25 აგვისტო, 2015

მუსიკისა და დრამის თეატრი ბუქარესტში მიემგზავრება

1dramis-teatriვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრი ბუქარესტის “NETA” საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე მიემგზავრება. თეატრის დასი წარმოადგენს დავით დოიაშვილის სპექტაკლს “ზაფხულის ღამის სიზმარი”.

უილიამ შექსპირის (შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი დავით დოიაშვილმა ორმოქმედებიან სპექტაკლად განახორციელა. პიესა ვახტანგ ჭელიძემ თარგმნა, ადაპტირებული ტექსტის ავტორი მანანა ანთაძეა, რეჟისურა და სცენოგრაფია დავით დოიაშვილს ეკუთვნის, კოსტუმების მხატვარი ანანო მოსიძეა, ქორეოგრაფი კი კოტე ფურცელაძე.

სპექტაკლში მონაწილეობენ კახა კინწურაშვილი, ბუბა გოგორიშვილი, არჩილ სოლოღაშვილი, დავით ბეშიტაიშვილი, ანა წერეთელი, ანა ალექსიშვილი, ლევან კახელი, გიგი ქარსელაძე, ტატო ჩახუნაშვილი, ნანა ბუთხუზი, ალეკო ბეგალიშვილი, ნატა ბერეჟიანი, გიორგი ტორიაშვილი და გიორგი ბახუტაშვილი.

“(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი“ მიიჩნევა უილიამ შექსპირის ყველაზე რომანტიულ და პოეტურ კომედიად, ეს არის ზღაპარი ადამიანურ ბედნიერებაზე. ეს პიესა უჩვეულოდ ხიბლავს ყველას რეალობისა და ფანტასტიკის, სერიოზულისა და სასაცილოს, ლირიკისა და იუმორის განუმეორებელი შერწყმით.

შექსპირმა „(შუა) ზაფხულის ღამის სიზმარი“ გაავსო გამოგონილი არსებებით და მოვლენები ისე წარმოადგინა, რომ მაყურებელს ისეთივე შეგრძნებები და შთაბეჭდილებები უჩნდება, როგორც ეს სიზმარში ხდება.

რეჟისორი დავით დოიაშვილი მაყურებელს სთავაზობს შექსპირის ამ გენიალური პიესის სრულიად ახლებურ ხედვას და გააზრებას.

რეალურ და გამოგონილ სამყაროში არსებობა, სიცოცხლის, როგორც დაუსრულებელ სიზმრად ქცევის შეგრძნება, კომედიურობაში დანახული ტრაგიზმი ან პირიქით, ტრაგიზმი კომიკური შეფერილობით – ეს ის ფერებია, რომელიც ამ დადგმას საინტერესოს ხდის.

მარადიული კითხვა: სად ცხოვრობს ადამიანი ? – სამყაროში, სადაც არსებობს თუ სამყაროში, რომელსაც სიზმარი ჰქვია.

სპექტაკლი თეატრალური პრემია ,,დურუჯის” მფლობელია. პრემია საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის დავით დოიაშვილს გადაეცა, საუკეთესო მსახიობი ქალისთვის ანა ალექსიშვილს, საუკეთესო მსახიობი მამაკაცისთვის კი არჩილ სოლოღაშვილს.

მუსიკისა და დრამის თეატრის გასტროლი ბუქარესტში 26-30 აგვისტოს გასტანს.