2 აგვისტო, 2015

ლიანა ისაკაძე: ,,ორჯერ მოვკვდი!’’

1lianaმსოფლიოში ცნობილი ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე 3 წლიდან მუსიკოსია. მან თავისით ისწავლა დაკვრა როიალზე და ქმნიდა კომპოზიციებს. 3 წლის კომპოზიტორი საერთო გაოცებას იწვევდა. ვიოლინოზე დაკვრა კი 7 წლის ასაკში სრულიად შემთხვევით დაიწყო. 3 თვის შემდეგ, იგი მსმენელის წინაშე უკრავდა. 9 წლის მევიოლინეს აკომპანიმენტს სახელმწიფო ორკესტრი უწევდა, ხოლო 10 წლისა უკვე სოლო კონცერტით წარსდგა მსმენელის წინაშე და კონკურსგარეშეც მიიწვიეს საერთაშორისო ფესტივალ–კონკურსზე მოსკოვში, სადაც მან პროფესიონალ მუსიკოსთა საკონკურსო პროგრამა უნაკლოდ შეასრულა. 12 წლის ასაკში მას პირველი პრემია მიენიჭა ამიერკავკასიის მევიოლინეთა კონკურსზე. 14 წლის მუსიკოსი, როგორც გამონაკლისი მიიწვიეს მუსიკოსთა საკავშირო კონკურსზე, სადაც მონაწილეთა ასაკის ქვედა ზღვარი 17 წელი იყო. ამ კონკურსზე ლიანას მეორე პრემია მიენიჭა.

18 წლის მევიოლინემ მარგარიტა ლონგისა და ჟაკ ტიბოს მევიოლინეთა საერთაშორისო კონკურსზე პარიზში გრანპრი და პირველი პრემია მოიპოვა. მესამე პრემიით ჩაიკოვსკის სახელობის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი გახდა მოსკოვში და იმავე წელს, სიბელიუსის საერთაშორისო კონკურსზე ჰელსინკში, პირველი პრემია და სიბელიუსის კონცერტის საუკეთესო შესრულების სპეციალური პრიზი მიენიჭა.

ლიანა ისაკაძე შეყვანილია XX საუკუნის 2000 გამოჩენილ მუსიკოსთა ენციკლოპედიაში, რომელიც 2002 წელს კემბრიჯის ბიოგრაფიულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.

“არტინფო” მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინეს ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებს წარმოგიდგენთ.

***

“რომ დავიბადე, თურმე, დედაც კი არ ვთქვი, ვიმღერე და პირველად ჩემს ძმას შევხედე და გავუღიმე. ეს ნიჭი თანდაყოლილი მაქვს. სამი წლისამ ჩემით ვისწავლე როიალზე დაკვრა, თურმე, პატარ-პატარა კომპოზიციებს ვუკრავდი. ნოტებს ვერ ჩავწერდი, მაგრამ დედაჩემი მისმენდა და ჩუმად იწერდა. 20 წლის რომ გავხდი, გადმოიღო ეს ჩანაწერები და მაჩვენა. რადგან როიალზე ვუკრავდი, უნდოდათ, საფორტეპიანოზე შევეყვანე, მაგრამ სწორედ იმ დღეს ძალიან ავად გავხდი. ერთი წელი რომ არ დაგვეკარგა, ერთი კვირის შემდეგ ვიოლინოს გამოცდა იყო, იქ შემიყვანეს. არასდროს მინანია, იმდენად შემიყვარდა ვიოლინო. მაღალი სიცხეები რომ მქონდა, ვიწექი და ისე ვუკრავდი, ვმეცადინეობდი. მოსკოვში ყოფნისას, ვხატავდი. იქ მხატვრები მირჩევდნენ, ვიოლინოზე დაკვრისთვის თავი დამენებებინა და ხატვა დამეწყო. რაც კი მქონდა ნახატები, ყველა დაიკარგა, ვერსად მივაგენი. არ ვიცი, შეიძლება ვიღაცამ მოიპარა. ამის მერე წერა დავიწყე. როცა თავისუფალი დრო გამომიჩნდებოდა, დავჯდებოდი და დღიურის მსგავს, ჩანაწერებს ვაკეთებდი, ქრისტეზე, მუსიკაზე, ადამიანზე. მეორე დღეს რომ წავიკითხავდი, თვითონ მიკვირდა, ასე კარგად როგორ დავწერე-მეთქი. ეს ჩანაწერები ყოველთვის ცალ-ცალკე, პატარა ფურცლებზე მქონდა რუსულად. ჩემს მეუღლეს ეს ყველაფერი შეუნახავს, ქართულად გადათარგმნა და ერთ მშვენიერ დღეს წიგნად გამოსცა. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი, არასდროს მიფიქრია მის გამოცემაზე. ჩემმა მეუღლემ მითხრა – ეს ფილოსოფიური ლიტერატურის შედევრიაო და მაინც გამოაქვეყნა. 18 წლისამ ცხენზე ჯდომა ვისწავლე და გიჟივით დავაჭენებდი. მიმაჩნია, რომ ყველა მუსიკოსისთვის აუცილებელია ხელოვნება, ფერწერა, არქიტექტურა, მუსიკა.”

