება, მურმანსკიდან გემით ფრანც იოსების მიწაზე, იქიდან კიევში, სადაც სერგო ფარაჯანოვი იღებდა ფილმს “კიევის ფრესკები”, რომელიც საბოლოო ჯამში ეკრანზე არ გამოუშვეს. მიხეილ თუმანიშვილის რეკომენდაციით, ბაში-აჩუკის როლის შესრულების ერთ-ერთი პრეტენდენტი ვიყავი, თუმცა არჩევანი ოთარ კობერიძეზე შეჩერდა და ეს სრულიად ლოგიკური იყო, რადგან მაშინ იგი, თავისი ასაკითა და ცხოვრებისეული გამოცდილებით, უფრო შეესაბამებოდა ბაში-აჩუკის როლს.”

***

“დღესდღეობით ჩვენი კინო თითქოს ჩაკვდა, ძალიან უჭირს, თეატრმა კი მაინც ბევრ რამეს გაუძლო. თეატრი ხელოვნების უძველესი დარგია და ეს ბევრს ნიშნავს. მასაც უჭირს, მაგრამ თავის გადარჩენას მაინც ახერხებს. მჯერა, რომ დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. პოპულიზმი, ნარცისიზმი – ეს უცხოური სიტყვებია, ქართულად ამას ამპარტავნება ესადაგება. სულხან-საბა ამბობს: “ამპარტავანი თავისი ნაქმარის მამწონებელი და უმსგავსო დიდების მოყვარე, გულმაღალი და სწავლის მოთაკილე.” დიახ, ამპარტავნობაა ის, რასაც მოსდევს სიყალბე და დილეტანტიზმი! რას მოვესწარი – მდაბიონი ამაღლდნენ, აღმეტებულნი დაეცნენ, უზრდელი გაძღა, ზრდილობიანი დაიმშა, უმეცარნი ხელმწიფობენ და ბრიყვნი თამადობენ. პოპულარობა გარდამავალია, სახელი კი ნაღდი. როცა აღარ ხარ და შენს “დაუხმარებლად” იზრდება შენი სახელი აი, ამას ვცემ პატივს და კიდევ პროფესიონალიზმს ვეპყრობი პატივით: კირითხუროს, დურგალს, მეწაღეს, მწერალს, მსახიობს… ნაღდის სახელის მაძიებელ ყველა კაი ყმას!”

***

“მსახიობისათვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ვინ არის მისი პარტნიორი. პარტნიორები თუ ერთმანეთს დიდ პატივს არ სცემენ, არაფერი გამოვა, ერთ საქმეს ვერ გააკეთებენ. მე ამ მხრივ ბედმა გამიღიმა! ჩემი პარტნიორები იყვნენ ვერიკო ანჯაფარიძე, აკაკი ხორავა, სესილია თაყაიშვილი, აკაკი ვასაძე, ვასო გოძიაშვილი, ალექსანდრე ომიაძე, აკაკი კვანტალიანი, სანდრო ჟორჟოლიანი, მედეა ჯაფარიძე, ლიანა ასათიანი, სოფიკო ჭიაურელი, ლია ელიავა… რომელი ერთი ჩამოვთვალო, ქართული თეატრისა და კინოს ნაღები. ეს პიროვნებები ჩვენი სცენისა და ეკრანის ისტორიას ქმნიდნენ და, თქვენ წარმოიდგინეთ, ახლაც ქმნიან. მსახიობმა თავისი გმირის ხასიათი კარგად უნდა შეისწავლოს, ბოლომდე უნდა ჩაწვდეს მას. მერე კი ეს გმირი ისე ახლობელი ხდება, რომ შეიძლება ვერც გაარჩიო, ეს “შენ” ხარ თუ “ის”. სპექტაკლში “ასის წლის წინათ”, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში თემურ ჩხეიძემ დადგა ილიას “მგზავრის წერილების” მიხედვით, ავტორს, მთხრობელს ვასახიერებდი. მთელი სპექტაკლი მე მიმყავდა. ამ როლზე მუშაობისას დიდი შრომის გაწევა მომიხდა, მას ჩემი სულიერი და ფიზიკური შესაძლებლობების მაქსიმუმი დავახარჯე. სანაცვლოდ კი რაღაც შუცნობი სიამაყე და სიხარული დამიტოვა ამ როლმა.”

***

“როლზე უარი ბევრი რამის გამო მითქვამს, მაგრამ ფინანსური ინტერესების გამო არასოდეს. უარს ვამბობდი იმ შემთხვევაში, როცა ნაწარმოები ან გმირი არ მომწონდა. უარყოფითი გმირიც კი გამოკვეთილი, სრულყოფილი უნდა იყოს და ესთეტური ჩარჩოებიდან მთლად ამოვარდნილი არ უნდა ჩანდეს. მძაგს დაბალი დონის ნაწარმოები, რომელთა ინსცენირება თუ ეკრანიზაცია მაყურებლის გემოვნებას აქვეითებს. არც თავხედობა მომწონს სცენიდან თუ ეკრანიდან, არადა, ახლა ამას რატომღაც დიდი მაზანდა აქვს. ბევრ რამეზე მწყდება გული. რის გაკეთებაც მსურდა, მისთვის რატომღაც არც დრო მყოფნიდა და არც პირობები. ხელოვნებაში ყველაზე მეტად საკუთარი პიროვნებაა გადამწყვეტი. ყველაფერს ობიექტურ მიზეზებს ვერ დააბრალებ. სუბიექტურმა ფაქტორებმა, საკუთარმა თავმა უფრო მეტად შემიშალა ხელი. რას იზამ?! ასეთი ყოფილა ცხოვრება!”