12 ივლისი, 2015

თემურ ცაგურიას გზავნილი ამერიკიდან

1caguriaთემურ ცაგურია – ეს სახელი და გვარი უფროსი თაობისთვის კარგად არის ცნობილი. არაერთი სიმღერისა და ლექსის ავტორი წლებია ამერიკაში ცხოვრობს.

“ბუმის მომგვრელი რეზონანსული ხმა”, “ნუ სთხოვთ თემურ ცაგურიას იმღეროს ბოშური რომანსი, სთხოვეთ იმღეროს ქართული სიმღერები, ეს მსოფლიოს მერვე საოცრებაა!” – ასეთი შეფასებები ქართველ მომღერალს ადგილობრივმა პრესამ მიაკუთვნა. მისი პოეზია კი საკმაოდ დადებითად შეფასდა ამერიკის კონგრესის ბიბლიოთეკის პოეზიის განყოფილების მიერ.

“არტინფოსთვის” მიცემულ ინტერვიუში ხელოვანმა “რეროში” მოღვაწეობის საინტერესო ისტორიები გაიხსენა და შორეული ამერიკიდან თავის საყვარელ ხალხს კიდევ ერთხელ მოეფერა.

თემურ ცაგურია:

– ყველაფერს აიტანს კაცი შიმშილს, უშუქობას, სიცივეს, მაგრამ როცა საქმე შვილებს ეხება… რა თქმა უნდა, არა…

– რატომ წახვედით ამერიკაში?

– ამერიკის ხმამ თავის დროზე დიდი გავლენა იქონია ჩვენს ახალგაზრდებზე. ჩვენ გავიზარდეთ ამერიკული ჯაზის კორიფეთა გავლენით, ამავე დროს პოლიტიკისა და სოციალური სამართლიანობის მხრივ, ამერიკა იმ დროს მრავალი ჩვენთაგანის იდეალი იყო. აქვე მინდა ჩემი მოსაზრება გამოვთქვა იმის თაობაზე, თუ ვინ იყო მთავარი მამოძრავებელი ძალა საბჭოთა იმპერიის დანგრევაში. ამას ხან რეიგანს მიაწერენ, ხან გორბაჩოვს. მე კი მგონია რომ რადიოსადგურებმა ამერიკის ხმამ და თავისუფლებამ დასცა ეს გველეშაპი.

– ხომ არ ნანობთ თქვენს გადაწყვეტილებას?

– ცხოვრება შედგება სიხარულისა და სინანულის მრავალფეროვნებისგან, ასე რომ, მარტო ღმერთმა იცის სად ინანებ და სად არა.

– რა პერსპექტივა აქვს საქართველოს თქვენი ამერიკული გადმოსახედიდან?

– უკანასკნელი ჩემი ვიზიტისას 2 წლის წინ საქართველომ გამახარა. იმასთან შედარებით რაც იყო, ეს შემდგარი სახელმწიფოა.

– ამერიკაშიც მღერით თუ სხვა საქმიანობა დაიწყეთ?

– უკვე პენსიაზე ვარ, მაგრამ სიმღერას თავს არ ვანებებ. ჩემი საკონცერტო დარბაზი ახლა ფეისბუკია – გადახედეთ ჩემს გვერდს, მარტო 2 წლის განმავლობაში 40-მდე ახალი და ძველი სიმღერა ჩავწერე და გამოვაქვეყნე. მიხარია, რომ ისევ ქართველებისთვის ვმღერი. აღურიცხავი სიმდიდრის სანაცვლოდ – ეს ხალხის სიყვარულია… რაც შეეხება სხვა საქმიანობას, გთხოვთ, ნუ დაემსგავსებით ყვითელ პრესას, თქვენ ხომ სერიოზული გამომცემლობა გაქვთ.

– როგორი იყო გზის დასაწყისი თქვენს პროფესიაში?

– ჩემი სიცოცხლის გზა სიზმარია… ყველაფერი რომ მოგიყვეთ, მთელი ცხოვრება არ მეყოფა. ჩემი მთავარი მეგობარი მუზა იყო ჩემი პირველი სიყვარული – ზღვა. უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი (ჟურნალისტიკის განყოფილება) მნიშვნელოვნად დამეხმარა იმაში, რომ ბარდი გავმხდარიყავი.

