14 ივლისი, 2015

„ზაფხულის კინოსკოლა“ იწყება

1zafxulis-kinoskolaკინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ინიციატივით 15 ივლისიდან საქართველოს რეგიონებში ახალი პროექტი „ზაფხულის კინოსკოლა“ იწყება. პროექტის ფარგლებში, კინოსპეციალისტები საქართველოს ძნელად მისადგომ 30 სოფელსა და საზღვრისპირა დასახლებებს ესტუმრებიან, სადაც სკოლების ბაზაზე, 2 კვირის განმავლობაში, ყოველდღიურად გამართავენ მსოფლიო და ქართული კინოკლასიკისა და თანამედროვე ქართული ფილმების ჩვენებებს, მოაწყობენ დისკუსიებს ფილმების შესახებ.

კინოსპეციალისტები ბავშვებს ფილმის შექმნის სპეციფიკას გააცნობენ და მოკლემეტრაჟიან ფილმებს გადააღებინებენ. ამასთანავე დაგეგმილია ცნობილი ქართველი რეჟისორების შეხვედრები ბავშვებთან. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები შეხვდებიან ზაზა ურუშაძეს, გიორგი ოვაშვილსა და ლევან თუთბერიძეს და თავად დაუსვამენ კითხვებს მათი ფილმების შესახებ.

“ზაფხულის კინოსკოლის” მთავარი მიზანი მაღალმთიან და საზღვრისპირა რაიონებში მცხოვრებ მოზარდებში კინო-განათლების ამაღლებაა; ფილმების ნახვა და შემდგომი დისკუსიები ააუმჯობესებს მოსწავლეების სააზროვნო და ესთეტიკურ უნარებს; მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებაში ჩართვა კი ხელს შეუწყობს მოზარდების შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

პროექტში ჩართულია 30 სოფელი, მათ შორისაა საზღვრისპირა დასახლებები – ხურვალეთი, კნოლევი, დიცი, ერგნეთ–მამისაანთუბანი, ასევე რუხი, კოკი, განმუხური, დუმასტური და, რა თქმა უნდა, მაღალმთიანი და ძნელადმისადგომი სოფლები ღები, კაცხი, ბეჩო, მუჟალი, უშგული, ბარისახო, შუაფხო, ზარზმა.

“ზაფხულის კინოსკოლის” ფარგლებში 14 კინოჩვენება გაიმართება.