12 აგვისტო, 2015

ელისო ბოლქვაძის წარმატების საიდუმლო ამოხსნილია

1Elisso_Bolkvadzeმსოფლიოში ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე პირველი ქართველია, ვისაც იუნესკოს მშვიდობის არტისტის წოდება მიენიჭა. მისი წარმატება ბავშვობიდანვე დაიწყო. 7 წლის ასაკში გამართული კონცერტი წარმატებული აღმოჩნდა და ეს წარმატება დღემდე გრძელდება.

***

”ჩემით დავიწყე სიმღერის დაკვრა და აწყობა. დედამ პიანინო მიყიდა, ასე თანდათან ვდგამდით ნაბიჯებს. მერე მუსიკალურ ათწლედში მიმიყვანეს, დავიწყე პროფესიონალური განათლების მიღება. ათწლედისთვის პატარა ვიყავი, ერთი-ორი წელი ისე დავდიოდი მასწავლებელთან, ეკა მუხაძესთან. ძალიან მსიამოვნებდა ფორტეპიანოზე დაკვრა. ჩემით დავიწყე ეს საქმე. ოჯახის წევრებს აზრადაც არ ჰქონდათ. დედა ჟურნალისტი, მამა კი პოეტი იყო. ინსტრუმენტთან რომ მივედი, თქვეს, ეს ბავშვი მისაყვანია სპეციალისტთან, განსაკუთრებული ნიჭი აქვსო, სუფთად ვმღეროდი. ჩემთვის თავიდან არავის არაფერი დაუძალებია, მერე უფრო გავზარმაცდი. ბავშვობაში ძალიან მაკლდა თამაში. რეზინობანას, ფეხბურთს, ლახტს თამაშობდნენ ბავშვები და მეც რომ ჩავდიოდი ეზოში, აღარ ამოვდიოდი. მერე იყო ამოდი, ამოდის ძახილი. ის მომენტი არ მქონია, რომ დღე და ღამე უნდა დამეკრა და მარტო ეს ყოფილიყო ამოსავალი წერტილი.”

***

”პირველი კონცერტი 7 წლის ასაკში მქონდა. ორკესტრთან და ჯემალ გოკიელთან ერთად დავუკარი, მაშინ იყო პირველი ტაშიც. მერე იყო სოლო-კონცერტი, კონკურსები. ადვილად მოვიდა პირველი წარმატება ჩემთან. ოჯახი ძალიან მიწყობდა ხელს, ათწლედშიც გივი ხატიაშვილი თან მყვებოდა, დიდი სითბო მომყვება იმ დროიდან. ჩემი იქ გამოჩენა ზეიმი იყო. თბილისში პატარა მუსიკალური სივრცეა. ერთი-ორი პიანისტი თუ ჭაჭანებს და ისიც ყველამ იცის. პრინციპში მაქსიმალურად ჰარმონიულად ვიყავი, მაგრამ მაქვს ეს მომენტი, რომ ყველაფერს არ ვიგუებ, ყველაფერს არ ვიღებ, ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას, ეს ალბათ კარიერისთვის არ არის კარგი. ბევრს აღიზიანებს. თუმცა ეს ჩემს წასვლასთან არავითარ კავშირში არ არის. ისეთ პერიოდში მოხდა ჩემი წასვლა, საქართველოში საერთოდ არაფერი ხდებოდა. 90-იანი წლები იყო, არც კონცერტი ტარდებოდა, უშუქობა, უყველაფრობა. ამ სიტუაციაში მოვყევი. თან არ ვიცოდი ენა, მივდიოდი, ვუკრავდი და მოვდიოდი. ყველაფერი თავიდან დავიწყე. საქართველოში როგორ განვითარდებოდა მოვლენები ჯერ ინტუიციურად ვგრძნობდი, მერე უკვე მოვლენებიც მძიმედ განვითარდა. საფრანგეთში ისეთი ხალხი შემხვდა, რომელმაც ეს ყველაფერი გულთან ახლოს მიიტანა, მათ გადაწყვიტეს, რომ მაქვს ისეთი ტალანტი, რომლის განვითარებას ხელი უნდა შეუწყონ. ამით სტერეოტიპიც დაირღვა, რომ თავის წრეში ადვილად არავის იღებენ. რაც არ უნდა ტალანტი გქონდეს, ამას აუცილებლად სჭირდება განვითარება, თორემ ძალიან მალე მოკვდება, ტალანტი სათუთია.”

