8 აგვისტო, 2015

დათო კენჭიაშვილმა მსახიობობა დაიწყო

1dato-kenchiashviliმომღერალმა დათო კენჭიაშვილმა თავისი შემოქმედებით გულშემატკივართა მთელი არმია გაიჩინა. მისი სიმღერები ლიდერობას არავის უთმობს და მხოლოდ სიმღერას “რამდენი მალოდინე” 8 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, რაც ქართული რეალობისთვის დაუჯერებელიც კია.

“არტინფო” დათო კენჭიაშვილს წარმატების საიდუმლოსა და სიახლეებზე ესაუბრა.

– მოგვიყევით, როგორ დაიწყო თქვენი სასიმღერო კარიერა?

– გამომდინარე იქიდან, რომ ჩემს ოჯახს აქვს მუსიკალური ნიჭი, მეც მერგო წილად რომ დავუფლებოდი ამ სფეროს აქტიურად. რამდენად კარგად გამომდის, ამას ხალხი წყვეტს და არა მე. ჩემი პირველი ნაბიჯები დაიწყო ჩემთვის სათაყვანებელი ქალბატონი ლელა თათარაიძის სიმღერით “შენმა სურვილმა დამლია” და ამას მოჰყვა სხვა დანარჩენი ჩემი და ჩემი მეგობრების გაკეთებული ესა თუ ის სიმღერა. ასე დაიწყო ჩემი პატარა წვლილის შეტანა მუსიკალურ სფეროში.

– ჟანრი, რომელსაც მღერით, რით არის თქვენთვის გამორჩეული?

– ჟანრს, რომელსაც მე ვმღერი, სახელი არ აქვს. ბავშობაში გავიზარდე “მართვეში”, “ლაშარში”, აფხაზეთის სახელმწიფო ანსამბლში და ასე შემდეგ. მაგ დროს ვმღეროდი ფოლკლორს, რომელსაც ჩემს უსაყვარლეს ჟანრად ვთვლი. აი, ზუსტად ამ ჟანრმა მომცა იმის შესაძლებლობა, რომ ჩემი სტილი გამომემუშავებინა. ხშირ შემთხვევაში დამწყებ მომღერლებს რომ ეკითხებიან რას მღერიო, ეუბნებიან რომ ფოლკლორს მღერიან და მე ყოველ შემთხვევაში, ვიცი რომ ფოლკლორი არის არა ეხლა დაწერილი სიმღერა ფანდურზე, არამედ ჩვენი წინაპრების დანატოვარი სიმღერები და არამარტო ხევსურული ან მთის სტილი, არამედ ყველა კუთხის. ეს კი დამწყებ მომღერლებს ხშირად ერევათ.

– დათო, როკს, რეპს ან პაპსას იმღერებდით?

– როკს ან რეპს არ ვიმღერებდი. ჩემთვის გაცილებით საინტერესო იქნებოდა ამ ჟანრებს თუ გავაერთიანებდი ჩემს სტილთან. მიყვარს ექსპერიმენტები, მაგრამ ისეთს არაფერს არ შევქმნი, რომ რამე დაზიანდეს, ეს ზუსტად ვიცი.

– როგორ სიმღერას არ შეასრულებთ არასდროს?

– არცერთ იმ სიმღერას არ შევასრულებ, რომელსაც არ ვთვლი ღირებულად და ასეთი ძაან ბევრია.

– ბევრი ამბობს, რომ საქართველოში ფანოღი ლიდერობს. თქვენც ამ აზრზე ხართ?

– რაც შეეხება სიტყვას “ფანოღი”, ამ სიტყვის განმარტება, დარწმუნებული ვარ, 70-მა პროცენტმა არ იცის რას ნიშნავს. მე ვიცი, რომ ეს სიტყვა ნიშნავს რესტორნის მომღერალს.

– ძალიან პოპულარულია სიმღერა “რამდენი მალოდინე”. მას 8 მილიონზე მეტი ნახვა აქვს, რაც ქართული რეალობისთვიც დაუჯერებელია. თქვენი აზრით, რა არის ამის მიზეზი?

