Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

სოფო კილასონია: ,,დურუჯი’’ გაირყვნა!

1sofia-kilasoniaხელოვნებათმცოდნე სოფო კილასონია თეატრალურ პრემია “დურუჯს” ეხმაურება და მის შიდა სამზარეულოსა და მნიშვნელობაზე საუბრობს. ის არ მალავს, რომ საჭიროა ცვლილებები, რადგან თეატრალური პრემია მის თვალწინ გაირყვნა.

სოფო კილასონია:

“დურუჯი” არის თეატრალური პრემია, რომელიც ჩემს თვალწინ და ჩემს ხელში გაირყვნა. თან ისე თავნებად გაირყვნა, კრიტიკულ აზრსაც ვერ ვკადრებ მას, ისე მედიდურად მიყურებს. მიყურებს. მეც ვუყურებ და ვეღარ ვხვდები, რას ემსახურება. იმაზე უფრო გარყვნილი და კონფორმისტულია, ვიდრე თანამედროვე ქართული თეატრი. ეს ამბავი წელს არ აღმომიჩენია. ეს მაშინ აღმოვაჩინე, როცა ჟიურიში ყოფნისას “ნადირობის სეზონი” დავაჯილდოვეთ. როცა ვერ გავბედეთ არ გაგვეცა პრემია. როცა საოცარ არგუმენტებს ვიგონებდით. როცა ნორმად ვაქციეთ “ღმერთების” არსებობა მოკლე ნუსხაში მაინც. რომ როგორმე ღმერთები არ გავანაწყენოთ. მაშინ მეორედ ვიყავი ჟიურიში. ვამბობდი, მესამედ აღარ ვიქნები-თქო და მაინც წავედი. კარგია რომ წავედი. დათა თავაძის “ტროელებისთვის” ვიომე. ეს იყო ერთადერთი ნამდვილი ომი, რომელიც ამ ჟიურობანას დროს მოვიგე. წავაგე ომი პაატა ციკოლიას “არლეკინისთვის” (თანამოაზრე კი ვიპოვნე ამ სპექტაკლით), მრავალჯერ წავაგე ომი ახალგაზრდების ნომინაციის მიმართულებითაც.

რა მნიშვნელობა აქვს დეტალებს. სულ ვაგებდი პრინციპების ომს და მაინც ველოლიავებოდი ამ “დურუჯს”. მაინც ვერ ვაღიარებდი რომ ჩემი საყვარელი “დურუჯი” ჩვენსავით გარყვნილია. “დურუჯი” უნდა შეიცვალოს. მის ბედს არ ვწყვეტდეთ ჩვენ ამ სფეროს თავკაცობაზე მეტ-ნაკლებად დამოკიდებული 5 კრიტიკოსი ან კიდევ თეატრალი. უნდა გახდეს მოქნილი და რაც შეიძლება ღია. მკაფიო კრიტერიუმებით, განვითარებაზე, პერსპექტივაზე, მომავალზე ორიენტირებული კრიტერიუმები. ამ კრიტერიუმებმა უნდა აკონტროლონ ჩვენი სიმხდალე, ჩვენი ვიწრო აზრები. ამ პრემიას ძალიან დიდი ძალა და მნიშვნელობა აქვს და ამ ძალით და მნიშვნელობით შეიძლება გახდეს (ან უკვე გახდა) დამანგრეველიც და განმავითარებელიც. თუ ასე არ მოხდება, აჯობებს გაუქმდეს. ჩვენს სტერეოტიპებს, კომპლექსებს და ძრწოლას ახალი და ძველი ავტორიტეტების წინაშე, ზედაპირულობას, შიშებს კიდევ წახალისება არ სჭირდება.”