– გაქვთ განსაკუთრებული ისტორიები, რომელიც სულ გახსოვთ და არასოდეს გავიწყდებათ?

– რა თქმა უნდა. საბედნიეროდ, ბევრი კარგი და დაუვიწყარი ისტორია მაქვს. 1969 წელს, „რეროსთან“ ერთად გასტროლებზე, ცელინოგრადში ვიმყოფებოდით. მიგვიღეს მაღალ დონეზე… ჩემი „ლუქსის“ ფანჯრები და აივანი პირდაპირ ლენინის უშველებელ ძეგლს გადაჰყურებდა. იყო არნახული ანშლაგი! დღეში ორ კონცერტს ვატარებდით… ექვს დღეში ვიგრძენით, რომ „გმირულად“ დავეცემოდით სცენაზე მაყურებლის თვალწინ და ჩვენმა ხელმძღვანელმა კონსტანტინე პევზნერმა შაბათ დღეს „ოტგული“ მოგვცა. იმ საღამოსვე შევცვივდით რესტორანში და დილამდე შევუბერეთ… 6-ის 10 წუთი იყო გაუხდელი ლოგინზე რომ დავარდი და გავითიშე… უცებ კარებზე ბრახუნი გაისმა, საათს დავხედე ზუსტად 6 საათი იყო. საკმაოდ უწმაწურად რატომღაც მეგრულად გავძახე, მერე გამახსენდა რუსეთში რომ ვიყავი გასტროლზე და რუსული გინების კორიანტელი დავაყენე… გავაღე თუ არა კარები, ორი „სპეცოვკიანი“ მუშა დაუპატიჟებლად შემოვიდა, თანაც უშველებელი ფანერით. იმ პერიოდში ორჯერ მქონდა მოპოვებული საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტტის ჩემპიონობა კრივში და ფანერა ერთი “ნოკაუტით” ნამსხვრევებად ვაქციე, მერე მუშებს მივუბრუნდი… ჩავკეტე კარები, დავეთხლიშე ლოგინზე და გავითიშე… არ ვიცი რამდენი ხნის შემდეგ, ისევ გაისმა კარებზე ბრახუნი. ამაზე კიდევ უფრო მაღალფარდოვანი მეგრული გინება გამოვიყენე, „პლანკა“ ავწიე… მერე ისევ გამახსენდა სადაც ვიყავი და ერთი ნახტომით კართან გავჩნდი… – მე ვარ ბიჭო პევზნერი, – მომესმა დაკეტილი კარის იქით. საკეტი, როგორც იქნა მოვძებნე… – სასწრაფოდ ჩაიცვი სასტუმროს დირექტორი გიბარებს! – პევზნერის შეშფოთებულმა ჰაბითუსმა ცოტა არ იყოს ჩამაფიქრა… – ოღონდ, გეხვეწები რაც არ უნდა გითხრას ერთი 5 წუთი არ შეეპასუხო, ომისა და შრომის ვეტენარია, თანაც საბჭოთა კავშირის გმირი, – ლამის დამიჩოქა ხელმძღვანელმა. – ააუ, დამერხა „ზნაჩიტ“? – ირონიულად ჩავიხითხითე… გახეული მთვრალი ვიყავი და გმირი კი არა გენერალი სიმუსი იმ მომენტში, ჩემთვის ავტორიტეტს არ წარმოადგენდა… ფართო მაგიდასთან მჯდომ, საკმაოდ ზორბა, ჭაღარა კაცს მკერდი ორდენებითა და მედლებით ქონდა სავსე… ჩემს დანახვაზე, თვალები აემღვრა, ქვედა ყბა აუცახცახდა და აწკრიალდნენ მის განიერ მკერდზე „ჩინ-მედლები“… მკვდარი და ცოცხალი არ დამიტოვა… საათს დავხედე 7 წუთი გასულიყო… – რა აუცილებელი იყო, პატივცემულო დილის 6 საათზე იმ ფანერით ჩემი ნომრის გარემონტება? – შევეპასუხე დირექტორს… თურმე „ფანერა“ ლენინის უშველებელი პორტრეტი იყო, 7 ნოემბერი ყოფილა და „პარადისთვის“ „ილიჩი“ ჩემს აივანზე უნდა დაეკიდათ… ციხეს და რეპრესიებს გადამარჩინა ჩემმავე ფოტომ (ავტოგრაფით), რომელსაც მილიციის სამმართველოს ცოლი სათუთად ინახავდა… გასტროლი ცელინოგრადში კი წარმატებით დავასრულეთ.

