4 აგვისტო, 2015

საბავშვო ევროვიზიაზე კვარტეტი წარგვადგენს

1sabavshvo-evrovizia2015 წლის საბავშვო ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოს კვარტეტი წარადგენს. საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კონკურსში მონაწილე მსურველთა შორის საუკეთესოები შეარჩია და მათგან კვარტეტი დააკომპლექტა.

ელენე კეჯრიშვილი, ლიზი თავბერიძე, თაკო გაგნიძე და დათა პავლიაშვილი საბავშვო ევროფესტივალზე საქართველოს წარმომადგენლები იქნებიან.

საბავშვო ევროვიზიის საკონკურსო სიმღერის პრემიერა სექტემბერში საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში გაიმართება. მანამდე კი საზოგადოებრივი მაუწყებელი პატარა მომღერლების შესახებ ინფორმაციას საჯაროდ აქვეყნებს.

ელენე კეჯრიშვილი

დაიბადა 2004 წლის 6 ნოემბერს თბილისში.
სწავლობს „ნიუტონის თავისუფალ სკოლაში“, მე-6 კლასში.
მღერის 3 წლიდან, უყვარს ცურვა, ცეკვა ჰიპ-ჰოპი.
2010 წლიდან დადის „ბზიკებისტუდიოში”.
2012 წლიდან არის საქველმოქმედო ორგანიზაცია „დეოდორას” წევრი. აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა საქველმოქმედო ღონისძიებებში, მოხუცთა თავშესაფრების და ბავშვთა სახლების ხშირი სტუმარია.
2013-2014 წლებში მონაწილეობდა „მერაბ ბერძენიშვილის კულტურის საერთაშორისო ცენტრში“ სხვადასხვა კონცერტებში.
2015 წლის 21 ივნისს მონაწილეობა მიიღო „ნიჭიერ ახალგაზრდა შემსრულებელთა“ საქველმოქმედო კონცერტში, რომლიდან შემოსული თანხა გადაირიცხა 2015 წლის 13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიით დაზარალებულთა ფონდში. ასევე, მოინახულა სტიქიით დაზარალებული ბავშვები და მათ თავისი ტანსაცმელი და სათამაშოები უწილადა.
მისი ოცნებაა, როცა გაიზრდება, ჰქონდეს საკუთარი საქველმოქმედო ფონდი.

ლიზი თავბერიძე

დაიბადა 2003 წლის 17 ივლისს თბილისში.
სწავლობს თბილისის 47-ე საჯარო სკოლაში, მე-7 კლასში.
6 წლიდან სწავლობს „ბზიკებისტუდიოში”.
2012 წელს პირველი ადგილი დაიკავა იტალიაში მუსიკალურ ფესტივალზე „ტრიკოლე“.
ჰობი: სიმღერა, ცეკვა, ხატვა, ფეხბურთი, სკეიტბორდზე სრიალი.
ოცნებობს გახდეს მომღერალი და მოდელი.

თაკო გაგნიძე

დაიბადა 2004 წლის 10 ივლისს თბილისში.
სწავლობს სკოლა „სადუნიში”, მე-6 კლასში.
6 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო სამოდელო კონკურსში, გაიმარჯვა და გახდა იმ წლის „პრინცესა“.
2013 წლიდან სწავლობს „ბზიკებისტუდიოში”.
2014 წლიდან ეუფლება ეროვნულ ცეკვას ანსამბლ „ერულაში”.
ჰობი: სიმღერა, ცეკვა, ხატვა.
უყვარს ცურვა და ფეხბურთის თამაში.

დათა პავლიაშვილი

დაიბადა 2004 წლის 10 ივლისს თბილისში.
სწავლობს თბილისის საერთაშორისო სკოლა „ახალ სკოლაში”.
2014 წლიდან სწავლობს „ბზიკებისტუდიოში”.
ჰობი – სიმღერა.
უყვარს ცურვა და ფეხბურთის თამაში.