***

”მშობლები უნერგავენ თავის შვილებს, რომ ის სხვებზე მეტია, რაც მეტყველებს აღზრდის ტონზე. ჩემს სახლში ასეთი ატმოსფერო იყო, უნდა დახმარებოდი ყველას, ყოფილიყავი მეგობრული. გაზრდილი ვარ ისეთ ხალხში, როგორიც იყო ნოდარ დუმბაძე, გურამ ფანჯიკიძე, 60-იანელების გარემოცვაში. მოდიოდნენ ჩემს დაბადების დღეებზე. ამ წრის შვილი ვიყავი და ჩემი ოჯახიც არ იყო დაკომპლექსებული იმით, რომ ვიღაცაზე რაღაცით მეტი ყოფილიყო. ისედაც გამორჩეული ბავშვი ვიყავი, რომელსაც დააყენებდნენ და 50 სიმღერას ამღერებდნენ. სხვას ზემოდან არასდროს უნდა უყურო, უბრალოდ შენი თავის ფასი უნდა იცოდე და ყველას არ უნდა გაუყადრო თავი, ეს არც ისე მარტივი გასარჩევია. თანდათან გაჩვენებს ცხოვრება ვინ არის მართლა შენი მეგობარი. მარტო მე არ ვყოფილვარ ამ მდგომარეობაში, ყველას ჰქონია მომენტი, როცა რაღაცის გჯერა და აღმოჩნდება, რომ თანდათანობით ეს ურთიერთობა არ ამართლებს. ადამიანებს თავიდანვე ეჭვის თვალით არ ვუყურებ. მინდა ადამიანს ვუყურო, როგორც სუბიექტს, რომელიც თავისთავად არის სამყაროში. საფრანგეთში არის ეს მომენტი, სანამ კარგად არ გაგიცნობენ, ყველა კუთხიდან რამენაირად არ მოგსინჯავენ, ახლოს არავინ გიშვებს. შეიძლება 10 წლის ნაცნობი იყო, მაგრამ არ დაგიახლოვოს. ეს არ არის ცუდი, მაგრამ ტვინის უჯრედებზე ცუდად მოქმედებს და ყველაფერს უკვე ეჭვის თვალით უყურებ.”

