17 აგვისტო, 2015

ელვის პრესლის გარდაცვალების საიდუმლო

1elvis-preslyროკ ენ როლის მეფე ელვის პრესლი 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსოფლიო ვარსკვლავის გარდაცვალების მიზეზი დღემდე საიდუმლოებით არის მოცული და მის თაყვანისმცემლებში უამრავ კითხვას ბადებს.

მუსიკალური ჟურნალის „როლინგ სთოუნზის” ვერსიით, ელვის პრესლი მესამეა მსოფლიოს ყველა დროის მუსიკოსთა რეიტინგში. ის გრემის სამგზის მფლობელია. ელვისის მუსიკალური რეკორდის გამეორება დღემდე ვერავინ მოახერხა, მისი 149 სიმღერა სხვადასხვა დროს „ბილბორდის” ჰიტ-პარადის „ცხელ ასეულში“ მოხვდა, მათ შორის, 18-ჯერ აღმოჩნდა პირველ ადგილზე.

როკ ენ როლის მეფე ნარკოტიკების გადამეტებული დოზის მიღების გამო გარდაიცვალა, თუმცა ამერიკელების მესამედს დღემდე სჯერა, რომ პრესლი ცოცხალია და მან უბრალოდ სიკვდილი გაითამაშა.

გავრცელებული ინფორმაციით, სიცოცხლის ბოლო წლებში ელვის პრესლი ძალიან იყო გატაცებული ნარკოტიკებით. მხოლოდ ბოლო ორი წლის მანძილზე თავისი ექიმისგან 19 ათასი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული ნივთიერება მიიღო.

ვარსკვლავის გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ, მისმა ბიოგრაფმა ალბერტ გოლდმანმა გამოუშვა წიგნი, რომელშიც ამტკიცებდა, რომ როკ-მუსიკოსმა ზედმეტი ტრანკვილიზატორი მიიღო და გაუფრთხილებლობის გამო გარდაიცვალა.

ტოქსიკოლოგებმა მუსიკოსის დაღუპვის შემდეგ, მისი სხეული შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 22 სახის წამალი მიიღო, მათ შორის, ელავილი, ავენტილი, მორფი, კოდეინი, ვალიუმი, ნემბუტალი, დიაზეპანი, ამობარბიტალი, პენტობარბიტალი, პლასიდილი. ამით გოლდმანს მიუთითეს, რომ მომღერალმა მომღერალმა თავი მოიკლა. ცხრა წლის შემდეგ გოლდმანიც იგივე დასკვნამდე მივიდა – ელვის პრესლიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ალბერტ გოლდმანმა ამის დასადასტურებლად მრავალი ფაქტი მოიყვანა. მისი მტკიცებით, სიკვდილამდე ორი კვირით ადრე, თითქოსდა სინდისის ქენჯნის გამო, როკ ენ როლის მეფემ ბილი სტენლი თავის სახლში მიიწვია და თვალცრემლიანმა პატიება სთხოვა, მისი მეუღლის ცდუნებისთვის.

მომღერალი ბოლო დროს ხშირად საუბრობდა სიკვდილზე. როდესაც თავისი ბოლო გამოსვლის ვიდეოჩანაწერი ნახა, აშკარად ჩანდა, რომ გასუქდა, თუმცა ელვის პრესლიმ თქვა: “ახლა კარგად არ გამოვიყურები, მაგრამ კუბოში კარგი სანახავი ვიქნები”, ხოლო როდესაც მისი მორიგი საყვარლის, ჯინჯერ ოლდენის დედა გარდაიცვალა, მიცვალებულთან მდგომმა მომღერალმა თქვა: “ძალიან მალე მე მის ადგილას აღმოვჩნდები”.

მსოფლიო ვარსკვლავი დიდხანს და მხურვალედ ლოცულობდა. სიკვდილამდე ორი დღით ადრე მომღერალს დევიდ სტენლი ესტუმრა. ელვისი მას მოეხვია და აქვითინდა, ხოლო გამომშვიდობებისას კი ჩაილაპარაკა: “ყველაფერი კარგად იქნება, დევიდ. მხოლოდ იმის თქმა მინდა, რომ აწი ვეღარასოდეს გიხილავ. შემდეგი ჩვენი შეხვედრა მხოლოდ ზეცაში მოხდება”.
დევიდ სტენლი დარწმუნებულია, რომ სიკვდილზე ფიქრს პრესლის უძლიერებდა ორი ფაქტორი: საზოგადოების რეაქცია დასაბეჭდად გამზადებულ სკანდალურ წიგნზე, რომელშიც დაწვრილებით იყო საუბარი მის ყოფილ პირად მცველებზე და ახალი ტურნეს დროს თავისი თაყვანისმცემლების წინაშე წარდგომის აუცილებლობა.

