Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

თამრიკო ჭოხონელიძე: ,,ახლა ნახეთ თავდასხმა!”

21 ივლისი, 2015

1tamriko-choxo– როდის განიკურნება საქართველო? – ამ კითხვას მომღერალი თამრიკო ჭოხონელიძე ღიად სვამს და საქართველოში და ქართველებში მომრავლებულ ზიზღს, ერთმანეთის ვერ ატანას, მოვლენების მხოლოდ ცუდი წახნაგით დანახვას, კარგზე სრულ დამბრმავებას და სხვისი ჭირით სიხარულს აპროტესტებს, თანაც თავდასხმისთვისაც მზად არის.

თამრიკო ჭოხონელიძე:

– ერთმა ქალბატონმა, მაშინ როცა სრულიად ობიექტურად და გულწრფელად აღვნიშე და მოვიწონე რუსთავი 2-ზე ერთ-ერთი გადაცემა, ნიშნისმოგებით მომწერა, რაღაც ამ ბოლო დროს მოიხიბლეთ რუსთავი 2-თო(?!) მე ყოველთვის ვიხიბლები იმით, რაც ჯანსაღია და რასაც ნიჭიერება ჰქვია ყოველგვარი გათვლების გარეშე!!!…

როდის განიკურნება ნეტავ საქართველო სენისგან, რასაც უკვე სახელსაც ვერ დაარქმევ – ზიზღის, ერთმანეთის ვერ ატანის, ხშირად მოვლენების მხოლოდ ცუდი წახნაგით დანახვის, კარგზე კი სრული დაბრმავების, სხვისი ჭირით სიხარულის, დაცემულის კიდევ უფრო გათელვის და ვინ მოთვლის კიდევ რამდენი ამგვარის ერთობლიობა!… რა თქმა უნდა, ამის სახელი ჯერ არ მოგონილა და მაინცდამაინც საქართველოში უნდა დაერქვას ამას რაღაც ახალი სახელი?!

ახლა წამოვა შემოტევის ტალღა – როგორ, აბა 13 ივნისის მაგალითი რა იყო?! და ა.შ… იცით რა, აბა ჰკითხეთ იმ ახალგაზრდებს, ვინც დღედაღამ იქ იყვნენ (მათ შორის ჩემი შვილებიც) და ერთად ყოფნის და თანადგომის გასაოცარ მაგალითს იძლეოდნენ, ჩაიდინეს თუ არა გმირობა? სათითაოდ ყველა გეტყვით, რომ ეს მათი მოქალაქეობრივი ვალი იყო! მე კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი თავმდაბლობისა და ამავდროულად დიდი ადამიანობის წინაშე!!! მაგრამ მოდით ნურც იმას უარვყოფთ, რომ ხშირად ვციდავთ კიდეც! არ შეიძლება ხმამაღლა ვთქვათ და ერთმანეთს გავუზიაროთ ის, რაც ჩვენივე გამოსასწორებელია!

რატომ ჩემო ძვირფასებო?! რატომ დავკარგეთ ობიექტურობის გრძნობა?… ან რატომ ვაძლევთ თავს უფლებას სხვას ავუკრძალოთ და ვაქილიკოთ მის მიერ გულწრფელად შეფასება და მისივე თანამემამულის ნიჭიერებით აღფრთოვანების გამოხატვა?!

მე არ შემიძლია არ გამოვხატო ჩემი დიდი სიხარულის განცდა, როცა პროექტს იქს ფაქტორს ვადევნებდი თვალს! დიახ, შეძლებისდაგვარად ხშირად ვუყურებდი და რაც ყველაზე მეტად მხიბლავდა, ეს იყო ბევრი ნიჭიერი ქართველის ხილვა და მოსმენა! ან რატომ არ უნდა აღვნიშნოთ ის, რომ თითქმის ყველა მათ პროექტს, დაწყებული პროდიუსერებით, რეჟისორებით, ოპერატორებით, ხმის რეჟისორებით, დამთავრებული …არც ვიცი ვინ ვთქვა, მაღალი-პროფესიონალიზმის ბეჭედი აქვს დასმული?! ყოჩაღ!… (რა თქმა უნდა არის ხარვეზებიც… ეს უფრო გარკვეულ ფლიგელში კომპეტენტურობას ეხება… მაგრამ…) უკვე ვიცი რა მოხდება, ახლა ნახეთ თავდასხმა!

ამას ჩასაფრებულები აუცილებლად პოლიტიკურ სარჩულს დაუდებენ! არა ბატონებო, არავითარი პოლიტიკა! მით უმეტეს, მე ისევ გამაჩნია ჩემი აზრი და პრინციპი, რომ სწორედ იქ ვიდექი, სადაც უნდა ვმდგარიყავი!… მაგრამ ნიჭიერების აღიარებას რად უნდა პოლიტიკა?! ეს ხომ ძალიან მარტივია, გაახილე თვალი და აღიარე რა!!! ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, მეამაყება ამდენი ნიჭიერი ქართველის ასე ობიექტურად წარმოჩენა, ყველა ტურში რა კარგად წარმოაჩინეს თავი… ხალხურის ტური შესანიშნავი იყო და არა მარტო ხალხურის… იდეაში ბევრი პოზიტივის მოტანა იყო და ნამდვილად მიაღწიეს! ეს სხვა არხის კონკურსებზე ჯერ მიუღწევადია. იქ ჯერ არაობიექტურობის, არაკომპეტენტურობის, სასაცილო დაპირისპირებების, პროვინციული გამოხტომების, სმს-ბის ყიდვა-გაყიდვის ბაზრის მოსპობის, ხალხის მოტყუების და ა.შ. კიდევ ბევრი პრობლემის გადალახვაა საჭირო და მერე იქნებ მიაღწიონ სამართლიან და ჯანსაღ კონკურსებს, სადაც მართლა ნიჭიერები გამოვლინდებიან! და სადაც ბოლო სიტყვას მართლა ხალხი იტყვის სამართლიანად!… ეს ისე!…

ამ უსაყვარლესმა და დიდი სიკეთის მატარებელმა გიგომ ხომ ყველაფერს გვირგვინი დაადგა!!! კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა მონაწილეს და, რა თქმა უნდა, ამ სამ უნიჭიერეს ახალგაზრდას დიდი გამარჯვებას! (ჩვენს მარიამ ჯანჯღავას, რომელმაც თავადვე გამცნოთ – ჩვენს სტუდიაში 3 წლის მოვიდა და 9 წელი იზრდებოდა) ბევრ წარმატებას გისურვებთ! მე ერთ-ერთ ყველაზე დიდ გულშემატკივრად მიგულეთ!… წინსვლა და მომავალი გამარჯვებები!