23 აგვისტო, 2015

ეთერ ლამორის-ჭყონია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

1eter-chkoniaმსოფლიოში ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი ეთერ ლამორის-ჭყონია საგანგებო განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ მის ოჯახთან დაკავშირებით ჭორები ვრცელდება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ამიტომ ყველას მოუწოდებს გავრცელებული ინფორმაციები მათი ოჯახის შესახებ არ დაიჯერონ.

ეთერ ლამორის-ჭყონია:

“ძვირფასო მეგობრებო, უმორჩილესად გთხოვთ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არც მე, არც ჩემი და ნატო და არც დედაჩვენი ლამარა ჭყონია არ დაგვაკავშიროთ. თუ რამე ამდაგვარს მოკარით ყური იცოდეთ, რომ ჭორია, ისევე როგორც სხვა რეალობას მოწყვეტილი პოლიტიკური ან პირადი ხასიათის ჭორები, რომლებსაც დროდადრო თითეულ ჩვენთაგანზე ავრცელებენ. ჩვენ მხოლოდ ხელოვნებას ვემსახურებით. წლების მანძილზე ჩვენი ოჯახი, ვფიქრობ, ღირსეულად წარმოადგენდა და დღემდე წარმოადგენს საქართველოს სახელს უცხოეთში, რაც არ მეჩვენება ცოტა. თუკი რომელიმე ჩვენგანმა კონკრეტულ პიროვნებას ზრდილობიანად უპასუხა, ადამიანური სიმპათია გამოხატა, თბილად დაელაპარაკა ან ურთიერთობს მასთან ვირტუალურად თუ რეალურ სივრცეში, ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ვემხრობით მის ამა თუ იმ პოლიტიკურ პოზიციას. ჩვენ ყველანი ერთი პატარა ერის შვილები ვართ, ერთი გასაჭირი გვაქვს, და ამიტომ პოლიტიკური შეხედულებების გამო ნაწილებად არ უნდა გავიყოთ.

ასევე ჟურნალისტებს მინდა ვთხოვო, ნუ მოგვმართავენ პროვოკაციულ-პოლიტიკური კითხვებით, იმისთვის, რომ ამოგვქაჩონ კრიტიკა დღევანდელი ან ყოფილი მთავრობის მიმართ. ასევე პოლიტიკოსებსაც ვთხოვდი, ნუ გამოგვიგზავნიან პირად ფოსტაზე ან მითუმეტეს ფეისბუქის კედელზე თხოვნას დავაფიქსიროთ აზრი ამა თუ იმ პოლიტიკურ მოღვაწეზე ან მითუმეტეს მხარი დაუჭიროთ მას.

და კიდევ ერთხელ – არასოდეს არც შევარდნაძისტები, არც ზვიადისტები, არც ნაციონალისტები და არც ოცნებისტები არ ვყოფილვართ, პირველი იმიტომ, რომ პოლიტიკასთან ახლოს არა ვართ და მეორე: მარტივი მიზეზის გამო – არც ერთი ქვეყნის მმართველი პოლიტიკოსი არ არის დაზღვეული შეცდომებისგან, მით უმეტეს ასეთ ურთულეს გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებაში, როგორშიც საქართველო იმყოფება! გვიყვარდეს ერთმანეთი, რამეთუ მხოლოდ სიყვარული გადაგვარჩენს.”