როკ ენ როლის მეფის სიცოცხლის ბოლო დღეებს ალბერტ გოლდმანი ასე აღწერს:
თავისი სიცოცხლის ბოლო ღამეს ელვისმა “გეისლენდი” დაახლოებით 11 საათზე დატოვა, რომ კბილის ექიმთან წასულიყო. არ არის გამორიცხული, რომ სწორედ მან მისცა კოდეინი, რომელიც სიკვდილის შემდეგ აღმოაჩინეს ელვისის სხეულში. საკითხავია ისიც, შედიოდა თუ არა მის ჩვეულებრივ “მენიუში” ნარკოტიკები? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა კი არავის შეუძლია.
ელვისი გამთენიისას თავის აპარტამენტებში ჯინჯერთან განმარტოვდა. გარკვეული დროის შემდეგ მან თავისი პირადი მცველი რიკი ადგილობრივ აფთიაქში გაგზავნა დილადიდის აბებისთვის, რომელიც ორნახევარჯერ აღემატებოდა თავისი ეფექტურობით სუფთა ჰეროინს. წამალზე რეცეპტი ექიმ ნიკოპულოსის გამოწერილი იყო.

რიკის მონაყოლით, როდესაც ის დაბრუნდა, ელვისს ხელში ეჭირა თავისი ყოფილი პირადი მცველების ხელნაწერი წიგნი და ძალიან იყო აღელვებული: “როგორ მიიღებენ ამ სისაძაგლეს ჩემი თაყვანისმცემლები? რას იფიქრებს ლიზა მარია თავის მამაზე?” – კითხულობდა იგი. ამაზე ფიქრით და საუბრით ქანცგამოცლილი ელვისი დაჟინებით მოითხოვდა, რომ რიკი მუხლებზე დაჩოქილიყო და მასთან ერთად ელოცა. “მომიტევე ჩემი შეცოდებები, უფალო, ისე გააკეთე, რომ ადამიანები, რომლებიც ამ წიგნს წაიკითხავენ, თანაგრძნობით და გაგებით მოეკიდონ იმას, რასაც მე ჩავდიოდი. ამინ”, – გულმხურვალედ ლოცულობდა მომღერალი.

ელვისმა რატომღაც უარი თქვა პირველ “შეტევაზე”. რიკმა მას ყვითელი კონვერტი გადასცა, იმის ვარაუდით, რომ იგი აბებს მაშინ მიიღებდა, როდესაც ამის სურვილი გაუჩნდებოდა, რადგან ასე ადრეც მომხდარა. ოთახიდან გამოსვლისას რიკმა უჩვეულო ბრძანება მიიღო: “დევიდს უთხარი (მისი მორიგეობა შუადღეზე იწყებოდა), რომ ოთხ საათამდე არ შემაწუხოს”.
როდესაც რიკი დილის ოთხ საათზე დაბრუნდა და მეორე კონვერტი მოიტანა, ჯინჯერსა და ელვისს ჯერ კიდევ არ ეძინათ. მან გადასცა ნარკოტიკები და გამოვიდა. მესამედ წამალი “გრეისლენდის” მმართველმა ელვისის დეიდამ მოიტანა, კონვერტი დატოვა და წავიდა. იმ დღეს ელვისმა სამი ყვითელი კონვერტი მიიღო. თითოეულში 11 აბი და 3 ნარკოტიკებით სავსე ნემსი იდო. არავის შეუმჩნევია, რომ მას თუნდაც ერთი აბი მიეღო, ან ერთი ინექცია მაინც გაეკეთებინა.

