5 აგვისტო, 2015

ოთარ შამათავა ახალ ფილმს იღებს

1otar-shamatavaკინორეჟისორი ოთარ შამათავა ახალ ფილმზე მუშაობს. ეროვნული კინოცენტრი გადასაღები მოედნის ფოტოებს ავრცელებს და ფილმის პრემიერასაც უახლოეს პერიოდში აანონსებს.

ოთარ შამათავას ახალი ნამუშევარი მხატვრული ფილმია და მას “ურსუსი” ეწოდება. „ურსუსი“ ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. ფილმი 4 ქვეყნის საქართველოს, გერმანიის, უკრაინის და ბულგარეთის კოპროდუქციაა. სურათი სამონტაჟო პერიოდშია და მას მაყურებელი მალე იხილავს.

ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ქართველი მსახიობი ნიკა თავაძე, უკრაინის სახალხო არტისტი ბოგდან ბენიუკი და ფრანგი მსახიობი, მომღერალი და ფოტომოდელი ჟოზეფინა დე ლა ბაუმი. კინოგადაღებები დაიგეგმა საქართველოში თბილისსა და ბათუმში, უკრაინაში კიევისა და კარპატებში, ბულგარეთში სოფიაში და გერმანიაში ბერლინში.

ფილმი 30 წლის კინორეჟისორის, ნიკას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ბერლინალეს კინოფესტივალზე „ოქროს დათვის“ მოპოვებაზე ოცნებობს. სამოქალაქო ომის დროს იგი ყველაფერს კარგავს. ნიკას დაჭრიან, მისი ფილმი დაიწვება, ცოლი კი მიატოვებს და სხვასთან წავა.

დეპრესიის დროს კინორეჟისორი ყოფილ კასკადიორს, ფომას გაიცნობს, რომელიც მოხუცებულ, დაავადებულ დათვს უვლის. მალე ბერლინის ზოოპარკიდან მოწვევა მოდის. მეგობრები დათვთან ერთად გერმანიაში გამგზავრებას გადაწყვეტენ, მაგრამ ამ დროს ცხოველს მთვრალი ჯარისკაცის ტყვია იმსხვერპლებს და ნიკა გადაწყვეტს თავად მოირგოს დათვის როლი.

კინორეჟისორი სპეციალურად დამზადებულ კოსტიუმში გამოეწყობა და დათვად გარდასახული ფურგონში იკავებს ადგილს, რომელიც საქართველო-თურქეთის საზღვარს კვეთს. ბერლინამდე შორი გზაა, წინ კი მეგობრებს ახალი ნაცნობები და საინტერესო თავგადასავლები ელით.