***

”ჩვენ, ქართველები ძალიან რთული ადამიანები ვართ. თითქოს გახსნილები ვართ, მაგრამ ასე არ არის. ჩვენთან ურთიერთობაში მეტი სიყალბეა, თითქოს ყველა გახსნილია, მაგრამ ამავე დროს ასე არ არის. ყველა სიყვარულს გეფიცება და შენი ჭირიმეო, ეს მეორე უკიდურესობაა, რომელიც ერის სირთულეა. ქართველები გახსნილი არიან სტუმრის მიმართ, უცხო რომ მოდის, იღებენ. რთული და საინტერესო ერია. დიდი ტრადიციით, კულტურით და პოტენციალით, აღრეული სისხლით. ნიჭიერი ხალხი ვართ, მაგრამ გვაქვს ძალიან დიდი კომპლექსები. ამას უცხოეთში ყოფნის დროს მივხვდი. მეც შევიცვალე, თავიდან შევისწავლე ენა, სხვა სამყარო გაიხსნა ჩემთვის. აქ როცა ხარ, იზრდები, მოღვაწეობ და შენს სამყაროში ხარ. როცა ქვეყნიდან გადიხარ სხვანაირად იზრდები, სხვა გარემოში ხვდები. ჩემთვის ახალი ურთიერთობების დამყარება არ იყო რთული ერთი მიზეზის გამო, ყველას ძალიან ვუყვარდი, როგორც პიანისტი და ყველა ძალიან მცემდა პატივს. ამან გააადვილა დაახლოება, არ დამჭირვებია წლები. ვაფასებ ავსტრიელებს, ინგლისელებს, ფრანგებს, რომლებმაც იციან მუსიკის, ხელოვნების ფასი. ჩვენ საკუთარ გენიოსებსაც კი ძალიან აგდებით ვუყურებთ. აუცილებლად უნდა წახვიდე საზღვარგარეთ, იქ მოიპოვო აღიარება, მერე გადააფასებენ, უი, რა კარგი ყოფილაო. საკუთარის დანახვა უჭირთო. ჩემს შემთხვევაში ზოგი ხედავდა, ზოგს არ უნდოდა დაენახა და ზოგიც ძალიან კარგად ხედავდა. ცოტა ეჭვიანობის გრძნობასაც ვიწვევდი, ხისტი ხასიათი მაქვს, ჯიუტი ვარ, შემიძლია რასაც ვფიქრობ, ვთქვა. რაღაცას არ, ვერ ვიტანდი, პროტესტს ვაცხადებდი, ეს კი არ უყვართ.”

***

”ხელოვანები უცნაური ხალხია და მეც უცნაური ვარ. ისეთ რაღაცას ემსახურები, თავისებური ხდები. ყოველდღე ბეთჰოვენს უკრავ, გაქვს ბედნიერება ამისთანა მუსიკასთან შეხების, ეს გცვლის. საოცრად მომთხოვნი ვარ როგორც საკუთარი თავის, ისე სხვის მიმართ. პრინციპული, ზედმეტად ემოციური, მოუთმენელი, გამოვხატავ ჩემს დამოკიდებულებას, მაქვს ფეთქებადი ხასიათი. როცა შემიძლია ვაკონტროლებ ემოციას, რომ არ შემეძლოს ვერ დავუკრავ. ეს მოქმედებს ცხოვრებისეულ ამბებზე. გამიმართლა კიდეც და შრომისმოყვარეც ვარ, მაგრამ იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო, რაღაცეები ვაკეთე. 45 გრადუს სიცხეში ახალი პროგრამა გავაკეთე. შემართული ვიყავი, რომ აუცილებლად წავსულიყავი მარგარიტა ლონგის კონკურსზე. მჯერა, როცა ადამიანს ნამდვილად უნდა რაღაც, ძალების მთელ მობილიზაციას გააკეთებს. ნიჭიერიც უნდა იყო, თუმცა მობილიზაცია აუცილებელია. არ გაუმართლა, შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ ცხოვრებაში ერთხელ ყველას აქვს შანსი. ჭკუა უნდა გქონდეს, არ გაუშვა, თორემ მერე შეიძლება საერთოდ აღარ მოვიდეს. არ მასვენებდა ის აზრი, რომ ჩემი ასპარეზი მხოლოდ თბილისი უნდა ყოფილიყო. წარმოუდგენელი ამბავი იყო ჩემთვის. კარიერისთვის ძალიან ბევრი რამ დავთმე, პირადიც და ისედაც. ეს არ არის მარტივი. საერთოდ ხელოვანის ცხოვრება ძალიან რთულია, თუმცა შეიძლება კონცერტის მერე დაკრული ტაშის ფონზე ეს ნაკლებად ჩანს. მედლის მეორე მხარეს რაც ხდება, ბევრად რთულია. თუ რაღაც არ დათმე, ისე არაფერი მოვა ცხოვრებაში. მით უმეტეს, ისეთი რთული ქვეყნიდან როცა მოდიხარ, როგორიც საქართველოა.”