25 აგვისტო, 2015

სამხატვრო აკადემიის ცენტრალური შენობა იცლება

1samxatvro-akademiaთბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ცენტრალური შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, იცლება. უნიკალური შენობა უმძიმეს მდგომარეობაშია. ინფორმაცია ამის შესახებ სამხატვრო აკადემიის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება:

“რამდენიმე თვის წინ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აკადემიას ესტუმრა, დაათვალიერა გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე ისტორიული შენობა, რომელიც დიდი ხანია ავარიულ მდგომარეობაშია და სასწრაფოდ საჭიროებს რეაბილიტაციას. აკადემიის რექტორმა გია გუგუშვილმა მინისტრს თსსა პროფესორებისა და რესტავრაციის მაგისტრების მიერ შემუშავებული რეაბილიტაციის პროექტი გააცნო, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გულდასმით შესწავლის შემდეგ შეიქმნა. პროექტი ითვალისწინებს ისტორიული შენობის იერსახის მაქსიმალურად შენარჩუნებას, საძირკველის და კონსტრუქციების გამაგრებას და მდიდრულად შემკული ინტერიერების რესტავრაცია-კონსერვაციას. ამავე დროს, გათვალისწინებულია სასწავლო და შემოქმედებითი პროცესისთვის, სასწავლო რესურსებისა და სამუზეუმო ფონდებისთვის აუცილებელი სათავსების შექმნა.

მინისტრი დაგვპირდა რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხების გამოყოფას და შეასრულა კიდეც ეს დანაპირები. იმისთვის, რომ მომავალი სასწავლო წლიდან გამართულად წარიმართოს სასწავლო პროცესი და აკადემიის ისტორიული შენობა მთლიანად დაიცალოს და მომზადდეს რეაბილიტაციისათვის, სამინისტრომ თავდაპირველად გამოყო თანხები ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე აკადემიის კუთვნილი შენობის გასარემონტებლად. ეს სამუშაოები ამჟამად დასასრულს უახლოვდება. თანდათან იცლება მთავარი შენობაც და გამოცხადდა სარეაბილიტაციო სამუშაოების ტენდერი. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ეტაპობრივად გამოყოფს თანხებს ამ დიდი მასშტაბის პროექტის გასახორციელებლად. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კულტურული მემკვიდრეობის ეს უნიკალური ძეგლი განადგურებას გადაურჩება და სარეაბილიტაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების შემდეგ მნიშვნელოვან როლს შეასრულებს არა მხოლოდ სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის, არამედ მთელი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში.”