23 აგვისტო, 2015

დავით კაკაბაძე – სამხატვრო აკადემიიდან გაგდებული მხატვარი

1davit-kakabadzeდავით კაკაბაძეს და მისი შემოქმედებას ათეული წლებია აღტაცებაში მოჰყავს დამთვალიერებელი. მისი ნამუშევრები დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთშიც.

დავით კაკაბაძის და მისი მეუღლის მსგავსად იგივე პროფესია აირჩია მათმა შვილმა ამირ კაკაბაძემ. მან მამას ოცნება აუსრულა და მხატვარი გახდა. თუმცა იგი მაშინვე ანადგურებდა ყველა იმ ნამუშევარს, რომელზეც იტყოდნენ, რომ დავით კაკაბაძის ხელწერას ჰგავდა. ამირ კაკაბაძეს მიაჩნდა, რომ შეძლო მამის ჩრდილიდან გამოსვლა და ინდივიდუალური სტილის ნამუშევრების შექმნა.

დავით კაკაბაძემ რთული და წინააღმდეგობებით სავსე გზა გაიარა. მიუხედავად იმისა, რომ მის ოჯახს პატივს სცემდნენ, 1949 წელს მხატვარი სამხატვრო აკადემიიდან მაინც დაითხოვეს. ის წლების მანძილზე უმუშევარი იყო, რის შედეგადაც გულის ტკივილები დასჩემდა და გულის შეტევით 1956 წელს გარდაიცვალა. მას ბრალდებად წაუყენეს, თითქოს იდეოლოგიურად აფუჭებდა მომავალ თაობებს. დავით კაკაბაძე პარიზში შვიდი წელი იმყოფებოდა და აბსტრაქტულ და კუბისტურ ნამუშევრებს ქმნიდა. მხატვრობაში ფორმალიზმის მიმდინარეობის გამო, იგი ხალხის მტრად მიაჩნდათ. მხატვარი გადასახლებას გადაურჩა, რადგან მაინც გრძნობდნენ, რომ დიდ მხატვართან ჰქონდათ საქმე. მისი ოჯახისთვის აუტანელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ მათი საზოგადოებას ეშინოდა, არავინ მიდიოდა, არ ურეკავდა. მხატვარს რუსთაველზე რომ დაინახავდნენ, პატივისცემის მიუხედავად, მეორე მხარეს გადადიოდნენ. ის ლადო გუდიაშვილთან მეგობრობდა, თავის მხრივ, გუდიაშვილიც არ ერიდებოდა მასთან ურთიერთობას. მხატვარი ნათესავებსაც აკითხავდა, პოლიკარპე კაკაბაძე მას ბიძაშვილად ერგებოდა. ელენე ახვლედიანს არაფრის ეშინოდა და დავით კაკაბაძესთან მეგობრობას განაგრძობდა. ელენე ახვლედიანს იმდენად არაფერი ემუქრებოდა, პეიზაჟისტი იყო, ძველ თბილისს ხატავდა. პარიზშიც იქაურ ბუნებას ხატავდა, ოღონდ, დავითთან შეადრებით, რეალისტურად. ლადო გუდიაშვილიც ქალაქურ ჟანრს გადმოსცემდა. დავით კაკაბაძეს კი ბრეიგელის სტილის, ჩრდილო გერმანული გავლენა ჰქონდა. ლადო გუდიაშვილსა და ელენე ახვლედიანს, ამ ორ დიდ მხატვარს, არ ჰქონდათ მიდრეკილება, ჩამჯდარიყვნენ პიკასოს, ბრაკის, ლეჟეს ახალ მიმდინარეობებში, რაც დავითს ხელეწიფებოდა. მან კუბიზმი, სუპრიმატიზმი, აბსტრაქციონიზმი შეისწავლა, ამიტომაც დასდევდნენ. ლადო გუდიაშვილს ერთხელ მოუვიდა დიდი უსიამოვნება ხელისუფლებასთან, როცა ქვაშვეთი მოხატა. თანაც ისინი, კაკაბაძისგან განსხვავებით, პედაგოგები არ ყოფილან, სახლში ისხდნენ და ხატავდნენ. დავითი კი 23 წლის მანძილზე პედაგოგობდა.

