10 აგვისტო, 2015

გია ყანჩელი 80 წლისაა

1gia-kancheliiiiკომპოზიტორი გია ყანჩელი 80 წლისაა. იუბილე მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებით აღინიშნება. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დავით მალაზონიამ რუსთაველის თეატრში წარმოადგინა პროექტი “გზავნილები გია ყანჩელს”.

საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის გადაწყვეტილებით, მაესტროს საიუბილეო თარიღი მთელი წლის განმავლობაში კონცერტების სერიით აღინიშნება. პირველი კონცერტი 22 აგვისტოს “იანგ ეურო კლასიკ” ფესტივალის ოფიციალური პროგრამის ფარგლებში ბერლინის ისტორიულ დარბაზში “კონცერტჰაუზში” ჩატარდება. გია ყანჩელის ნაწარმოებებთან ერთად აჟღერდება არვო პიარტის მუსიკაც. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ დუდანა მაზმანიშვილი, ანდრეს მუსტონენი, გიორგი ცაგარელი. დირიჟორი და მუსიკალური ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველია.

წლების წინ ჟურნალისტმა, მწერალმა და პოეტმა გურამ გომართელმა გია ყანჩელთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც იუბილარ კომპოზიტორს სულ სხვანაირად  გაგაცნობთ.

გია ყანჩელი:

– ძირძველი პლეხანოველი ვარ. ჩემი მეგობრების უმრავლესობამ გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი.

– შე დალოცვილო, ისინი უცხოეთში არ წასულან, თბილისში დარჩნენ, შენ კი თხუთმეტი წელია, იქ ხარ.

– აბა, შენ რა გელაპარაკო… ამ სახლში უკვე ჩვენი მეხუთე თაობა ცხოვრობს. გასული საუკუნის დასაწყისში აქ ბაბუაჩემი დასახლდა, მერე მამაჩემი, მე, ჩემი შვილები, შვილიშვილები. იცი, ეს შენ ძალიან კარგად (ბაბუამისი, ივანე ყანჩელი მესამე საცდელ გიმნაზიაში შრომის გაკვეთილებს ატარებდა. მათ სახლში კედელზე ბაბუას ნახელავი შესანიშნავი საათი დღესაც ჰკიდია – გურამ გომართელი).

– მოდი, ჩემო გია, წარსული გავიხსენოთ. მუსიკას ნაკლებად შევეხოთ. შენს შემოქმედებაზე უამრავი თქმულა და დაწერილა (წამოვდექი და ლოჯიის ფანჯრებიდან გადავიხედე, საიდანაც „გოფილექტის“ ბაღის ნაწილი მოჩანს).

– კი ბატონო!

– ეჰ, ნეტა, იმ დროს.

– გახსოვს, არა? იქაური აივნიანი რესტორანი, შადრევანი, საზაფხულო თეატრი, ჩემი კლასელები – რეზო სოხაძე, ვაჟა მამაგეიშვილი, ვაჟა გვეტაძე, გივი ლეკიშვილი, ნოდარ ვარდია. კაპიკს კაპიკზე ვადებდით და წამოვიჭიმებოდით ხოლმე რესტორანში. ბუხუტი ოფიციანტის მაგიდასთან ვსხდებოდით, გვცნობდა და ამიტომ გვენდობოდა. დედაჩემი კი ზუსტად ამ ადგილზე იჯდა და დურბინდით გვადევნებდა თვალს, რომ ზედმეტი არ დაგველია და ხიფათს არ გადავყროდით.

– სამუსიკო სკოლაში როდისღა დადიოდი?

– დავიოდი, დავდიოდი! ჩემი მეგობრების შიშით ნოტებს იღლიის ქვეშ ვმალავდი, მასხრად არ ამიგდონ-მეთქი. ამის გამო მრავალი ფათერაკი გადამხდა თავს, მაგრამ იმათ რას დავუმალავდი. ჩემი „მუზიკანტობა“ გაიგეს და ბახი შემარქვეს.

– მუსიკას მაინც ვერ აცდი, ხომ?

– რას იზამ, უმაგისოდ არ გამოვა. ჯაზმა სერიოზულად მაშინ გამიტაცა, როცა ფილმი „მზიური ველის სერენადა“ ვნახე გლენ მილერის შესანიშნავი, ნოვატორული მუსიკით. ჩვენს ოჯახში ხშირად მოდიოდა ნიაზ დიასამიძე – საოცრად ნიჭიერი, უნიკალური პიროვნება, შესანიშნავად უკრავდა ფორტეპიანოზე და ჩემს დაკრულსაც ხშირად ისმენდა. დადგებოდა ხოლმე აი, ამ ფანჯარასთან, გადახედავდა „გოფილექტის“ ბაღს, რესტორანს და მოუბრუნდებოდა მამაჩემს. ბატონო საშა! აფსუსი არ არის, თქვენ აქ ცხოვრობდეთ და მე ბელინსკის ქუჩაზე?!