– “რამდენი მალოდინე” სიმღერა არის თეონა ქუმსიაშვილის დაწერილი, საკმაოდ თბილი და ემოციური სიმღერაა, მის ტექსტში ასახულია, თუ როგორ შეგიძლია გიყვარდეს ადამიანი და როგორ შეიძლება გამოხატო შენი დამოკიდებულება მის მიმართ. ხელახალმა არანჟმა ეს კიდევ უფრო ეფექტური და ადვილად შესაღწევი გახადა ადამიანის ცხოვრებაში და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ამას არამარტო ქართველი უსმენს, არამედ ძალიან ბევრი სხვა ეროვნების ადამიანი – ირანელები, თურქები, ბერძნები, ებრაელები, ჩეჩნები, დაღესტნელები, რუსები, იტალიელები, არაბები, ქურთები და ასე შემდეგ. ადამიანებს სიტყვები არ ესმით, მაგრამ აღნიშნავენ, რომ ხვდებიან ამ სიმღერის კეთილ ძალას, რომელიც ყველა ამ ადამიანს აერთიანებს.

– “რამდენი მალოდინე” საქართველოს ფანოღშიც სრულდება კონკურსანტების მიერ. ეს გაბრაზებთ?

– სამწუხაროდ, არც ერთ პროექტს არ ვუყურებ და, შესაბამისად, თქვენგან გავიგე, რომ ეს სიმღერა სრულდება იქ. ამით არ ვბრაზდები, ან რატომ უნდა გავბრაზდე?! ეს სიმღერა მე არ მეკუთვნის, შესაბამისად არანაირი საფუძველი არ მაქვს იმისა, რომ რეაგირება მოვახდინო რამეზე. იმღეროს ვისაც გაუხარდება.

– როგორ იჩვევთ მომღერლებს, ვისთანაც დუეტიც შესრულება გსურთ?

– დუეტებს რაც შეეხება, ყოველთვის ვაფასებ მომღერლებს, რომლებსაც აქვთ ფანტაზიის უნარი და, გამომდინარე აქედან, ყველა იმ ადამიანთან ვაკეთებ ამა თუ იმ საინტერესო დუეტებს.

– ხათრის გამო დუეტში გიმღერიათ?

– კი, მიმღერია, მაგრამ მხოლოდ ჩემი არანჟირებითა და ტექსტით, რაც საბოლოო ჯამში კარგი და პოზიტიური დუეტით დამთავრდა.

– დიანა ღურწკაიასთან დუეტზეც მოგვიყევით. როგორ “იპოვნეთ” ერთმანეთი?

– დიანასთანაც მაქვს დუეტი და არა ერთი. მე დიანას ქართულ ალბომზე ვმუშაობ. გარდა დუეტებისა, მის ალბომში შევა სოლო სიმღერები, რის პრეზენტაციასაც საქართველოში ვგეგმავთ. დიანამ თვითონ მომძებნა, რადგან მას ძალიან უყვარს ჩემი საქმიანობა, ჩემი მუსიკა. დამიკავშირდა მისი პროდიუსერი და ასე შედგა ჩვენი თანამშრომლობა. ძალიან მოსიყვარულე და ერთგული ადამიანია დიანა. ვამაყობ, რომ მასთან ვმეგობრობ.

– კომპრომისებზე წასვლა გიწევთ?

– კომპრომისებს თუ გულისხმობთ ხელოვნებაში, არა და დარწმუნებული ვარ, არ წავალ, იმიტომ რომ ამან შეიძლება ის გზა გადამიკეტოს, საითაც მივდივარ.

– გიგრძვნიათ, რომ თქვენთან მხოლოდ იმის გამო მეგობრობენ, რომ პოპულარული ხართ?

– კი, სამწუხაროდ, მაგრამ არც ეს მაზიანებს… ჩემი სამეგობრო წრე სულ 5 ადამიანისაგან შედგება.

– თქვენ რა სიახლეებს შესთავაზებთ ერთგულ მსმენელს?

– ჩემი მსმენელისათვის ყოველთვის მაქვს სიახლეები. იგეგმება ჩემი კინოში გადაღება, “მაიტა ნასოსის” მეორე სერიაში მივიღებ მონაწილეობას. როგორც ყოველთვის, მომღერლის სტატუსით ვიქნები, რომელსაც უყვარდება გოგონა. თავდაუზოგავად ვმუშაობ იმის გამო, რომ ჩემმა მსმენელმა მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს. მინდა ვუთხრა მათ რომ ძალიან მიყვარს ჩემი შემოქმედების გულშემატკივრები. ცოცხალი ვიქნები მანამ, სანამ მათ ვუყვარვარ და არასოდეს არ ექნებათ მათ ჩემგან იმედგაცრუება. დიდი პატივისცემითა და სიყვარულით დავით კენჭიაშვილი.