23 აგვისტო, 2015

აღმოჩენა გრაკლიანზე

ეროვნული მნიშვნელობის გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლის კვლევის პროცესში ახალი აღმოჩენა გაკეთდა – ძვ. წ.აღ VII საუკუნის ტაძარი, ორი საკურთხეველი და საკურთხევლის პოსტამენტზე დღემდე უცნობი დამწერლობის ერთსტრიქონიანი წარწერა გამოვლინდა. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, პროფესორ ვახტან ლიჩელის აზრით, დღემდე უცნობი წარწერა გრაკლიანის საკურთხეველზე ყველაზე ადრეულია და საქართველოში დამწერლობის გამოყენების 2 700 წლის ისტორიას ცხადყოფს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და დაფინანსებით გრაკლიანის არქეოლოგიურ ძეგლზე პირველი გზისპირა არქეოლოგიური მუზეუმი მოეწყობა. ამ დროისთვის ადგილზე უკვე დაწყებულია მუზეუმის სამშენებლო და ტერიტორიის ინფრასტრუქტურული მოწყობის სამუშაოები. ასევე იგეგმება ავტოსადგომის მშენებლობა.

გრაკლიანის გორაზე პირველი მონაპოვარი 2007 წელს თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის მშენებლობის დროს გამოვლინდა. გრაკლიანის არქეოლოგიური საიტი შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე მდინარე ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე მდებარეობს.

ადგილზე აღმოჩენილი არტეფაქტები უნიკალურია და გრაკლიანის უწყვეტი განვითარების ისტორიას ადასტურებს. გრაკლიანის შესახებ მასალები გამოქვეყნებულია მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო გამოცემებში საფრნაგეთში, ჰოლანდიაში, ინგლისში, იტალიაში გერმანიასა და ესპანეთში.

გრაკლიანის უდიდესი კოლექციის მნიშვნელოვანი ექსპონატებია ოქროს დისკო, რომელიც ძვ. წ.აღ IV ათასწლეულით თარიღდება. მისი ერთადერთი ანალოგი არსებობს ირანში ქალაქ სუზაში, საბეჭდავი ძვ. წ.აღ IV ათასწლეულით თარიღდება, მისი ანალოგი არსებობს სამხრეთ მესოპოტამიაში ქალაქ ურუკში და პურის საცხობი ღუმელი, რომლის ზომები იცვლება შენობის მოცულობის შესაბამისად და შემკულია დეკორატიული ელემენტებით.

გრაკლიანი გორა წარმოადგენს მრავალფენიან არქეოლოგიურ ძეგლს, სადაც საზოგადოებრივი ცხოვრების 300 000 წლიანი უწყვეტი განვითარება დასტურდება ქვის ხანიდან დაწყებული რომაული პერიოდის ჩათვლით. გრაკლიან გორაზე გამოვლენილ ტერასებზე ინტენსიურად განლაგებულია საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები, ტაძრები და სამარხები, რომლებიც ძვ.წ. IV-ახ.წ I ათასწლეულებს განეკუთვნება.

გრაკლიანის ისტორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო აძლიერებს მესამე ტერასაზე გამოვლენილი უნიკალური არქიტექტურული ნაშთი – სატაძრო კომპლექსი (ძვ.წ. 400 – 350 წლები), რომლის სიგანე 25 მეტრია, სიგრძე კი 6 მეტრი. სატაძრო კომპლექსში შემონახულია თიხის თხელი ფენითა შელესილი და დეკორით შემკული 2 მეტრის სიმაღლის კედლები, რომლის ინტერიერში სარიტუალო ღუმელები და საკურთხევლებია შემორჩენილი.