ევროვიზია ჩვენ დროს კონკურსი არ იყო. უბრალოდ ყველა ქვეყანა საუკეთესო მომღერლებს წარადგენდა ხოლმე განსაკუთრებით წარმატებულ მომღერლებს მეორეჯერაც ამღერებდნენ. რადგან ჩვენი ორკესტრი” რერო” მაშინდელ საბჭოთა კავშირში ყველაზე პოპულარული კოლექტივი იყო, სსრკ-ს სახელით ვიმღერე ტელერადიოკომიტეტის ც სტუდიიდან რეროს თანხლებით. მინდა გამოგიტყდეთ: იმ ხანად თანაკლასელი მიყვარდა სუფთა პლატონური სიყვარულით. 13 მაისს მის დაბადების დღეზე გვარიანად მოვილხინე, შემდეგ მოვუყევი სუფრის წევრებს ჩემი ჰობის შესახებ, თუ როგორ შევდივარ საღამოთი ზღვაში და მთელი ღამე ვცურავ. ერთ-ერთმა მათგანმა ვისაც ასევე მოსწონდა ჩემი თანაკლასელი მასხრად ამიგდო. დავნიძლავდით. დუელი ბათუმში დავთქვით. 10 საათი უნდა მეცურა ზღვაში. წაგებულს 20 კაციანი სუფრა უნდა გაეშალა. დათქმულ დღეს ჩემი მეგობარი ვასიკო მჭედლიშვილი სეკუნდანტად წავიყვანე და ბათუმში ჩავედით. ბევრი ვეძებეთ ჩემი მოქიშპე, მაგრამ ვერ ვიპოვნეთ. ვასიკოს ვუთხარი შენ იქნები მოწმე! მე ახლა 10 საათს ვიცურავებ მეთქი. ხათრი ვერ გამიტეხა. სანაძლეო მოვიგე. მაგრამ მატარებელზე დამაგვიანდა და ევროვიზიის მეორე გამოსვლა ჩამეშალა, მერე რა ნიძლავი ხომ მოვიგე!

იურმალამდე სიმღერის კონკურსი ლიეპაეში იმართებოდა და “ოქროს ქარვა” ერქვა. 1968 წელს როცა ამ კონკურსის გრანდ პრი მოვიგე და რაიმონდ პაულსმა ხეზე ამოჭრილი მომღერლის გამოსახულება და მასზე მიკრული დიდი და პატარა ქარვის ქვები გადმომცა. კულისებში ფულიანები ამედევნენ დიდი ქარვა იქვე გავყიდე 800 მანეთად და რესტორნებში დავამღერე. პატარა ქარვა და პრიზი კი ჩემთვის დავიტოვე. მოვფრინავ გახარებული საქართველოში, სამსახურში მოვედი (მაშინ საქართველოს რადიოში ვმუშაობდი). განცხადებების დაფაზე ჩემი გვარი ამოვიკითხე: თემურ ცაგურიას გამოეცხადოს საყვედური პირად საქმეში შეტანით…… ტყულისთვის! გამახსენდა რომ ლიტვაში გაფრენის წინ თავმოყვარეობის გამო (იქნებ ვერ გავიმარჯვო და შევრცხვე-მეთქი) რადიოს ხელმძღანელობასთან ავადმყოფობა მოვიმიზეზე. საყვედური 6 თვის შემდეგ მომიხსნეს, მაგრამ კონკურსებში მონაწილეობის სურვილი სამუდამოდ დავკარგე.

– რა გრძნობა გეუფლებათ, როცა თქვენს სიმღერებს სხვები ასრულებენ?

– რა თქმა უნდა, მიხარია, მაგრამ ზოგჯერ მწყინს, როცა ავტორის ვინაობას არ ასახელებენ.

– წლების მატება კიდევ უფრო აძლიერებს ნოსტალგიას. როგორ უმკლავდებით მას?

– ფეისბუკმა შემიქმნა ისეთი ილუზია, რომ საქართველოში ვცხოვრობ… ეს დიდი ბედნიერებაა.

– რა გზავნილს გამოუგზავნით თქვენს თანამემამულეებს საქართველოში?

– მოეფერეთ ერთმანეთს!