Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

დავით საყვარელიძე: ,,გაგიზიარებთ ჩემს წუხილს”

14 აგვისტო, 2015

1davit-sakvarrelidzeსოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი დავით საყვარელიძე ტრადიციას არღვევს და საჯაროდ იწყებს წუწუნს სოციალურ ქსელში. რეჟისორის თქმით, მას აღიზიანებს წუწუნი ფეისბუქზე, თუმცა იძულებულია თავისი წუხილი ყველას გაუზიაროს.

დავით საყვარელიძე:

“წუწუნი მაღიზიანებს ფეისბუქზე, მაგრამ მაინც გაგიზიარებთ ჩემს წუხილს.
ნახეთ რამდენი უმაღლესი დონის ჯაზ ვარსკვლავი ჩამოვიდა საქართველოში?! რამდენი თეატრალური დასი?! რამდენი როკ-მომღერალი?! თბილისი ელექტრო მუსიკოსთა პატარა “მექადაც” შეიძლება მოვიხსენიოთ – იმდენი კარგი შემსრულებელი ყოფილა ჩამოსული ვერც კი წარმოვიდგენდი!

მაგრამ რომელიმე ჩემ მეგობარს თუ გახსენდებათ სრულმასშტაბიანი მაღალი დონის სიმფონიური ორკესტრი ჩამოსულიყოს ჩვენ ქვეყანაში?

ერთხელ ტემირკანოვი ჩამოიყვანა პაატა ბურჭულაძემ და ისიც იმ “პირსისხლიან” დროს, 8 წლის წინ.

მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო მნიშვნელობის სიმფონიური ორკესტრი საქართველოში არასდროს ჩამოსულა!!! (აქ არ მითხრათ სპივაკოვი, რომ იყო “ვირტუოზი მოსკვით” ჩამოსული 90-იან წლებში. ეგენი სულაც არ გადიან უმაღლეს კატეგორიაში).

ოპერის მომღერლებიც მხოლოდ საქველმოქმედო ტიპის ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას. ქველმოქმედება და ოპერა უკვე სინონიმებადაა აღქმული. მომღერლებს ფულს არ უხდიან და თხოვენ საქველმოქმედო ვარიანტში იმღერონ. ისინიც სიამოვნებით მღერიან, რისთვისაც მათ დიდი მადლობა, მაგრამ სინამდვილეში არ იციან, რომ სხვა ფორმით უბრალოდ ვერ იმღერებენ საქართველოში. ანუ პროფესიონალურ დონეზე ურთიერთობა გამორიცხულია საერთაშორისო დონის შემსრულებლებთან.

მოკლედ არ გვაქვს ტრ..ი, რომ გადავუხადოთ ჩვეულებრივ სტანდარტული თანხა, რამდენსაც იღებენ ნორმალურ ქვეყნებში.

ეგ კი არა ქართველ მომღერლებს ვერ ვუხდით იმის მეოთხედს, რასაც იმსახურებენ.
უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა, რომლებსაც არ მოუსმენიათ ცოცხლად მაღალი კლასის სიმფონიური ორკესტრები, არ იციან მათი ჭეშმარიტი ჟღერადობა. არ აქვთ ნაგრძნობი ამ ხელოვნების სიდიადე და შესაბამისად არ განიცდიან უკმარისობას ასეთი ხელოვნების მიმართ. ამას ემატება ის, რომ ვერ ერკვევიან რომელი დირიჟორი კარგია და რომელი ცუდი და ამას მოსდევს სხვა ბევრი უვიცობა, რომელიც კიდევ უფრო ამძიმებს ამ ხელოვნების მიმართ დამოკიდებულებას.

ამ დროს კი, თუნდაც ერევანში, (აღარ ვამბობ არაფერს მდიდარ აზერბაიჯანზე), წელიწადში 4-ჯერ ჩაყავთ მსოფლიოს ნომერ პირველი ორკესტრები!!!

ნუთუ ოდესმე გვეღირსება დრეზდენის სემპერ ოპერის ორკესტრის ხილვა თბილისში? აღარ ვოცნებობ ვენის ან ბერლინის ან თუნდაც შტუტგარდის ფილარმონიულის ხილვაზე.

ჩვენი ვარსკვლავების გამო მსოფლიო საქართველოს აღიქვამს, როგორც საოცარ კლასიკურ მუსიკის ქვეყანად. … და როგორ ავუხსნა, რომ დღეს სტანდარტული კლასიკური მუსიკალური ცხოვრება საქართველოში მკვდარია.”