23 აგვისტო, 2015

ირლანდიაში ქართული ანბანის უნიკალური ნიმუშები აღმოაჩინეს

1anbani1ირლანდიის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ქართული ანბანის აქამდე უცნობი უნიკალური ნიმუშები აღმოაჩინეს. ხელოვნების სასახლის ხელმძღვანელმა გიორგი კალანდიამ, რომელიც ირლანდიაში იმყოფება, მიაკვლია ამ უნიკალურ ნიმუშებს და ინფორმაციაც გაავრცელა.

გიორგი კალანდია:

“მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამო, ვაქვეყნებ სრულ ინფორმაციას – დღეს ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ გადმოგვცა ქართული ანბანის უნიკალური ნიმუშების ფოტოასლები. ბიბლიოთეკაში სულ ოთხი ასო ბგერის ნიმუშია, ესენია: “თ, მ, ც, ჟ”. ანბანის ნიმუშები ამოღებულია მზეჭაბუკ ორბელიანის სულხან საბა ორბელიანისეული ლექსიკონიდან, რომელიც 1724 წელს აწყურში გადაიწერა. ხელნაწერის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი ჩემთვის უცნობია, შეიძლება ის საქართველოშია, შეიძლება უცხოეთის რომელიმე კოლექციაში, თუმცა ერთი რამ ცნიბილია, ნახევარი საუკუნის წინ ეს ნიმუშები კემბრიჯში ვ. ალენმა გამოაქვეყნა. საკითხი მომავალ კვლევა ძიებას მოითხოვს, მანამდე კი ხელოვნების სასახლეში ანბანის ნიმუშების მხატვრული ასლები დამზადდება.”