Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჯემალ ქარჩხაძე: ,,რუსთაველმა ცუდი სამსახური გაგვიწია’’

15 აგვისტო, 2015

1Jemal_qarchxadzeძნელია მოიძებნოს ქართველი მკითხველი, ვინც ჯემალ ქარჩხაძის შემოქმედებით არ მოხიბლულა. ქართველი მწერლის ნაწარმოებები კიდევ უფრო აფიქრებს მკითხველს იმ ცხოვრებისეულ ღირებულებებზე, რაც უმთავრესია ადამიანისთვის.

“არტინფო” კიდევ ერთხელ გაგახსენებთ ჯემალ ქარჩხაძეს და მის საუკეთესო გამონათქვამებს შემოგთავაზებთ.

***

რუსთაველმა ცუდი სამსახური გაგვიწია, რადგან ძალიან დიდი ტილო გამოდგა და ყველას გვყოფნის ხელის შესაწმენდად. მერე რა, რომ ჩვენ არ ვვარგივართ?! სამაგიეროდ რუსთაველია დიდი. მერე რა, რომ ჩვენ უნიჭოები ვართ?! სამაგიეროდ რუსთაველია გენიოსი. მერე რა, რომ ჩვენ ასე დავკნინდით და დავბეჩავდით?! სამაგიეროდ რუსთაველია ამაღლებული.

სიმართლე შეგიძლია გვემო, ხაროში ჩააგდო და ზემოდან მიწა გადააფარო. ან არადა, ლაქი წაუსვა, ვერცხლის წყალში ამოავლო, ლამაზ ქათქათა ტყუილში გაახვიო, მაგრამ მოკვლით ვერ მოკლავ. სუნთქვას ვერ შეუკრავ. სიმართლის სუნთქვა მაინც გესმის, ცდილობ ყური არ ათხოვო და მაინც გესმის, როგორც საათის წიკწიკი სამარისებულ სიჩუმეში.

რელიგიას ერთი დიდი ნაკლი აქვს: ზედმეტად დემოკრატიულია. ამის გამო რელიგიაში ხშირად რწმენას კი არა თავშესაფარს პოულობენ, სადაც თავიანთ დაუკმაყოფილებელ პატივმოყვარეობას, უწიგნურობის კომპლექსს და ინტელექტის სიღარიბეს მალავენ.

ღმერთის პრობლემა საჭოჭმანო პრობლემაა, მაგრამ თუ მაინცდამაინც საბუთზე მიდგება საქმე, მისი არსებობის მთავარი დამადასტურებული საბუთი ისაა, რომ ის ყოვლისშემძლე არაა.

სიცოცხლე იმად არა ღირს, მისი გულისთვის შიშს მონად გაუხდე.

იქნებ ჩვენ იმიტომ ვეწამებით, რომ სხვებს შვება მოვგვაროთ? იქნებ ადამიანის უმაღლესი დანიშნულება სწორედ ისაა, რომ მსხვერპლი იყოს?

სხეული ხელოვნური რამაა, სკაფანდრია, რომელიც სულს იმისთვის დასჭირდა, რომ დროსა და სივრცეს მორგებოდა და კონკრეტულ სამყაროში გამოვლენილიყო. სიცოცხლე და სიკვდილი სკაფანდრის არსებობის ფორმაა და არა სულის. სკაფანდრი გაცვდება და დაიშლება სული კიცქვიტად დაუბრუნდება თავის საწყისს, თავის წყაროს.

დიდება ქურქია. ქურქი გარედან გეხება და რამდენიც არ უნდა იწვალო, შენი სხეულის ნაწილად ვერ აქცევ.

ქართველობა ჩვენი ხმალია და ქრისტიანობა ჩვენი ფარი. ვისთვისაც ღმერთს ფარისა და ხმლის მეტი არა მიუცია რა ის მეომარია და ძალიანაც რომ ეგულმძიმებოდეს უნდა იომოს. ჩვენი მიწა-წყალი მცირეა და გამუდმებული დარაჯობა სჭირდება. პატარა ქვეყანა დიდი სატკივარია. ჩვენი ქვეყანა კი იმდენად პატარაა ხელები რომ გაშალო თავ-ბოლოს მიწვდები. ასეთ ქვეყანას სხეულივით უნდა გრძნობდე და როცა შენს მიწაზე უცხო მოძალადე დადის ისე უნდა გტკიოდეს თითქოს შენს სხეულს თელავდეს.

ვისაც უკეთესი ბედი აქვს ის დიდ და ღონიერ სახელმწიფოში იბადება და თუ მაინცდამაინც მოიწადინებს, შეუძლია ნადირადაც იქცეს -ამით ქვეყანას ბევრი არა დააკლდება რა. ჩვენში კი ყოველი კაცი სათვალავშია ჩაგდებული. ჩვენში ყოველმა კაცმა საქართველო თავის ზურგით უნდა ზიდოს.

