13 აგვისტო, 2015

რას ითხოვს მარიკა კვალიაშვილი?

1marika-kvaliashviliკომპოზიტორი მარიკა კვალიაშვილი საყოველთაოდ ცნობილი ქალბატონის, სახალხო არტისტის მარო თარხნიშვილის შვილიშვილია. მისი ბებია იყო პირველი ლოტბარი ქალი, ამიტომათ მათ ოჯახში სიმღერა სულ ისმოდა. ალბათ ამანაც განაპირობა ის, რომ მარიკა კვალიაშვილმა ქართულ კულტურას არაერთი უნიკალური ნაწარმოები აჩუქა.

“არტინფო” ამჯერად არა მარიკა კვალიაშვილის შემოქმედებაზე, არამედ მისი ცხოვრების მთავარ მომენტებზე გიამბობთ.

***

მარიამი მყავდა ორივე ბებია და მათ საპატივცემულოდ დამარქვეს ეს სახელი. ჩვენი ოჯახი ყველა ტრადიციას იცავდა, ყველა საეკლესიო დღეს ზეიმობდა, ეკლესიაში დავდიოდით, აღდგომის დღესასწაულიდან დაბრუნებულები ანთებული სანთლებით ქუჩაშიც კი ვგალობდით “ქრისტე აღდგა მკვდრეთით”, ლიტანიობას არასოდეს გაგვაცდენინებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბებიაჩემი იმ დროისთვის საყოველთაოდ ცნობილი ქალბატონი იყო, სახალხო არტისტი მარო თარხნიშვილი, რომელიც დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. ბებია იყო პირველი ლოტბარი ქალი, არაჩვეულებრივი სიმღერის უნარით დაჯილდოებული, გამორჩეული ხმის ტემბრი ჰქონდა, რომელსაც კონტრალტოს ეძახიან. ბებიას დიდი ხის კარადა ჰქონდა, სადაც დაბრძანებული იყო თავისი ხატები, რომლებსაც ყოველთვის ცოცხლად მიიჩნევდა. ყველა ხატი ძვირფასია, მაგრამ ისინი უძველესი იყო, რომლებიც ჩემს ძმას, ეკა კვალიაშვილის მამას, გადაეცა ბებიას გარდაცვალების შემდეგ და ახლაც იმ ოჯახში ინახება. ის ხატები ბებიას ოჯახიდან იყო წამოსული, რომლებიც ბევრ რამეს აგონებდა მას. ყოველთვის სასთუმალთან ჰქონდა შენახული ტუმბოს უჯრაში. ბებია ამბობდა, ღამე ხატები მეძახდნენ უჯრიდან, მარო, მაროო. წამოვხტი და უჯრა გამოვაღე, ისინი მეძახდნენ, ბავშვისთვის მიმეხედა, იმიტომ, რომ ჩამეძინაო. ბებიას 11 თვის შვილი გარდაეცვალა, სწორედ მაშინ აფხიზლებდა, როდესაც ბავშვი ცუდად იყო. ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როცა რელიგიაზე ასე თამამად საუბარი არ იყო მიზანშეწონილი, ჩვენს ოჯახში ყოველთვის იშლებოდა სააღდგომო სუფრა და ჩვენ ხმამაღლა ერთმანეთს ვულოცავდით, “ქრისტე აღდგა” და ვმღეროდით. ახალ წელს ბებია დილაუთენია დიდი ხონჩით შემოვიდოდა სახლში და ასე ილოცებოდა: “შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი კვალი ანგელოზისა”. სასულიერო პირები გვარში არ გვყოლია, მაგრამ საგვარეულო სალოცავი ბებიას თარხან-მოურავების შტოდან ჰქონდა. კავთისხევში და ახალქალაქში ჰქონდათ ეკლესია, სადაც ბებიაჩემი თავისი სამი შვილით მოინათლნენ და საბუთი ჰქონდათ ნათლობის, რომელიც მათთვის პირადობის მოწმობა იყო. სანამ ბებია გარდაიცვლებოდა, თავის ხატებთან შაბათ-კვირას სანთლებს ანთებდა და ერთად ვლოცულობდით დიდი და პატარა. ბებია ჩუმად ლოცულობდა, ვერ ვაცნობიერებდი, რომელ ლოცვას ამბობდა. სანამ გარდაიცვლებოდა, ჩუმად დაუწერია წერილი, სადაც გვამშვიდებდა, დადგა ჩემი აღსასრულის დღე, არ დაიბნეთ, ნუ დაკარგავთ წონასწორობას, ყველას თავისი დრო მოსდის, ყველაფერს გონება დააყოლეთ, ღმერთი მიხმობს და მასთან მივდივარ, ჩემი ხატები კი თავით დამისვენეთო. ბებიას ეს სურვილი შევუსრულეთ.

