14 ივლისი, 2015

ვაჟა ფშაველა: რა არის თავისუფლება?

1vaja-fshavela14 ივლისი ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი გამორჩეული შემოქმედის ვაჟა ფშაველას დაბადების დღეა. მთის არწივად წოდებული ვაჟას ნაწარმოებები დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს.

“არტინფომ” მისი საუკეთესო გამონათქვამები შეკრიბა.

მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო, – არა! უნდა ყოველს სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის.

მარტო ქონებრივი უზრუნველყოფა არ არის გარანტია, ერმა შეინარჩუნოს თავისუფლება, უკეთუ მას თან არ ახლავს ერის საერთო გონებრივი სიმწიფე, განათლება და ცოდნა.

ყველა ერი თავის ცეცხლს უკეთებს და თავის კერძს ჩასცქერის და სხვისთვის ხეირი იმდენად უნდა, რამდენადაც თავად გამოადგება იგი. მხოლოდ ერთ ნაწილს ქართველებისას არ სწამს, რომ ეს ასეა. რუსეთისაგან ისინი მოელიან წყალობას. აბა საიდან სადა? ნუთუ რუსეთი არ არის საშიში მეზობელი ჩვენთვის? ნუ ჰგონიათ, რომ ბატონობის მისწრაფება და სურვილი დამონებულ მცირე ერებისა შეუმცირდება რუსეთს? არა და ცხრაჯერ არა!

ზოგს ჰგონია, რომ ნამდვილი პატრიოტიზმი ეწინააღმდეგება კოსმოპოლიტიზმს, მაგრამ ეს შეცდომაა. ყოველი ნამდვილი პატრიოტი კოსმოპოლიტია ისე, როგორც ყოველი გონიერი კოსმოპოლიტი (და არა ჩვენებური) პატრიოტია.

ამიტომ კოსმოპოლიტიზმი ასე უნდა გვესმოდეს: გიყვარდეს შენი ერი, შენი ქვეყანა, იღვაწე მის საკეთილდღეოდ, ნუ გძულს სხვა ერები და ნუ გშურს იმათთვის ბედნიერება, ნუ შეუშლი იმათ მისწრაფებას ხელს და ეცადე, რომ შენი სამშობლო არავინ დაჩაგროს და გაუთანასწორდეს მოწინავე ერებს. ვინც უარყოფს თავის ეროვნებას, თავის ქვეყანას იმ ფიქრით, ვითომ კოსმოპოლიტი ვარო, ის არის მახინჯი გრძნობის პატრონი, იგი თავისავე შეუმჩნევლად დიდი მტერია კაცობრიობისა, რომელსაც ვითომ ერთგულებას და სიყვარულს უცხადებს.

მეზობლები ვართ, მეზობლებიო! ვერაფერი ერის აღმზრდელი აზრი გახლავთ. ეს იცით რასა ჰგავს? კაცსა სცემდე და იმას უყვიროდე ხელი არ გაიქნიო, ხელი არ გასძრა, ხუმრობა საქმე არ არის, მაღლიდამ ღმერთი ჰხედავს მტყუანსა და მართალსა!

მეგობარო! დღეს ქალებიც თხოულეობენ მამაკაცებთან თანასწორ უფელბას. სჯობს, მიეცეს, თუ არა, რას იტყვი? მე ამ საკითხზე გაჭიანურებულ პასუხს არ მოგცემ… მე მხოლოდ ამას ვიტყვი: დიდად და დიდად საჭიროა დაკმაყოფილდეს ქალთა მოთხოვნილება. მჯერა, მწამს და ვერც ვერავინ შემაცვლევინებს ამ რწმენას… დედაკაცნი უფრო ლმობიერნი, გრძნობიერნი არიან და დღევანდელი ცხოვრება ყველაზე მეტად რას მოითხოვს, თუ გარდა, ერთის გრძნობისა, რომელსაც ეწოდება შებრალება, შეწყნარება.

ყვავილი ყვავილთან ჰყვავის.

მთასა თუ ველს, ქვასა თუ ლოდს, ცხოველსა თუ მცენარეს აქვს თავისი სიმბოლური ფიქრი და წუხილი და შენ, ადამიანო, რა დაგემართა, რატომ დაკარგე სინდის-ნამუსი?!

მწერლობა მაშინ ასრულებს თავის წმინდა მოვალეობას, როცა უკეთესად ემსახურება ქვეყანას.

ჩვენში ძალიან სათაკილოდ და ვითომ ნიჭის დამამცირებლად მიაჩნიათ მწერალზე სხვისი გავლენა.

ილია იმდენად ჭკვიანია, იმდენად უყვარს ქართველები და საქართველო, რომ მამაპაპათა წინაშე დაჰმალავს ტყვიებსაც, წყლულებსაც, რომ ჩვენზე ცუდი არ ათქმევინოს და არ აფიქრებინოს, არ გააჯავროს ისინი ჩვენზე.

