25 აგვისტო, 2015

მანანა გეგეჭკორი გარდაიცვალა

1manana-gegechkoriთეატრმცოდნე მანანა გეგეჭკორი გარდაიცვალა. ინფორმაციას ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა თეატრი ავრცელებს:

“ჩვენი თეატრი კიდევ ერთი შესანიშნავი ადამიანის გარეშე დარჩა – გარდაიცვალა თეატრის სალიტერატურო ნაწილის გამგე, შესანიშნავი თეატრმცოდნე და საოცრად გულისხმიერი პიროვნება, ქალბატონი მანანა გეგეჭკორი.

ძნელია შეეგუო იმ აზრს, რომ ის აღარ არის, მიუხედავად უმძიმესი დაავადებისა, მისი სიცოცხლისუნარიანობის ხარისხი იმდენად მაღალი იყო, არც გვინდოდა დაგვეშვა, რომ ეს უბედურება ასე გვიახლოვდებოდა.

საოცრად ნაყოფიერი წელიწადი იყო მანანასთვის. მან შექმნა ძმები გრიმების ზღაპრების მოტივებზე პიესა “პრინცესა, ბაყაყი, ჰენზელი და გრეტელი”, შემდეგ “ბაში-აჩუკის” ინსცენირება და ბოლოს “მაუგლის” ინსცენირება. “ბაში-აჩუკის” პრემიერის შემდეგ ვგეგმავდით თეატრში აღგვენიშნა მისი 60 წლისთავი, თუმცა არ დაგვცალდა.

მოზარდ მაყურებელთა თეატრმა დაკარგა დიდი პროფესიონალი, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული, ღირსეული მშობლების ღირსეული შვილი.”