23 აგვისტო, 2015

დიმა ჯაიანი ახალი გამოწვევის წინაშეა

1dima_jaianiსოხუმის თეატრის მსახიობი დიმა ჯაიანი ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრი 65 წლის იუბილეზე თავის ერთგულ მაყურებელს კიდევ ერთ სიახლეს შესთავაზებს.

ინფორმაციას მსახიობის იუბილესა და მის სიურპრიზთან დაკავშირებით სოხუმის თეატრი ავრცელებს:

“ბატონო დიმიტრი!

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო ქართული თეატრი, თქვენი მშობლიური თეატრალური კოლექტივი სულითა და გულით გილოცავთ დაბადებიდან 65-ე წლისთავს. სოხუმის თეატრთანაა დაკავშირებული მთელი თქვენი შემოქმედებითი ცხოვრება 1973 წლიდან, მას შემდეგ, რაც თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრეთ. სხვადასხვა დროს თეატრის მსახიობიც იყავით, დირექტორიც და სამხატვრო ხელმძღვანელიც. თქვენ წინამძღოლობდით თეატრს მისთვის უმძიმეს – დევნილობის წლებში. ამ პერიოდში ხელმძღვანელის შესაშური თვისებებიც გამოავლინეთ. იმაში, რომ დღეს სოხუმის თეატრი კვლავაც ღირსეულად აგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას, დიდი წვლილი სწორედ თქვენ მიგიძღვით.

აღარაფერს ვამბობთ თქვენს საინტერესო და მრავალფეროვან სასცენო შემოქმედებაზე: მეფე გიორგი, ჰოკონ ჰოკონენი, ელიზბარ ერისთავი, ოთარ-ბეგი, კორიოლანი, ზურაბი, ლადო ასათიანი… რომელი ერთი ჩამოვთვალოთ.

თქვენი შემოქმედება არა ერთი თეატრალური კრიტიკოსის მსჯელობისა და შეფასების ობიექტად ქცეულა. თქვენი ხელოვნება აღიარებულია არა მარტო საქართველოში, არამედ მის ფარგელებს გარეთაც, სადაც სოხუმის თეატრს მრავალჯერ წარმოუდგენია თავისი სპექტაკლები გასტროლებსა თუ საერთაშორისო ფესტივალებზე.

ახლა ძალზე მნიშვნელოვანსა და საპასუხისმგებლო საქმეს შეეჭიდეთ – შექსპირის მეფე ლირს. ეს არა მარტო თქვენი, არამედ ყოველი ჩვენგანის, მთელი თეატრის თამამი განაცხადია. იმედი გვაქვს, ღირსეულად და წარმატებით დავაგვირგვინებთ ამ საქმეს.

თქვენი კოლეგები, სასცენო პარტნიორები, სოხუმის თეატრის მთელი კოლექტივი გილოცავთ თქვენ – საქართველოსა და აფხაზეთის სახალხო არტისტს, სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილის, გიორგი შერვაშიძისა და ვახტანგ გორგასლის პრემიების, არა ერთი თეატრალური ფესტივალის ლაურეატს, ღირსების ორდენისა და უკრაინის ,,პრესტიჟის” ორდენის კავალერს, დაბადების დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას, ხანგრძლივ სიცოცხლესა და შემოქმედებით წარმატებებს, თქვენს მშობლიურ შემოქმედებით კოლექტივთან ერთად.”