„საწყალი ილია, საწყალი ილია!” მესმის გულსაკლავად წარმოთქმული აქეთ-იქიდან სიტყვები მამათა და დედათა მიერ. საწყალი ილია? არ არის ილია საწყალი, ვინაიდან მან აასრულა თავისი მოვალეობა წინაშე თავის ქვეყნისა. იბრძოლა, იღვაწა ჩვენს სასარგებლოდ და დაღლილ-დაქანცული მიებარა ცივ სამარეს, ჩაიყოლა თან ისევ ჩვენი დარდი, დარდი თავის ქვეყნისა. გაიყოლა თან ის ტყვიები, რომლითაც ჩვენ იმას გავუმასპინძლდით, წყლულები ჩვენ მიერ დაჩნეული. ჩაიყოლა თან ყველა ეს ჩვენ მიერ მიძღვნილი სასიქადულო ძღვენი.

ილიასთანა ადამიანებს სიცოცხლეშივე ძეგლებს უდგამენ უცხოეთში, ხოლო ჩვენ კოცონზე ვწვავთ, ვკლავთ, როგორც ავაზაკებს! საბრალო ჩვენო თავო, საწყალო საქართველოვ!

აზრის წარმოთქმა რომელიმე საგანზე თვით საგნის შეუსწავლელად და შეუგნებლად მხოლოდ რეგვენს ადამიანს შეუძლია.

ადამიანის ფიქრის ერთი საქებური თვისება – მოვლენათა მიზეზების ძიებაა.

ადამიანის გონება ყველას და ყველაფრის დაბერებას შეურიგდება, ხოლო სიბერე ერისა საშინელებაა.

ახალთაობის წესიერად აღზრდისათვის საჭიროა დედაენაზე სწავლება, დრომდის მაინც აუცილებლად, სამშობლოს ისტორიის და ლიტერატურის შესწავლა.

აზრი სწორი და შრომა მედგარი, ბედნიერების მოსაპოვებლად ერთი სახსარი მხოლოდ ეგ არი.

აზრი დარბაისელი, დიდად გამოცდილი, დინჯი მოხუცია; ყველაფერს სარგებლობის, სიმართლისა და ჭეშმარიტების თვალით უცქერის, საბოლოოდ რა გამოვა და რა არა.

აზრსაც იმის მიხედვით აქვს ბაზარი და გასავალი, რამდენადაც მტკიცე და შეუპოვარნი არიან მისი მტვირთველნი, რამდენიც მეტი წამებული ჰყავს. ყველა რჯულის აზრი, სოციალური თუ საწმუნოებრივი, იმის მიხედვით იმარჯვებს, თუ რამდენად ნიადაგი აქვს განხორციელებისა და რამდენად თავგამოდებულნი მომხრენი ჰყვანან.

მუტრუკი მიტომ მუტრუკობს, დედა ჰყოლია ვირიო. კაცი ბეჩავის მჩაგრავი სად გაგონილა გმირიო!

აბა კაი ბიჭი ხარ და ქართველ კაცს გააბედინებ, ათქმეინებ თავის მოწინააღმდეგის შესახებ, რომ თუმცა ერთსა სტყუი, მაგრამ ეს ერთი რამ კი სიმართლე სთქვიო. რაკი მოწინააღმდეგე ხარ, სრულიად, თავიდან ბოლომდე მტყუანი ხარ, მართლის თქმა, მართლის ქმნა არ ძალგიძსო.

ათისა და ოცის კაცის ავაზაკობა ისე ვერ დააზიანებს ერის ცხოვრებას, როგორც სხვაგვარი ავაზაკობა ათასისა და ორი ათასისა, – პირველთ ადვილად ვიშორებთ თავიდან, ავაზაკებს ვეძახით, ვსდევნით, როგორც ცოფიან ძაღლებს, ვეტევებით თოფით და ხმლით, მოსაკლავად არა ვზოგავთ, ხოლო მეორე ჯულის ავაზაკებს ვძმობილობთ და ვემოყვრებით.

არ მგონია შეედრებოდეს ერთი საგანი მეორეს ისე, როგორც მდინარე და ენა. რით გავს ენა მდინარეს? იმითი, რომრაც ერთხელ მდინარეს გემო და თვისება მიუღია, თუ ხელოვნულად არ მოსტაცე, არ წაართვი, იგი თავისთავად არასოდეს არ დაჰკარგავს, მიმდინარეობას იმ ჟამით ჟამამდე დაუდგრომელად, მისი შეჩერება, დაგეუბება ცოტა ხნობით თუ შეიძლება, ხოლო სამუდამოდ კი არასოდეს.

ზღვაში ბევრი წყალი ერევა, მაგრამ ზღვას მაინც ზღვა ჰქვიან და ზღვაც იმიტომ არის, რომ ყველა იმ მდინარეთ იტევს, ისისხლხორცებს და საკუთარს დიდებულს სახელს არა ჰკარგავს.