14 აგვისტო, 2015

რობერტ ბარძიმაშვილის აუხდენელი ოცნება

რობერტ ბარძიმაშვილიუდავოა, რობერტ ბარძიმაშვილმა ქართულ ესტრადაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. მან საქართველოს ლეგენდარული ანსამბლები “ორერა”, “ვია 75”, “ჯორჯია” აჩუქა, სიცოცხლის ბოლომდე თავდაუზოგავად მუშაობდა და ალბათ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ საკუთარ სტუდია “ლახტში” მუშაობის დროს გარდაიცვალა.

მომღერლის მეუღლე ქალბატონი ვანდა ხშირად იხსენებდა, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე ხნით ადრე რობერტ ბარძიმაშვილი შეიცვალა, 40 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, საყვარელ მეუღლესთან ჯვრისწერის სურვილი გაუნჩდა, მაგრამ ვეღარ მოასწრო.

***

რობერტი საოცარი ადამიანი იყო. არასოდეს უყვარდა ხმამაღლა ლაპარაკი, მიაჩნდა, რომ საქმით ამტკიცებდა ყველაფერს. მისი სიმღერები ყოველთვის სიყვარულსა და სიკეთეზე იყო. როდესაც ანსამბლი “ორერა” შეიქმნა, იმ პერიოდში რელიგიასა და ეკლესიაზე ხმამაღლა არავინ საუბრობდა. განსაკუთრებული შევიწროება ანსამბლს არასოდეს ჰქონია. ერთხელ როცა აფრიკაში იყვნენ გასტროლზე, იქ იმღერეს “შენს ქრისტეს ვეთაყვანები”. რუსული სიმღერა იყო და მაშინ უთხრეს, თუ არ გაჩერდებით, ხვალვე საბჭოთა კავშირში დაგაბრუნებთო. რასაკვირველია, უკან არ დააბრუნეს, მაგრამ ეს მათი სტილი იყო, უნდა დამუქრებოდნენ და დაეშინებინათ. კაგებეშნიკები იმ პერიოდში გასტროლზე ყველას ახლდნენ, ისინი არც მალავდნენ ამას და ისედაც თვალნათელი იყო. ანსამბლში რომ ზედმეტი კაცი იყო, ეს სხვას რას ნიშნავდა?! იმ პერიოდში ყველას ფოტოებს უღებდნენ, ადამიანებს ეკლესიაში შესვლის ეშინოდათ. ქვაშვეთიდან რომ გამოდიოდნენ, ფოტოაპარატები იდგა. “ორერას” პრობლემებს არავინ უქმნიდა. მათ რეპერტუარში ყოველთვის ჰქონდათ “შენ ხარ ვენახი”, რომელიც ჩვენი ეროვნული საგალობელია და არავინ უშლიდა მის შესრულებას.

***

მომღერლის მეუღლე პროფესიით ინგლისურის სპეციალისტი იყო და ანსამბლს თარჯიმანობას უწევდა. დემოკრატიულ ქვეყნებში ის ყველგან მათ გვერდით იყო. ამერიკის კონტინენტის, იაპონიისა და ჩინეთის გარდა, ყველგან იყო “ორერა”, ავსტრალიაშიც კი. “ორერა სრული სვლით” რომ გადაიღეს, კრუიზი იყო, მთელი ქვეყნები მოიარეს და ავსტრალიამდე ჩავიდნენ. “ორერას” მოჰყვა ანსამბლი “ვია 75”, რომელზეც რობერტ ბარძიმაშვილი სულ ამბობდა, ცოტა გვიან რომ შემექმნა ეს ანსამბლი, ბევრად უფრო პოპულარული იქნებოდაო. 70-იანი წლებისთვის “75” ძალიან მაგრად უკრავდა. როკს უკრავდნენ, პირველი როკ-ოპერა მათ დადგეს, “ალტერნატივა” ერქვა და რობერტ სტურუამ განახორციელა. მოგვიანებით კი რობერტ ბარძიმაშვილმა უცხო ენების ინსტიტუტშიც გააკეთა როკ ოპერა, რომელიც ფრანგულად იყო და თვითონაც მღეროდა ბავშვებთან ერთად.