დილით, როდესაც ჯინჯერმა გაიღვიძა, დაინახა, რომ ელვისმა წიგნი აიღო და აბაზანაში წავიდა, სადაც მას კითხვისთვის მოსახერხებელი სავარძელი ედგა. “ძვირფასო, წავალ ცოტას წავიკითხავ”, – უთხრა მან. “კარგი, მხოლოდ არ ჩაგეძინოს,” – უპასუხა ქალმა. “შეგიძლია მშვიდად იყო”, – გაეპასუხა მომღერალი.

როცა ჯინჯერი ელვისის მოსაძებნად წავიდა, ის სააბაზანო ოთახში იატაკზე მოკრუნჩხული იპოვა. ჯინჯერმა მისი გაღვიძება ვერ მოახერხა და დახმარება ითხოვა. ოჯახის წევრები და პირადი მცველები უშედეგოდ ცდილობდნენ მსოფლიო ვარსკვლავის მდგომარეობიდან გამოყვანას.

დაცვის წევრმა დევიდმა ყურადღებით დაათვალიერა ოთახი, რომ ნარკოტიკების მოხმარების კვალი აღმოეჩინა. იატაკზე სამი ცარიელი ყვითელი კონვერტი ეგდო. დევიდმა იპოვა სამი თუ ოთხი აბი, რომლებიც სანახევროდ იყო დაცლილი და ექვსი ამპულა, დანარჩენი კი საწოლთან იპოვნეს. დაცვის წევრები მიხვდნენ, რომ ელვისმა წამლები დადგენილი გრაფიკით კი არ მიიღო, მან ყველაფერი ერთად დალია და ზედ კოდეინის დოზაც დაამატა. ამდენ მედიკამენტს კი ვერც ერთი ადამიანის ორგანიზმი ვერ გაუძლებდა და ეს როკ ენ როლის მეფემაც ძალიან კარგად იცოდა.

მისი დაცვის წევრებისთვის ცხადი გახდა, რომ მსოფლიო ვარსკვლავმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა მისი გარდაცვალების მიზეზების გასაიდუმლოება მაშინვე გადაწყდა: “ყველაფერი, რასაც კი შეიძლება ეჩვენებინა, რომ ეს ყოფილა უბედური შემთხვევა, მოვაშორეთ. ელვისის ცხოვრება სიცრუით იყო აღსავსე და ამიტომ არც მისი სიკვდილი წარმოადგენდა გამონაკლისს”, – განაცხადა დევიდ სტენლიმ.

მსოფლიო ვარსკვლავის დასახმარებლად სასწრაფო დახმარების ბრიგადა იქნა გამოძახებული. როცა ვერ ექიმებმა შეძლეს ელვისის გრძნობაზე მოყვანა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმებთან ერთად იმყოფებოდა ექიმი ნიკოპულოსიც.

თვითმხილველები როკ ენ როლის მეფის ბოლო წუთებს სულ სხვადასხვაგვარად აღწერენ:
დევიდი ამბობდა, რომ ელვისი ფოლადის მაგიდაზე შიშველი დაინახა, სხეულზე ეტყობოდა ჭრილობა, რომელიც ყელიდან მუცლის ქვედა ნაწილამდე აღწევდა.

ექიმი ერიკ მერჰიდი, რომელიც გვამის გაკვეთას ხელმძღვანელობდა, ამტკიცებდა, რომ ასეთი სიგრძის ჭრილობა ელვის პრესლის სხეულზე არ ყოფილა. მაგრამ დევიდი მაინც ჯიუტად აცხადებდა, რომ დაინახა, თუ როგორ აკეთებდნენ რაღაცას ექიმები გაკვეთილ სხეულში. მან მაშინ ისიც კი გაიფიქრა, რომ მედიკოსები მომღერალს გულის პირდაპირ მასაჟს უკეთებდნენ. ექიმ მერჰიდის განცხადებით კი, ვიღაცამ მოახერხა ელვისის კუჭის შიგთავსის ამოღება, თვითმკვლელობაზე მიმანიშნებელი ყველა მტკიცებულება კი განადგურებული იყო.

ელვისის გარდაცვალების და მისი გვამის გაკვეთის შედეგად მიღებული დასკვნა სამგვერდიანია. არსებობს მხოლოდ მისი ასლი, სადაც ყველა მნიშვნელოვანი ადგილი გადახაზულია, ანუ ის, რაც ექიმებმა როკ ენ როლის ვარსკვლავის სხეულის გაკვეთისას აღმოაჩინეს, ისევ საიდუმლოდ რჩება.