7 აგვისტო, 2015

ბატონის ციხის რეაბილიტაცია დაიწყო

1batonis-cixeმუნიციპალური განვითარების ფონდმა თელავში ბატონის ციხის რეაბილიტაცია დაიწყო. ამის პარალელურად, ფონდმა გამოაცხადა ტენდერი ბატონის ციხის მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე. რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1.573.000 ლარია.

ბატონის სასახლეს რესტავრაცია ბოლოს გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა, თუმცა არ იყო გამოყენებული ის მასალები, რომელიც სასახლის მშენებლობის პერიოდში გამოიყენებოდა, არ იყო დაცული რესტავრაციის საერთაშორისო სტანდარტები. მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით მოხდა არსებული პროექტის კორექტირება, რათა სრულად იქნას დაცული ყველა შესაბამისი სტანდარტი და ძეგლის იერსახე არ დაირღვეს.

კორექტირებული პროექტი მოიცავს სასახლის სახურავის თაღის ავთენტურობის შენარჩუნებას, კედლების გასალესად გაჯის ნაცვლად გამოყენებული იქნება კირი. შენობაზე არსებული არტეფაქტები ადასტურებს, რომ თავდაპირველად სასახლის მშენებლობისას კედლების გასალესად კირის მასალა იქნა გამოყენებული. ბატონის სასახლის სწორად რეაბილიტაციისთვის ყველა დეტალი იქნება გათვალისწინებული.

დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ სასახლის რეაბილიტაციის პროექტის შემუშავებისას მისი გამართულობისთვის ყველა მხარე ჩაერთო. პროექტში შევიდა ცვლილებებიც – შენობას დაემატება საგამოფენო სივრცე, გამწვანებდება გარემო და ბეტონის ორნამენტები ქვევრის ტიპის ორნამენტებით შეიცვლება.

რეაბილიტაციის პროექტი ფონდმა კულტურულ მემკვიდეობის სააგენტოსთან შეთანხმებით მოამზადა. პროექტის განხორციელების ძირითადი მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნებაა. პროექტი მიზნად ისახავს კახეთის რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სამარშრუტო წრედისა და ტურიზმის განვითარებას.

ბატონის სასახლე დაფუძნდა და თავდაპირველი, სამეფო რეზიდენციის დანიშნულებით ფუნქციონირებდა ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ რთულ პერიოდში, XVII საუკუნის 70-იანი წლებიდან 1801 წლამდე.