***

მან თავის ბოლო ჯგუფს “ბარძიმი” დაარქვა, რაც მის გვართან იყო დაკავშირებული. იმისთვის, რომ ჯგუფისთვის “ბარძიმი” ეწოდებინა, ის უწმინდესთანაც კი მივიდა, რომ ლოცვა-კურთხევა და ნებართვა ეთხოვა. გვარიდან გამომდინარე არქმევდა ამ სახელს, მაგრამ რადგან ბარძიმს ეკლესიურად სულ სხვა დატვირთვა აქვს, ამიტომაც ჩათვალა, რომ ილია მეორესთან ვიზიტი აუცილებელი იყო. უწმინდესმა მისცა ლოცვა-კურთხევა რობერტ ბარძიმაშვილს და უთხრა, თქვენი გვარი ისეთი წარმოშობის არის, თვით ღვთის ნებაა, რომ ასე იყოსო. პატრიარქმა კალენდარი და პატარა ბარძიმი აჩუქა. მანამდე ხელოვანი არასოდეს ყოფილა მის უწმინდესობასთან, მაგრამ ამის ესტუმრა. ჯგუფში მის მიერ არჩეული ბიჭები, მისი აღზრდილები გაერთიანდნენ. მომღერალი რომ გარდაიცვალა, კურთხევა მას უკვე ჰქონდა უწმინდესისგან. 2003 წლის გაზაფხულზე იყო უწმინდესთან და ივლისში გარდაიცვალა, შემოდგომიდან კი ეს ჯგუფი შეიქმნა და სტუდიასაც დაერქვა “ბარძიმი”. მომღერლის საამაყოდ უნდა ითქვას, რომ ბევრმა მისმა აღზრდილმა სხვადასხვა საბავშვო ფესტივალებში გაიმარჯვა.

***

რობერტ ბარძიმაშვილის გარდაცვალება ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. იმ დღეს თავის სტუდიაში იყო და მუშაობდა. სამსახურში სკამზე იჯდა და გულის შეტევა დაემართა. 11 წლით ადრე მას ინფარქტი ჰქონდა გადატანილი. წინათგრძნობა არ ჰქონია, სიკვდილზე არასოდეს ლაპარაკობდა, თუმცა ხშირად მღეროდა ავთო შარვაძის სიმღერას “მე რომ სიკვდილი მჭირს”. მას მეუღლე გამუდმებით საყვედურობდა, არ მიყვარს ეს სიმღერა და ასე ხშირად ნუ მღერიო. ამის მიუხედავად, სიმღერას ის 20 წლის განმავლობაში ასრულებდა. ცრურწმენები არ ჰქონია, ძალიან რეალისტი ადამიანი იყო. მაგრამ ერთხელ ძალიან შეშინებული მივიდა სახლში და ოჯახის წევრებს უთხრა, ავარიაში მოვყევი, დაჯახების მომენტში მთელმა ჩემმა ცხოვრებამ გაიარა ჩემ თვალწინ კადრებივით, რაღაც სუფთა დავინახე და ამან გადამარჩინაო. ტრადიციად ჰქონდა, როდესაც სადმე მიდიოდა, ქვაშვეთში შედიოდა და წმიდა გიორგის ხატთან სანთელს ანთებდა. მისი ნათლობის სახელი გიორგი იყო. მომღერალი გვიან მოინათლა, მეათე კლასში იყო. სიცოცხლის ბოლო წლებში რობერტ ბარძიმაშვილი უფრო ეკლესიური გახდა, ჯვრისწერის სურვილიც გაუჩნდა, თუმცა ვერ მოასწრო. სწორედ ეს დარჩა აუხდენელ ოცნებად მომღერალს, რომელმაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება საყვარელ საქმეს შესწირა. მომღერლის მეუღლის სურვილით რობერტ ბარძიმაშვილი ლურჯი მონასტრიდან გამოასვენეს და დიდუბის პანთეონში დაკრძალეს.