9 ივლისი, 2015

უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი დაკავებულია

1Ufliscixe-nakrdzaliდიდი ოდენობის ქრთამის აღების ფაქტზე უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის მმართველი ირაკლი მირუაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ირაკლი მირუაშვილმა, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, მოქალაქეს უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის პირდაპირი წესით იჯარით გადაცემაში დახმარებას სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 13.000 ლარი.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, რაც 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდართან დაკავშირებით კომენტარი გააკეთეს კულტურის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ანთიძემ.

მიხეილ გიორგაძე:

– გამოძიება დაადგენს ყველა დეტალს, თუმცა მინდა თვქვა, რომ ძალიან სამწუხაროა, კორუფციასთან ბრძოლის ფონზე და კულტურული მემკვიდრეობის სფეროს მაქსიმალური ინსტიტუციური განვითარების ფონზე ადამიანები მაინც ჩადიან მსგავს კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. ბატონი მირუაშვილი ძალიან მძიმე ბრალდებებით არის დაკავებული და ჩვენ მომავალშიც შეურიგებლები ვიქნებით მსგავს ფაქტებთან. ადამიანები, ვინც ასეთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ჩაიდენენ კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

ნიკა ანთიძე:

– საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მჭიდროდ თანამშრომლობს სამართალდამცავ ორგანოებთან. ქრთამის აღება გარდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებისა, ჩვენს დარგში არის უზნეობა. ჩვენ გავაგრძელებთ უმკაცრესად მუშაობას, რომ მსგავსი ფაქტები პრევენციის სახით ან ფაქტის დადასტურების შემთხვევაში იყოს უმკაცრესად დასჯილი. ყველას მოვუწოდებ ამ დარგში დაკავებულ ადამიანებს გაუფრთხილდნენ თავის დარგს, საქმიანობას და რეპუტაციას.