11 აგვისტო, 2015

,,გურული დღიურები’’ საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს

1guruli-dgiurebiმწერლისა და პოეტის გიორგი კეკელიძის წიგნის “გურული დღიურები” წარმატებები გრძელდება. კრებული, რომელიც გაყიდვების მხრივ ნამდვილი ბესტსელერია, საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს.

ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და გიორგი კეკელიძე ავრცელებენ:

“მხარი დავუჭიროთ გიორგი კეკელიძის ”გურულ დღიურებს”, რომელიც ”The beauty and the book award”-ზე იღებს მონაწილეობას. ხმის მიცემა იასამნისფერ პეპელაზე დაჭერით ხდება.”

წიგნის ავტორის გიორგი კეკელიძის თქმით კი:

“აქ საქმე იმდენად მე არ მეხება, რამდენაც ძალიან ნიჭიერ მხატვარ ნატა ავალიანს. ამიტომაც თამამად გთხოვთ დახმარებას. გურული დღიურების გარეკანის დიზაინი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის კონკურსზეა წარდგენილი. თუ, ცხადია, მოგწონთ – დააჭირეთ პატარა იასამნისფერ პეპელას, რომელიც მარცხნივაა მოთავსებული.”

ამ კონკურსში კიდევ ერთი ქართული წიგნი მონაწილეობს – გოგლა ლეონიძის “ნატვრის ხე”, რომლის გარეკანის დიზაინერი თეონა ჭანიშვილია.