როდესაც კაცის არსებაში დიდება და სახელი შემოდის, იქიდან რამე უნდა განიდევნოს, რომ ადგილი იპოვოს, პირველ რიგში, იუმორის გრძნობა იდევნება ხოლმე.

ზოგი მაღალია, ზოგი დაბალი, ზოგი ლამაზია, ზოგი უშნოა, ზოგი კეთილია, ზოგი ბოროტია, ზოგი ხელგაშლილია, ზოგი ხელმოჭერილია… რომან ადეიშვილი არანაირი არ იყო. არავითარი თვისება არ ჰქონდა, არავითარი ნიშანი, ზოგს ნიშანი და თვისება რომ არ აქვს სწორედ ეს არის ნიშანი და თვისება, მისთვის კი არც უნიშნობა და არც უთვისებობა იყო რაიმე ნიშანი და თვისება. იგი ისეთი ჯურის ხალხს მიეკუთვნებოდა, რომლებსაც ათასჯერ ნახავ და მეთერთმეტედ, ქუჩაში რომ შეგხვდება, მაინც ვერ იცნობ.

ჩვენ, ვინც პლასტილინისგან ვართ გამოძერწილი, ყოველ ნაბიჯზე ფეხით ვთელავთ ჩვენსავე სილამაზეს.

ხოლო მე გეტყვი: ნუ გაიკეთებ ნიღაბს. ნუ დაკარგავ ღვთით მონიჭებულ სახეს.

გარეგნულად არავის ეტყობა რამე, თორემ ზოგი რახანია მკვდარია… სინამდვილეში ტვინის მუშაობა არაფერ შუაშია. კაცის სიცოცხლე სიყვარულია და სიძულვილი. და როცა სიყვარულიც გაქრება და სიძულვილიც, რა გაცხოველებითაც არ უნდა მუშაობდეს ტვინი, კაცი უკვე მკვდარია.

მიზანი მაცდურია. სანამ მიაღწევთ, თქვენი გგონიათ. როცა მიაღწევთ, მაშინღა მიხვდებით, რომ სხვისი ყოფილა.

ჩვენ ილუზიურ სამყაროში ვცხოვრობთ. ილუზიურ სამყაროში ერთადერთი ჭეშმარიტება არის ოცნება. ჩვენ კი ოცნებას ცხვირსახოცად ვხმარობთ.

თეატრში იმის სანახავად მიდიხარ, რაც ცხოვრებაში გაკლია.

ჭეშმარტი მსახიობი, ის, ვისაც მოწოდებით მსახიოს ვეძახით, დეზერტირია, რომელიც საკუთარ თავს თვალს ვერ უსწორებს და ამიტომაც ნიღბების ქვეყანაში გადადის საცხოვრებლად.

უნდა დავიტანჯოთ ისახარ, ძალიან უნდა დავიტანჯოთ. ბედნიერ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, იქნებ მე და შენ ხელიც ჩაგვექნია და გვეთქვა: რაღა ჩვენ, სხვამ იფიქროს და იმტვრიოს თავი! მაგრამ ვაი რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, ყველამ თუ არ ვიფიქრეთ და ყველამ თუ არ ვიზრუნეთ, მუდამ ბნელ ხაროში ვისხდებით და მზის სინათლეზე ვერასოდეს ამოვალთ.

ცოლი არასდროს აღიარებს ქმარს. ცოლი მედლის მეორე მხარეზე წერს ქმრის ბიოგრაფიას.

დღეს რომ ყველამ ჩვენ ჩვენს ოჯახებზე ვიზრუნოთ და ის ძაფები, მამა-პაპას რომ ფაქიზად დაურთავს და რუდუნებით შემოუვლია ირგვლივ ჩვენგანისთვის, რათა ქართველობა ერთ ხმა და ერთ პირ ყოფილიყო, ჩვენი უჯიათობითა და მეთვისეობით ისევ დავწყვიტოთ, დრო არ გვაპატიებს. დრო, ჩვენი მთავარი მოკეთეცა და მტერიც, ვისაც ყველაფრის უფლება აქვს, კიდეც გაგვიწყრება და კიდეც დაგვძრახავს, ხოლო შთამომავლობამ, ჩვენი უგულობით გულგაქვავებულმა, ვაითუ ზიზღიც არ გვაღირსოს, ისე გულგრილად გადაუაროს ჩვენს გაპარტახებულ საფლავებს, თითქოს არასოდეს ვყოფილვართ და არასოდეს არაფერი გვტკენია.