***

შუქი რომ ქრებოდა, პირველ ეტაპზე მოუმზადებლები შევხვდით, არც სანთელი გვქონდა, არც ნავთი. შვილიშვილები პატარები გვყავდნენ, ჩემს შვილს და რძალს ვუთხარი, ბავშვებს მიხედეთ, არაფერი იტკინონ. სადღაც მეგულება სანთელი, მაგრამ ვერ ვიგონებ, სად ვნახე-მეთქი. ამ სიტყვის თქმა იყო, საიდანღაც ჩამოვარდა რაღაც და გორაობით მოვიდა ჩემს ფეხებთან. დავიხარე და ავიღე სანთელი, რომელიც მანამდე არ ჩამოვარდნილა და ახლაც არ ვიცი, საიდან ჩამოვარდა.

***

ჩემი შემოქმედებითი საღამო ჩატარდა 2003 წელს. ტელევიზიაში ვიყავი, რომ გადაღებული მასალა დაგვემუშავებინა. მთელი მასალა იყო ბეტაკამის ორ კამერაზე. პირველი ნაწილი დავამონტაჟეთ და გადავხედეთ მეორე დღის სამუშაო მასალას, ყველაფერი ადგილზე იყო. რეჟისორი გახლდათ თამაზ გუტკოვი. მეორე დღეს ტელევიზიაში რომ მივედი, ჩართო კამერა რეჟისორმა და გამოსახულება არ იყო. შეიყარა მთელი ტელევიზია. სხვა რამეს ჩადებდნენ, იყო გამოსახულება. ტექნიკური პერსონალიც ჩაერთო, ყველა ფეხზე დადგა, ალბათ წაგეშალაო, ამტკიცებდნენ სხვები. დავრჩი ოთახში ამ გადმოხსნილ აპარატურასთან მარტო, გაზაფხულის ღრუბლიანი დღე იყო და ცრიდა. დავდექი აპარატურის წინ და დავიწყე ლოცვა, ღმერთო ძლიერო, მარიამ ღვთისმშობელო, წმიდაო ნიკოლოზ, წმიდაო გიორგი, გევედრებით და გემუდარებით, დამეხმარეთ და შემეწიეთ, თქვენ ხომ ეს შეგიძლიათ-მეთქი. უცებ ამ ღრუბლიან დღეს, უკვე შებინდებულზე, გადმოხსნილ აპარატურას საიდანღაც დაეცა მზის სხივი. გულმა მიგრძნო, რომ რაღაც მოხდა და ამ დროს ბიჭებმაც იყვირეს, არის, არისო. რეჟისორი ჩახუტებული მასალით მორბოდა და მიყვიროდა, ქალბატონო მარიკა, არისო. ვიცი-მეთქი, ისე დამაჯერებლად ვუთხარი, გაუკვირდათ, საიდან იცითო. მერე მოვუყევი, რომ ვილოცე და მუხლი მომიყარეს. ვუთხარი, მე კი არა, იმათ მოუყარეთ მუხლი-მეთქი. ეს წუთები ისე იყო დაკავშირებული ერთმანეთთან, რომ ამის არდაჯერება შეუძლებელია.