***

“მამაჩემი გენიოსი ადამიანი იყო, პროფესიით ფიზიკოსი, 17 საერთაშორისო გამოგონება ჰქონდა. მამა ძალიან კარგად მღეროდა. ჰამლეტ გონაშვილის ხმა ძალიან ჰგავდა მის ხმას. დედაჩემმა მთელი თავისი ცხოვრება მე შემომწირა. დედა გერმანულს ასწავლიდა ინსტიტუტში. მე რომ დაკვრა დავიწყე, უკვე ერთ წელიწადში ვიცოდით, რომ მევიოლინე გავხდებოდი, ჩემმა მშობლებმა სიტყვა კარიერის მნიშვნელობაც არ იცოდნენ, ჩვენს ოჯახში ეს სიტყვა არასდროს არ ხსენებულა. მე სულ სხვა ღირებულებებით მზრდიდნენ. ისინი მეუბნებოდნენ, შენი არც დაკვრა გვინდა, არც არაფერი, მთავარია, ჯანმრთელი იყოო.”

***

“მოსკოვში რომ გადავედი, მერე ვნახე, ახალგაზრდები რას აკეთებდნენ, როგორ იბრძოდნენ კარიერისთვის, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა ეს. მე პატარა ბავშვი ჩავედი და არაფერი ვიცოდი. ძალიან მიკვირდა, რომ ვუყურებდი, რაზე ზრუნავდა ხალხი. მე კი მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, კარგად დავუკრა, რომ ადამიანებს, დედაჩემს, მამაჩემს, ვასიამოვნო-მეთქი. ბრძოლის გარეშე დავიმკვიდრე თავი. ჩემთვის არავის არაფერი გაუკეთებია, თითიც არ გაუნძრევიათ. არც მენეჯერი მყოლია როდისმე. უბრალოდ, ხალხმა ამიტაცა თვითონ, მიდის და მოდის ხმა. ეს წარმატება ჩემთან თავისით მოვიდა.”

***

„სულ ვცდილობდი, გამემართლებინა ხალხის კეთილი განწყობა ჩემ მიმართ. ყოველი წარმატების შემდეგ ღმერთს მადლობას ვეუბნებოდი. ყველა ხელს მიწყობდა, რომ ჩემს პროფესიაში მაქსიმუმი გამეკეთებინა. ბუნებამ მიბოძა უნარი, ვხედავდე და მესმოდეს ის, რისი ხედვა და სმენა შეუძლებელია… როგორი სიამოვნებით მოვკვდებოდი, თუკი უფრო მაღალი და შეუზღუდავი მისწრაფებით დავბრუნდებოდი, რომ ამ სასტიკი და დაუნდობელი სიცოცხლის ზღუდეების გარღვევა შევძლო… როგორი უბედური ვარ ჩემს ადამიანურ სისულელეში, მაგრამ არ უნდა თანავუგრძნო საკუთარ თავს, არამედ უნდა გადავლახო ის… ადამიანი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ლაპარაკობს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის რამეს ამბობს. იმისთვის, რომ ჭეშმარიტებას მიუახლოვდე, უნდა დუმდე, არ უნდა ლაპარაკობდე. ღმერთი თავის სიდიადეში სდუმს და თავისი დუმილით ასწავლის… ფრთხილად შემოავლეთ ხელები სულს და გეჭიროთ მაღლა, რომ თქვენით აღტაცებულნი კი არ იყვნენ, სიყვარულით გამკობდნენ…”

***

„თავგადასავლების მოყვარული ვარ და ამიტომ სულ რაღაც თავგადასავლებში ვებმები. ჩვენ ბაბუაჩემის აშენებულ პატარა სახლში, დიდუბეში ვცხოვრობდით. 2 წლის ვყოფილვარ, საწოლზე ვხტუნაობდი, გადმოვვარდი და იატაკზე თავი დავარტყი. თავში ლურსმანი შემერჭო და მოვკვდი. მამაჩემმა უცებ ამიტაცა ხელში და გამაქანა აფთიაქში. მეორედ, დედა ეზოში მურაბას აკეთებდა. მინდოდა მენახა, რას აკეთებდა და ცხელი მურაბა ზედ გადმოვისხი. მეორედ მაშინ მოვკვდი. ალბათ ვინმეს ეგონება, რომ მოუსვენარი და ცელქი ვიყავი, არადა, ძალიან ჩუმი ბავშვი ვიყავი. ეს თვისება ბოლომდე გამომყვა. ხმამაღლა არაფერს გამოვხატავ. გული ჩქარა მიძგერს და მიხარია, რაც მუსიკაშიც ჩანს.”

***

“სულ დიეტაზე ვარ. მხოლოდ ორჯერ ვჭამ, იმიტომ რომ არ მინდა, გავსუქდე. ეს დაკვრაში კი არ შემიშლის ხელს, უბრალოდ როგორც კი ვსუქდები, ვგრძნობ, რომ მთელი ენერგია კუჭზე და საჭმლის მონელებაზე გადადის. ცხოვრებაში არ ვყოფილვარ სილამაზის სალონში. ერთხელ როგორც გავიკეთე თმა, დღემდე ისე მაქვს. არასდროს წამისვამს სახეზე კრემი. არც პედიკიურ-მანიკიური გამიკეთებია, რადგან დაკვრაში ფრჩხილები ხელს მიშლის, სამაგიეროდ, ძალიან მიყვარს ლამაზი კაბები.”