სიმართლე რა ბედენაა შენიანის სისხლი თუ დაღვარე და მტრის საქმე აკეთე.

ზოგჯერ გამკლავებაზე მეტად გადარჩენაა საჭირო. ქართლი განა მიწაა! ქართლი ხალხია. ხალხი თუ აღარ იქნა, ცარიელ მიწას ხვალ ეგებ სპარსეთიც დაერქვას.

ჩვენი ხნის ერებმა საქმე დიდი ხანია მოათავეს. ჩვენ კი ისიც ვერ გავიგეთ, ჩვენი საქმე რა არის. საქართველო ისეთი ხომალდი გამოდგა, რომელშიც შემოქმედს საჭის ჩამონტაჟება დაავიწყდა.

ქვეყანა განა ვაშლია, რომ პირდაპირ გულში გაუჩნდეს მატლი, როგორც კაცს უჩნდება! ქვეყანას მატლი გარედან ეხვევა და, როგორც კომბოსტოს, პირველად დიდ-დიდი ფურცლები ულპება, რომლებიც გამოსაჩენზეა.

ჩვენ გამუდმებით მოვდივართ ჩვენი წარსულიდან და ჩვენი წარსული მუდამ იქ არის, სადაც დავტოვეთ.

არაფერი არ არსებობს ისე რეალურად, როგორც წარსული.

კაცის სიცოცხლე არის საკუთარი პორტრეტის შექმნა, რომელსაც ბოლოს, უზენაესი სამხატვრო საბჭოს სხდომაზე, მკაცრად და ობიექტურად განიხილავენ და მსჯავრს გამოუტანენ. პორტრეტის ხელოვნურად შელამაზებას, რითაც აქ იოლად ვატყუებთ ერთმანეთს, აზრი არ აქვს, რადგან იქ, იმ დიდ საბჭოში ისეთი სპეციალისტები სხედან, რომლებიც ყველაფერს ხედავენ და ჩვენს გულუბრყვილო თვალთმაქცობაზე გამანადგურებელი თბილი ღიმილით იღიმებიან. ამიტომ ბავშვური გამოუცდელი ხელით გავლებულ პირველ ხაზებს, შესაძლებელია უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე გვიანდელ კორექტივს, როცა საქმეში ფარგალი სახაზავი, ფარგალი და გონება შეერევა.

ყოველ კაცს განვითარების საკუთარი, პიროვნული ბილიკი აქვს, რომელიც ერთ საერთო გზას უნდა უერთდებოდეს და თუ არ უერთდება, ეს ბილიკი გაუქმებული ბილიკია.

ნუთუ არ იცით, რომ ყოველი კაცის ცხოვრების ოთხმოცდაცხრამეტი პროცენტი წინამავალთა გამოცდილებაა? თეორიული მაქსიმუმი, რაც პიროვნული გენიისთვისაა დარჩენილი, არის ერთი პროცენტი და ვინც ამ ერთ პროცენტს გამოიყენებს, სწორედ ის არის გენიოსი.

პოპულარობა ხომ დამოკიდებულია არა შემოქმედის ნიჭზე, არამედ მომხმარებლის გემოვნებაზე! ხოლო აქედან გამომდინარე პოპულარობა ისაა, რომ უარი თქვა საკუთარ გზაზე, შენი ნიჭი მომხმარებელთა საეჭვო გემოვნებას დაუმორჩილო და საკუთარ თავს უმტკიცო, რომ ვისაც მოსწონხარ, სწორედ მას აქვს მაღალი და დახვეწილი გემოვნება.

ჩვენ ყველანი ერთმანეთისგან შევდგებით და შეუმჩნევლად გადავდივართ ერთმანეთში. ამაში საკვირველი არაფერია. ვისაც ეს ხელს არ აძლევს, მან საკუთარი თავი უნდა უარყოს, რადგან თავისუფლება საკუთარი თავის უარყოფით იწყება. თვისებებზე უნდა თქვას უარი და, თუ ამის შემდეგ რაიმე დარჩა, იმას უნდა დაეპატრონო და მოუფრთხილდე, მაგრამ დარჩება რამე? აი, ეს არის საკითხავი.

შეუძლებელია კაცი გიყვარდეს და თან გეცოდებოდეს, იმიტომ, რომ სიყვარული, ალბათ, მუხლმოყრილი ლოცვაა, სიბრალული კი საკუთარი უპირატესობის შეგრძნება.

სინამდვილეში ყველანი ბოღმითა ვართ სავსე, ამიტომ ვერ დავფრინავთ. ერთ მშვენიერ დღეს რომ ყველა დარდმა, რაც ოთხი მილიარდი ადამიანის გულშია ჩაბუდებული, უეცრად რომ ამოხთქოს, ქვეყნიერება წაილეკება.