– პირველი ნაწარმოები როდის დაწერე?

– ჩემს მეზობლად ერთი ნიჭიერი კაცი, ავთანდილ გაჩეჩილაძე ცხოვრობდა, რადიოკომიტეტში მუშაობდა და საბავშვო გადაცემების რედაქციას ხელმძღვანელობდა. მან მთხოვა, დამეწერა სიმღერა პიონერულ თემაზე. დავწერე „ჩვენი რაზმი“ და ეთერში გავიდა. შემდგომ ავთოს თხოვნით, კიდევ ერთი სიმღერა დავწერე მასწავლებელზე, რამაც ჩემდამი პედაგოგთა დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეცვალა. აბა, წამოდექი ერთი წუთით (პიანინოსთან მიხმობს და ნაცნობ მელოდიას უკრავს – ავტორი), გახსოვს ეს სიმღერა?

– როგორ არა, „ნიავი არხევს რტოებს“…

– ყოჩაღ! გხსომებია. ჯერ კიდევ სკოლაში ვიყავი, ეს სიმღერა რომ დავწერე და კონსტანტინე პევზნერს ვაჩვენე. შემაქო. შემდეგ ამ სიმღერას ედი როზნერის ორკესტრში წარმატებით ასრულებდა გიული ჩოხელი.

– კი მაგრამ, უნივერსიტეტში, გეოლოგიურ ფაკულტეტზე რამ შეგიყვანა?

– აბა, რა გითხრა. იმ პერიოდში ეს სპეციალობა მოდაში იყო, თუმცა მამაჩემს ძალიან უნდოდა, მის კვალს გავყოლოდი და ექიმი გამოვსულიყავი. მაგრამ, მე ხომ ყველაფერი უკუღმა უნდა გამეკეთებინა. მალე ვინანე, სწორი არჩევანი რომ არ გავაკეთე. მეორე კურსზე ვიყავი, საზაფხულო პრაქტიკაზე ქუთაისში რომ წაგვიყვანეს. სკოლის შენობაში ვცხორვობდით, საძილე ტომრებში გვეძინა. დილის 6 საათზე გვაყენებდნენ და ზურგზე ჩანთამოკიდებულები „ობიექტზე“ მივყავდით. რვა კილომეტრი უნდა გაგვევლო ოცდაათგრადუსიან სიცხეში. იქ რაღაც ფილებს ვაგროვებდით. მაშინ მივხვდი, რომ ეს საჩემო საქმე არ იყო. პირველივე ღამეს ჩამოვწერე ყველა ის სპეციალობა, რომელიც ფეხით წოწიალს გამორიცხავდა. საკმაოდ გრძელი სია გამომივიდა. ვინაიდან მუსიკაში რაღაც გამოცდილება მქონდა, არჩევანი მუსიკაზე შევაჩერე. ამასთან, ყოველთვის ვოცნებობდი პროფესიული ბიგ-ბენდის დირიჟორი ვყოფილიყავი. ამისთვის კი საჭირო იყო მუსიკალური განათლება, თეორიული ცოდნა. ამოვირჩიე ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი პედაგოგი – ქრისტეფორე არაქელოვი და თავგამოდებით შევუდექი თეორიული საგნების შესწავლას. პარალელურად, რის ვაი-ვაგლახით, უნივერსიტეტშიც ვსწავლობდი. ერთი სიტყვით, გეოლოგიური ფაკულტეტიც დავამთავრე და კონსერვატორიაც. დაიწყო ჩემი მეტად რთული და მძიმე გზა მუსიკაში, სავსე გულისტკენითა და სიხარულით.

– საწყენი ბევრი შეგხვდა?