როცა დავით კაკაბაძეს აკადემიიდან აგდებნენ და სადამსჯელო კრებას მოსკოვიდან ჩამოსული კომისია ესწრებოდა, აპოლონ ქუთათელაძემ და სერგო ქობულაძემ შესთავაზეს კომისიას, ჩვენი საათების ნახევარი გადაეცით დავითს და აკადემიაში დატოვეთო. ამაზე მთელი ამბავი ატყდა, კინაღამ ისინიც გააგდეს. ასეთ მოპყრობას ხელოვანი გარეგნულად მშვიდად იღებდა, სულ იღიმებოდა. სინამდვილეში კი მთელი მისი სული ბობოქრობდა. დავითისთვის საქართველო წმინდა ადგილი იყო, ამიტომაც დაბრუნდა, თორემ პარიზში დარჩენას სთხოვდნენ სტერეო კინოს გამოგონებაში მონაწილეობის გამო. ევროპამ და ამერიკამ პატენტებიც მისცა. სტერეო კინოს აუცილებელ კომპონენტად მესამე განზომილება ითვლებოდა. თუ მანამდე კინოს პირველი, მეორე, მესამე პლანი სიბრტყეზე იყო, დავითმა ეს ყველაფერი შეცვალა. მას ნიუ-იორკში ჩასვლას სთავაზობდნენ, სადაც ის გამომგონებლის სტატუსით იცხოვრებდა, მაგრამ უარი განაცხადა, ჩემი ნიჭი საქართველოს უნდა გადავცეო. მართლაც არასოდეს დარჩენილა ქართველი ემიგრაციაში დიდხანს, სულ რელიგიაში იყვნენ ჩაძირულნი, რაც მათ სამშობლოსთან უფრო აახლოებდათ. მხატვარი ყოველთვის ხმამაღლა ამბობდა, რომ პოლიტიკა შორს არის ხელოვნებისგან. სტუდენტებს ურჩევდა, იდეოლოგია შინ დატოვეთ, მთავარია, საერთო იქონიოთ კლასიკურ მხატვრობასთანო.

დავით კაკაბაძე იტალიურ, გერმანულ რენესანსის სკოლებს პატივს სცემდა. ცალკე შეხვედრები ჰქონდა მსოფლიოში ცნობილ დიდ მხატვრებთან, მაგრამ ისეთი პერიოდი იყო, ამას ოჯახშიც არ ამჟღავნებდა. 1927 წელს საქართველოში რომ ჩამოვიდა, 1929 წელს აიძულეს, ლადო გუდიაშვილთან ერთად პერსონალური გამოფენა გაეკეთებინა. იდეოლოგიურმა მუშაკებმა უთხრეს, საფრანგეთში რომ გაგაგზავნათ მენშევიკურმა ჟორდანიას მთავრობამ, გვაჩვენეთ, რა შექმენითო. 1930 წელს მას ფორმალისტის შტამპი დაარტყეს, წლების მანძილზე გრძნობდა, რომ ოჯახის საქმე რთულად ჰქონდა. ამიტომაც არ ამჟღავნებდა, რომ თავის დროზე ყოველ წელს პარიზულ გამოფენებში მონაწილეობდა ცნობილ მხატვრებთან ერთად. ის ამბობდა, მხატვარმა რეალისტურად ხატვა უნდა იცოდეს, ერკვეოდეს ანატომიაშიო. როგორც ფოტოგრაფი იღებს, ისე ზუსტად უნდა ხატავდესო. შემდეგ, როცა მისი აზროვნება, სული ემატება ამ რეალისტურ ნამუშევარს, ნამდვილ მხატვრად მაშინ ყალიბდებაო. დავით კაკაბაძეს რეალისტური ცოდნის საწყისები ჰქონდა, ამიტომაც შეკვეთით რუსთავის ქარხანა დახატა, შეასრულა ნამუშევარი “მადნეულის გამოღება ყაზბეგში”. მთავრობასთან მეტ კომპრომისზე არ წასულა. ფრანგული კარგად იცოდა და ითხოვდა, აღარ დავხატავ, ფრანგულს მაინც ვასწავლიო. ამაზეც უარი უთხრეს. ერევანში მეგობარი მხატვარი ჰყავდა, წერილი დაწერა, იქ ჩასვლას და ლექციების წაკითხვას აპირებდა. თბილისიდან ხელისუფლებამ საპასუხო წერილი აფრინა და ერევანში მოღვაწეობაც აუკრძალეს. ასეთი რთული დრო დაემთხვა დავით კაკაბაძის მოღვაწეობას. მას ამ ვყელაფრის შემხედვარეს გული სტკიოდა. ბოლოს ძლივს დადიოდა ჯოხით. 50-იან წლებში უკვე უჭირდა ფეხზე დგომა. სწორედ იმ პერიოდში ფრანგულის სწავლის ნება დართეს ჩიტაძეზე, ახლა საგარეო საქმეთა სამინისტრო რომ მდებარეობს. იმ აღმართზე ყოველდღიურად ხელჯოხით უწევდა იმ სიმაღლეზე ასვლა, რათა მისთვის ბოლო მოეღოთ.

დავით კაკაბაძის გარდაცვალების შემდეგ, მის შვილს ხშირად ხვდებოდნენ ის ადამიანები, ვინც მათ ოჯახს მტრობდა. ზოგიერთები თავს იმართლებდნენ, მძიმე დრო იყო და სხვანაირად ვერ მოვიქცეოდითო. საბედნიეროდ, ამირ კაკაბაძეს სამაგიეროს გადახდის სურვილი არასდროს გასჩენია. როცა დაინახავდა, იქეთ ერიდებოდა და ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა. აკადემიაში ხუთიანზე რომ ჩააბარებდა საგანს, სამს ან ოთხს უწერდნენ, როგორც დავითის შვილს, მეტი მოგეთხოვებაო. ოჯახმა დავით კაკაბაძის ნამუშევრები შეინახა, არაერთი შეთავაზების მიუხედავად, მათ გასხვისებაზე უარი თქვა, რადგან ისედაც ცოტაა. უარით ისტუმრებდნენ უცხოელ მყიდველებსაც და სოლიდურ თანხაზეც არ თანხმდებოდნენ.