***

ერთხელ სვანეთში ფეხით მივდიოდით ჩრდილო კავკასიიდან, დაგეგმილი გვქონდა ტურისტული ზაფხული. ჩემი ოჯახი მოსკოველ სტუმრებთან ერთად გადადიოდა უღელტეხილზე. საშინლად ამტკივდა კბილი. არც წამალი მიყუჩებდა, არც არაფერი. შალფეი ძალიან მშველოდა ამ დროს. მივდიოდით უღრან ტყეში, მთელი გზა მოვთქვამდი, ღმერთო, შალფეი მომცა, მაშინვე გამიყუჩდებოდა ტკივილი-მეთქი. უცბად ამ ტყეში ძველი დანგრეული ბაზა დავინახეთ. ამ შენობის წინ იჯდა მოხუცი კაცი და რაღაც გადარჩენილ ნაწილში ცხოვრობდა. იმ კაცმა შიგნით შეგვიპატიჟა, თან ცეცხლი ჰქონდა ანთებული ღუმელში. გავიხედე გვერდზე, სადაც ყოფილი დერეფანი იყო და 30 მეტრის სიშორეზე დავინახე თარო. შევამჩნიე, რომ ზედ რაღაც ყუთი იდო. უკვე ვიცოდი: რაც მინდოდა, ის იყო. ჩემს მეუღლეს ვუთხარი, ნახე, თუ იმ ყუთში შალფეი არ იყოს-მეთქი. მან მითხრა, უკვე ჰალუცინაციები დაგეწყო ტკივილისგანო. გადავიდა ამ თხრილზე, მიაღწია იქამდე და იმ თაროზე მართლა შალფეი იდო.

***

კლინიკური სიკვდილიც მქონდა. იცით, ეს რა შეგრძნებაა? თითქოს რაღაცამ უზომოდ მომიჭირა, თითქოს სადღაც უნდა გავსულიყავი და გავედი. მოვხვდი ულამაზეს ადგილას, ჩიტების ჭიკჭიკი მესმოდა, აბიბინებული და ამწვანებული, ულამაზესი სამყარო იყო. მარტო ვიყავი, მაგრამ შიში არ მქონდა, ძალიან ბედნიერი ვიყავი, თან ბილიკს მივყვებოდი და შორიდან მესმოდა გალობა და ზარების რეკვა. მივადექი დიდ თეთრ ტაძარს, რომელსაც თეთრი გალავანი ჰქონდა. კარი გამჭვირვალე ჰქონდა და ვხედავდი, შიგნით რა ხდებოდა. ყველა დროისა და ასაკის ადამიანი ერთად იყო და ბედნიერები იყვნენ, დიდი დღესასწაული ჰქონდათ. ვაბრახუნებდი კარზე გარედან, მინდოდა შიგნით შესვლა, მაგრამ კარი არ გამიღეს. ამასობაში გამომიყვანეს მდგომარეობიდან, რომ გავახილე თვალი, ჩემი ახლობლები შემოსეული იყვნენ, ყველა ტიროდა, ყურებს მაგლეჯდა, უნდოდათ ჩემი გამოფხიზლება. პირველი, რაც ვთქვი, გეხვეწებით, ისევ იქ გამიშვით-მეთქი. გამოფხიზლება ვერ მოვასწარი, რომ კვლავ აღმოვჩნდი ისევ იმ თეთრი ტაძრის წინ, კვლავ ვითხოვდი შეშვებას, მაგრამ არც მაშინ შემიშვეს.

***

თუ ადამიანი თვალხილულია, ყველაფერს ადვილად მიხვდება. ძალიან ბევრი რამ წავიკითხე ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ. შეიძლება იმდენი არც ვიცოდი, რასაც ახლა ვლაპარაკობ, არ ვაქცევდი ალბათ ყურადღებას. უფლება არ გვაქვს, ვერ დავინახოთ, რომ ეს სამყარო ღმერთმა დაგვახვედრა და ამ მზა-მზარეულ ქვეყანას ისე ვიყენებთ, როგორც ჩვენს შექმნილს. სამყაროს თუ კარგად გადავხედავთ, დავინახავთ, რომ მოსულები ვართ სტუმრად, რომ სწორად ვიცხოვროთ. მთავარი სიყვარულია და გთხოვთ, ყველამ სიყვარულით ვიარსებოთ. არანაირი ძვირფასეულობა და სამკაულები არ მაქვს. ვატარებ მხოლოდ ქორწინების ბეჭედს, უფალო შემიწყალეს ბეჭედს და ბეჭედს, რომელიც ჩემმა შვილიშვილმა მაჩუქა. მან სკოლაში საუზმისთვის განკუთვნილი თანხა დაზოგა და უბრალო რკინის ბეჭედი ასე მიყიდა. ამაზე ძვირფასი არაფერი გამაჩნია. ასეთია ჩემი ცხოვრების არჩევანი. იმედი ღვთისა კი არასოდეს დამიკარგავს.