2 აგვისტო, 2015

პატრიარქის ანგელოზის დღისადმი მიძღვნილი გამოფენა სამებაში გაიმართება

1ilia-meore2 აგვისტოს ილიაობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში, საქართველოს საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების ორგანიზებით, გაიმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ანგელოზის (წმ. ილია წინასწარმეტყველისა და წმ. ილია მართლის) დღისადმი მიძღვნილი გამოფენა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 2013 წელს ხალხური რეწვის ოსტატთა მიერ შესრულებული ქართველი მეფეების ვახტანგ VI-ისა და თეიმურაზ II- ის სამეფო სრული შესამოსელი და მეფეთა სარკოფაგების საფარებლები. ასევე ყოვლადწმიდა სამების ტრაპეზის გადასაფარებელი, ოქრომკედით ნაქარგობა, ქართული აბრეშუმის ბალიშები და თეთრეული, ხევსურული ნაქარგობა, საერო და საეკლესიო დანიშნულების ნივთები, სხვადასხვა შესამოსელი და აქსესუარები, ქართული თექა და ბატიკა, ხელნაკეთი თოჯინები, ხატები, თანამედროვე ოსტატების მიერ შესრულებული ხეზე ჭრისა და ქვაზე კვეთის ნიმუშები.

გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ წმიდა სამების საკათედრო ტაძართან არსებული სამრევლო სკოლა, თბილისის სახელოსნოები, ეპარქიებში გახსნილი ხელსაქმის სკოლები და სხვადასხვა ავტორები რეგიონებიდან.

გამოფენაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია.