2 აგვისტო, 2015

ლეილა აბაშიძე – ვარსკვლავი მძიმე ცხოვრებით

1leila-abashidzeლეილა აბაშიძე ქართული კინოს გამორჩეული ვარსკვლავია. მისი პერსონაჟები დიდხანს რჩება მაყურებლის მეხსიერებაში და მსახიობთან არის გაიგივებული.

“ჭრიჭინა”, “ქაჯანა”, “აბეზარა”, “შეხვედრა წარსულთან”, “მაია წყნეთელი”, “ხევისბერი გოჩა”, “შეხვედრა მთაში”, “აკაკის აკვანი”, “დიდოსტატის მარჯვენა” – ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომელშიც მსახიობს მონაწილეობა აქვს მიღებული.

მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი პერიოდი მსახიობ გოჩა აბაშიძესთან არის დაკავშირებული. ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს მათ რომანი ჰქონდათ და გოჩამ თავი ლეილას გამო მოიკლა, რასაც უარყოფს მსახიობის მეუღლე კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია. ის ლეილა აბაშიძეს ყოფილი მეუღლის გარდაცვალებაში არ ადანაშაულებს:

“მე გოჩას სიკვდილში ვერ დავადანაშაულებ და არც დავადანაშაულებ ლეილა აბაშიძეს. მას ბრალი არ მიუძღვის. არსებობს მრავალი მიზეზი, რომელიც ამუქებდა გოჩას ცხოვრებას და საბოლოოდ ასეთი ნაბიჯი გადაადგმევინა. გოჩას მამა გარდაეცვალა, დედამისს სხვა ოჯახი ჰქონდა. გოჩამ თავისი “პობედა” გაყიდა, ვინც იყიდა, ფული გადაუხადა, მაგრამ ვერ გადაიფორმა, უკან დაუბრუნა და ფული მოსთხოვა. ფული ოჯახს უკვე დახარჯული ჰქონდა, მოვალე ყოველდღე აწუხებდა, დილიდან ურეკავდა, უკაკუნებდა, სადარბაზოსთან ელოდებოდა, სახლში ვერ შედიოდა და აივნიდან გადადიოდა. იმ დროს უკვე კინოსტუდიაში მუშაობდა, “თეთრ ქარავანში” უნდა ეთამაშა მთავარი როლი, სტუდიაში ავანსისთვის მივიდა, რომ ამ ავანსით მაინც გადაეხადა ვალის ნაწილი. მივიდა, ბატონ ელდარ შენგელაიას სთხოვა ავანსი, მან უთხრა, რომ მოხსნილი იყო როლიდან… ეს გზაც მოეჭრა ვალის გადახდის. ამასთანავე, მთელი წელი უხელფასოდ რჩებოდა, რადგან ფილმში არ იყო დაკავებული, გაცეცხლებული შევიდა დირექტორთან, კობახიძესთან, მდივანმა გაიგონა კობახიძის სიტყვები: შავგულიძე მოკვდა, თან არავინ გადაყოლია, შენ ვინ გადაგყვებაო. გამოვარდა გარეთ, ამ დროს მისაღებში ისხდნენ ლეილა აბაშიძე და დევი აბაშიძე. დევიმ სთხოვა, გაჰყევი ამ ბიჭს, თავს არაფერი აუტეხოსო. ლეილა აედევნა გოჩას. გოჩა ჩაჯდა მანქანაში და გავარდა, მას რომ სიკვდილი სდომოდა, მანქანითვე გადაიჩეხებოდა სადმე. ალბათ, ამით ვინმეს შეშინება უნდოდა, დალია საწამლავი და მიაკითხა ლეილამაც… გოჩა ხელებში ჩააკვდა და ეს რომ დაინახეს, ყველაფერი ლეილას დააბრალეს. ეს რომ ტყუილი იყო, მე თვითონაც გვიან გავიგე…”

“არტინფო” მსახიობის ცხოვრების საეტაპო ეპიზოდებს გაგახსენებთ.

***

“მამა, რომელიც რუსეთში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა 1937 წლის რეპრესიების მსხვერპლი გახდა და გადაასახლეს. დედა, იმისათვის რომ მეუღლესთან ახლოს ყოფილიყო და ენახა, მედმუშაკად წავიდა ციმბირში და თან წამიყვანა. მე და დედამ რეპრესირებული ოჯახის წევრი მხოლოდ ციხის გისოსებს მიღმა ვნახეთ, ახლოს მისვლა არ შეიძლებოდა, გვეკრძალებოდა და მხოლოდ შორიდან ვესალმებოდით ერთმანეთს. იყო გახლართული მავთულები, სადაც 220 ვოლტი დენი გადიოდა, ვერ მიეკარებოდი, იქვე დედამ ერთი ადგილი იცოდა, დადგებოდა და შორიდან შეუმჩნევლად დაუქნევდა ხელს მამას, ისიც ჩუმად მიესალმებოდა. მე პატარა ვიყავი, დავიმახსოვრე ის ადგილი, გავძვრებოდი-გამოვძვრებოდი ყოველდღე, მივიდოდი იქ, ხან სიგარეტს გადავუგდებდი მამას, ის გამომხედავდა ასე მადლიანი თვალებით და მხოლოდ ეს იყო ჩვენი შეხვედრები. მამამ, რომელიც ბუნებით ხელოვნების მოყვარული კაცი იყო, მოიფიქრა კონცერტი ტუსაღებისათვის. ციხეში პატიმრებისათვის გამართულ კონცერტზე გამოვდიოდი და მთელი შთაგონებით ვკითხულობდი ლექსს „Умер Ильич“ ლენინზე. ისე განვიცდიდი სიტუაციას, რაც ჩვენს გარშემო იყო, რომ მთელ განცდებს ვაქსოვდი ამ ლექსში, იქ ბევრი ქართველი იყო რა თქმა უნდა, რომლებიც თურმე მოუთმენლად ელოდნენ ჩემ გამოჩენას და ტაშით მხვდებოდნენ და იმ პერიოდში მე და მამას პორტრეტთან ერთად გაზეთ „Сибирская правда“-ში დაიბეჭდა სტატია სახელწოდებით „Oтец и дочь“, სადაც ეწერა: „Когда на сцене появляется маленькая Лейла, ее встречают аплодисментами, предчувствуя появление будущей большой актрисы“.ეს იყო პირველი რეცენზია, რომლითაც მე მაღიარა მაყურებელმა.

ძალიან დიდხანს არ ვიცოდით რა ბედი ეწია რეპრესირებულ მამას. მხოლოდ წლების შემდეგ მივიღეთ დახვრეტის ოქმი, დედას გამოუცხადეს, რომ მისი მეუღლე დახვრიტეს. ოქმში წერია დახვრეტის წინ რომ გაჰყავდათ მამა, ოჯახის წევრების ჩამონათვალია და მოხსენიებულია ახლადდაბადებული ვაჟი და არის ზედ მამას ბოლო ხელმოწერა სიკვდილის წინ. პატარა ვიყავი და დროებით ინტერნატში მიმაბარეს, ციმბირშივე გაჩნდა ჩემი მესამე ძმაც. იქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა და დედა იძულებული გახდა შვილებთან ერთად საქართველოში დაბრუნებულიყო.”

***

“პირველად ეკრანზე გამოვჩნდი ფილმში „ქაჯანა“, სადაც კატოს როლს ვასრულებდი და პარტნიორობას ვუწევდი ნატო ვაჩნაძეს. ვიყავი 8 წლის, ქართული არ ვიცოდი, რადგან დაწყებითი განათლება რუსეთში მქონდა მიღებული და ახალი ჩამოსული ვიყავი საქართველოში ციმბირიდან. ჩემი მამიდა სიხარულით მეუბნებოდა, რომ გაზეთში განცხადება ნახა – ფილმისათვის ჭირდებოდათ ცელქი, ანცი გოგონა და მაგ დროს მეც ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, ჩემთვის არც უკითხავთ თუ მსურდა გადაღება, მაგრამ აზრიც არ ჰქონდა, რადგან მე ფილმი ნანახი არ მქონდა, რა იყო კინო საერთოდ არ ვიცოდი. მიმიყვანეს სინჯებზე უშნოდ გაკრეჭილი, ჩაუცმელი, სასაცილო ბავშვი. შევედი ოთახში და როცა დავინახე ოციოდე გოგონა ერთმანეთზე უკეთესი კულულებით, ბაფთებით, ვიგრძენი, რომ ზედმეტი ვიყავი და სადღაც კედელთან გავჩერდი, ვიცოდი რომ არ გამოვდგებოდი ამ საქმეში. მოვიდა ასისტენტი და მითხრა: გოგონა თქვენ თავისუფალი ხართ, წაბრძანდითო. ძველ სტუდიაში ერთი რკინის რიკულებიანი კიბეა, იმას მოვაჯექი ბიჭურად და ბზრიალით დავეშვი ზემოდან, ვღიღინებ რაღაცას და დავეჯახე ვიღაც კაცს. მას გაუკვირდა და მკითხა:

– გოგონა საიდან მოდიხარო? მე ვუპასუხე ზემოდანთქო.

– იქ რა გინდოდაო? ვუთხარი, რომ კინოში გადაღება მინდოდა, მაგრამ არ მოვეწონე და წამოვედი.

– ძალიან გინდა კინოში თამაშიო? ვუპასუხე ძალიან, ძალიან-თქო და, ეტყობა, იმდენი სურვილი ჩავაყოლე ამ ორ სიტყვაში, რომ მას გაეცინა, მომკიდა ხელი, მითხრა, ჩემთან წამოდიო და თურმე ეს იყო თავად ფილმის დამდგმელი რეჟისორი კონსტანტინე პიპინაშვილი. შემეკითხა:

– და ან ძმა გყავსო? მე ვუთხარი, რომ ორი ძმა მყავდა,

– ძალიან ცუდი ამბავი უნდა გითხრა, შენი ძმა დამუნჯდაო,

– რომელი? – ვიკითხე მე, თურმე ისეთი ტრაგიკული ხმით,

– უფროსიო – მამიდამ უკარნახა და მე წავიშინე თავში ხელი, ვეღარ გამაჩერეს, ვტიროდი, ცრემლები ღაპა–ღუპით მომდიოდა, ბოლოს და ბოლოს დამაწყნარეს და თურმე ეს იყო სინჯები, ასე დამამტკიცეს როლზე“.

***

“როცა კინოთეატრ “რუსთაველის” წინ ჩემი ვარსკვლავი გახსნეს, იმ დღეს მეორედ დავიბადე. ადრე თუ გვიან აღარ ვიქნები ამ ქვეყანაზე და ეს ვარსკვლავი კი, სადაც ჩემი სახელი და გვარია ამოტვიფრული, მუდამ იარსებებს. თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ, ეს რამხელა პატივია ჩემთვის. მით უმეტეს, რომ ჩემი ვარსკვლავი დიდებული, გენიალური ქართველი მსახიობი ქალის, ნატო ვაჩნაძის, ვარსკვლავის გვერდით გაიხსნა. დიდი მადლობა უპირველს ყოვლისა, ქართველ ერს, ჩემს მაყურებელს, დიდი მადლობა ყველა იმ რეჟისორს, ვისაც ამ ვარსკვლავის გახსნაში წვლილი მიუძღვის, რადგან მათ ფილმებში მათამაშეს. მე ამას აღვიქვამ, როგორც უდიდეს ჯილდოს. ამ ბედნიერ დღეს ღმერთს ვთხოვ, რომ გენიალური ქართული კინო ისევ აღორძინდეს და უფრო მეტი ბრწყინვალებით წარდგეს მაყურებლის წინაშე. ჩემთვის ერთი ვარსკვლავი ცოტაა. მე მინდა საქართველო ვარსკვლავების ქვეყნად იქცეს.“