23 აგვისტო, 2015

,,სიმინდის კუნძული” იტალიის კინოთეატრებშია

1simindis-kundzuliiiiiსაქართველოს მიერ “ოსკარზე” წარდგენილი გიორგი ოვაშვილის გახმაურებული ფილმი “სიმინდის კუნძული” მსოფლიო კინოფესტივალებზე მოგზაურობის შემდეგ, ევროპის ქვეყნების კინოთეატრებშია. ქართული ფილმი ამჯერად იტალიის კინოთეატრებში იქნება ნაჩვენები.

“სიმინდის კუნძული” ხელოვნურად შექმნილ კუნძულზეა გადაღებული, რომელიც ტყიბულის წყალსაცავზე აშენდა. ფილმში მოქმედება მდინარე ენგურზე, გაზაფხულის წვიმების შედეგად წარმოქმნილ პატარა კუნძულზე ვითარდება, სადაც გლეხები გაზაფხულის წყალდიდობის შემდეგ წარმოქმნილ კუნძულებზე სიმინდის მოსაყვანად ნოყიერი ნიადაგის მოძებნას ცდილობენ.

ქართულ-აფხაზური კონფლიქტის საზღვარზე, მდინარე ენგურის მიერ შექმნილ პატარა კუნძულზე მოხუცი აფხაზი სახლდება თავის მოზარდ შვილიშვილთან ერთად, ფიცრულ ქოხს აშენებს და სიმინდს თესავს.

სცენარი ფილმისათვის სამი წლის განმავლობაში იქმნებოდა. „სიმინდის კუნძული“ ფსიქოლოგიური დრამაა და მისმა ბიუჯეტმა 1,5 მილიონი ევრო შეადგინა. ფილმი 6 ქვეყნის საქართველოს, გერმანიის, საფრანგეთის, ჩეხეთის, ყაზახეთისა და უნგრეთის ერთობლივი პროდუქცია და 30-მდე საერთაშორისო პრიზის, მათ შორის კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი პრიზის – ბროლის გლობუსის მფლობელია.