– საკმარისზე მეტი. ერთ ფაქტს გავიხსენებ. 1968 წელს საქართველოს კომპოზიტორთა მეოთხე ყრილობა ჩატარდა, სადაც „ეროვნული“ დაუპირისპირდა „თანამედროვეს“. პირდაპირ ეწერა: ალბათ, მოგვიწევს შველიძის შემოქმედება ამოვრიცხოთ თანამედროვე მუსიკის სიიდან, გია ყანჩელს კი უფლება წავართვათ ატაროს კომპოზიტორის სახელი!“ ასეთი მაგალითები ბევრი იყო. ჩემი კრიტიკოსებისგან რა უნდა მეწყინოს, როდესაც ახლობელ-მეგობრებიც კი არ მინდობენ. სხვათა შორის, მათ სამ ნაწილად დავყოფდი – პირველნი, რომლებსაც დღემდე ვერ გაუგიათ, რაში სჭირდება „ჩიტო გვრიტოს“ ავტორს სიმფონიურ ჟანრში მოღვაწეობა; მეორენი – მათ მიაჩნიათ, რომ მეშვიდე სიმფონიის ავტორს არ ეკადრება „ჩიტო გვრიტოს“ მაგვარი შლაგერის დაწერა, ხოლო მესამენი და ჩემთვის ყველაზე ახლობელნი არიან პლეხანოველები, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებთ, რას ვწერ, ვისთვის და რატომ. აი, სწორედ მესამე ნაწილის თითო წარმომადგენელს ვეპატიჟებოდი ხოლმე რომელიმე ჩემი სიმფონიის პრემიერაზე. სათითაოდ იმიტომ, რომ მათი ჯგუფურად მოპატიჟება სახიფათო იყო, რადგან შეიძლება კონცერტი ჩაეშალათ. მახსოვს, 1967 წლის 24 აპრილს გაიმართა ჩემი პირველი სიმფონიის პრემიერა. ამ სიმფონიის ბოლოში არის ერთაქტიანი აფეთქება… რომ აგიხსნა, მაინც ვერ მიხვდები! (მე მომმართავს – ავტორი). ჰოდა, რეპეტიციაზე ეს „აფეთქება“ რომ შესრულდა, კინაღამ მე თვითონ გადმოვვარდი სკამიდან. პრემიერის დღეს დარბაზი სავსე იყო. რა თქმა უნდა, დირიჟორობდა ჯანო კახიძე. მამამისმა, ბატონმა ვანიჩკამ დიდი ამბით დაპატიჟა კონცერტზე მეგობრები, თბილისში ცნობილი პიროვნებები: ტუპია იაშვილი (პაოლოს ძმა), კოწია ლორთქიფანიძე (მსახიობ ლორთქიას მამა), ზურია ჭაჭიაშვილი, ჭუტა ავალიშვილი. საპატიო სტუმრები პარტერში, წინა რიგში დააბრძანეს. პირველი განყოფილება – შუმანის კონცერტი სიამოვნებით მოისმინეს. დაიწყო მეორე განყოფილება. დაახლოებით ოცდახუთწუთიან ტანჯვა-წამებას, რომელსაც მსმენელმა ასე თუ ისე გაუძლო, სიმშვიდე მოჰყვა, მაგრამ წინ მოკლე, საშინელი „აფეთქება“ ელოდათ. ორკესტრმა „იფეთქა“ და მაშინვე სიჩუმე ჩამოვარდა. პარტერში საკმაოდ მკაფიოდ გაისმა კოწია ლორთქიფანიძის ხმა: ვანიჩკა, რაღაი ახლა გადავრჩით და არაფერი დაგვემართა, აწი რა გვიჭირსო. ეს თქვა თუ არა მეგობრული წრე წამოდგა და დემონსტრაციულად დატოვა დარბაზი. ჭუტა ავალიშვილმა დაამატა, იმნაირ მუსიკას რა ვუთხარი, მეორეს რომ ვერ ააყოლებო.

1986 წელს ჩეხეთის ფილარმონიის სიმფონიურმა ორკესტმა სიმფონიის დაწერა შემომთავაზა. ჩემთვის ეს რიგით მეშვიდე სიმფონია იყო. მცირე ჰონორარი მომცეს. ვიცოდი, რომ ჩემი მეუღლე ქურქზე ოცნებობდა, ამ ჰონორარით მან მხოლოდ მოკლე ქურქი შეიძინა – ნატვრა აისრულა. ჩემმა პლეხანოველმა მეგობრებმა უკვე იცოდნენ, რომ პრაღაში ქურქი შევიძინეთ. მოხდა ისე, რომ პირველივე შეკრებისას (როდესაც ქურქის დემონსტრირების საშუალება მოგვეცა) გაისმა იუმორითა და კეთილშობილებით აღსავსე ზურა კეკელიძის ხმამაღალი რეპლიკა: შე დალოცვილო, დაგეწერა ეს სიმფონია ცოტა უფრო გრძელიო. რა იცოდნენ ჩემმა მეგობრებმა, რომ მეშვიდე სიმფონია, ჩემს სიმფონიებში ყველაზე გრძელია.

– ახლა ეს მითხარი, უცხოეთში როდის წახვედი?

– 1991 წელს გერმანიის ხელოვნების აკადემიის სტიპენდია მომანიჭეს და ერთი წლით ოჯახთან ერთად მიმიწვიეს ბერლინში. ვიზიტი გაგრძელდა. 1995 წელს კი სამეფო სიმფონიურმა ორკესტრმა ბელგიაში, ანტვერპენში ერთი წლით მიმიწვია. პირობები შესანიშნავი იყო. 1996 წელს არჩევნის წინაშე დავდექი – ბერლინი ან ანტვერპენი. ანტვერპენი ავირჩიე, რადგან ეს ქალაქი უფრო მაგონებდა თბილისს.

P. S. გია ყანჩელმა თავისი შემოქმედების პერიოდში ორმოცზე მეტი სპექტაკლისა და ორმოცდაათზე მეტი კინოფილმისთვის შექმნა მუსიკა, რომელმაც მსოფლიოს მრავალი სცენა და ეკრანი მოიარა. რაც შეეხება სიმფონიურ და კამერულ ნაწარმოებებს, მე ვერ შევაფასებ, მათზე ბევრი დაიწერა.