27 ივლისი, 2015

სოფია კილასონია: ,,კულტურაზე ძალადობს ხელისუფლება’’

1sopia-kilasssoniaხელოვნებათმცოდნე სოფია კილასონია ხელისუფლების მიერ კულტურაზე ძალადობის შესახებ აკეთებს განცხადებას და საყდრისზეც კიდევ ერთხელ და ბოლოჯერ საუბრობს:

“კიდევ ერთხელ და ბოლოჯერ საყდრისზე და ჭორებზე: საყდრისის ამბების დროს ბევრი ვითომ პოლიტიკოსი თუ აქტივისტი მოვიდა და წავიდა ამ პროცესში და პროცესებიდან. არკვევდნენ ხოლმე “ვინ იყო ლიდერი”. ხვდებოდნენ რომ გამოკვეთილი ლიდერი და ორგანიზატორი ამ ამბავს არ ჰყავდა. არ სჯეროდათ ცხადია. მერე არკვევდნენ, ვინ იყო დამფინანსებელი და ალბათ ამოწმებდნენ კიდეც ჩვენს ანგარიშებს. ცხადია რომ დამფინანსებელი არც არსებობდა. რამდენიმემ რამდენჯერმე წერილობით შემომთავაზა დავხმარებოდი, რომ ლიდერი გამხდარიყო “მოძრაობის” და ის დაგვეხმარებოდა, რომ ძეგლი გადარჩენილიყო.

მოკლედ, ხვდებით ალბათ, რომ ძალიან სასაცილო პროცესები გავიარე მეც და ალბათ სხვებმაც. გარეშე ხალხის გარდა, შიგნითაც იყო ცხადია მსგავსი ვნებები. ერთმანეთის ღვაწლის აწონვა და გაზომვა. ირიბად თუ პირდაპირ, მაგრამ ცხადია, რომ ეს ყველაფერი იყო და არის წვრილმანი. ბევრად მნიშვნელოვანი იყო დანაკარგიც და სამოქალაქო საზოგადოების მიღწევებიც. უბრალოდ ერთი რამის თქმა მინდა. იმ ადამიანებისგან, რომლებიც პოლიტიკური ამბიციებით გამოირჩოდნენ და ლიდერის პოზიციის ვერმიღების შემდეგ აბსოლუტურად დაიცალნენ საყდრისისადმი ინტერესისგან, ამ ბოლო დროს უცნაური ინფორმაცია ვრცელდება. თითქოს და მე და ზოგადად ამ მოძრაობამ დაფინანსება მივიღეთ და, ზოგადად, რომ ამ დაფინანსებისთვის ვიბრძოდით.

ძალიან კარგია და ძალიან კარგი იქნება თუ ფონდები დააფინანსებენ კაზრეთში საზოგადოების გაძლიერებას, ან ნებისმიერ აქტივიზმს. ასეთი ერთი პატარა პროექტი კიდეც დაიწყო. მე არ ვმონაწილეობ, მაგრამ დიდ წარმატებას ვუსურვებ ყველა მონაწილეს. ყველა ნაბიჯი, რომელიც ადგილობრივი მოსახლების გაძლიერებისთვის და ინფორმირებისთვის გაკეთდება, არის ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კამპანიები, განცხადებები და ხმაური. კარგი იქნება თუ ამ ამბების შემდეგ მაინც გახდება კაზრეთი საინტერესო ვინმესთვის.

მაგრამ ფაქტია, რომ საყდრისის დაცვის კამპანიის აქტივიზმით მე მატერიალური სარგებელი არ მიმიღია. მივიღე ერთი მხრივ უცნობი ადამიანებისგან სიყვარული და თანადგომა და ძალიან ნაცნობი ადამიანებისგან გულგრილობა და აგრესია. მივიღე კარგი გაკვეთილი, ვისთან ერთად შეიძლება პრინციპებზე საუბარი და ვისთან ერთადაც მხოლოდ კონფორმიზმის სწავლა. მივხვდი, რომ ხალხზე და კულტურაზე არ ძალადობს ინვესტორი, არამედ ძალადობს ხელისუფლება. მივხვდი, რომ პოლიტიკური ნაბიჯების გარეშე არაფერი შეიცვლება. მივხვდი, რომ საზოგადოების განვითარება ხელისუფლების ნებას არ წამოადგენს და ცხადია, ამ ყველაფერმა დიდ ნიჰილიზმში მიკრა თავი. მაგრამ ეს სხვა თემებია.

ვიმეორებ, რომ ის, ვინც ამბობს, თითქოს მე რამე დაფინანსებისთვის ვიბრძოდი, უბრალოდ გაბრაზებულია და საკუთარ მერკანტილიზმს და დაძაბულ ფსიქიკას ჩემზე სისულელეების საუბრით ანეიტრალებს. იმ კომენტარებს, თითქოს ჩვენ მედიაში გამოჩენა გვინდოდა, საერთოდ არ ვეხმიანები სერიოზულად. მოვიფიქრებდი რამეს, უფრო მომგებიანს და ისე გამოვჩნდებოდი. კოლეგები არ დამაყვედრიდნენ გაშუქებას. დამღალა ამ თემამ და ავადმყოფურ ჭორებს და ზურგსუკან საუბრებს ამიერიდან აღარ ვუპასუხებ. საყდრისის კამპანია იყო ჩემი უახლოესი გეგმების და თუნდაც ჟურნალისტური საქმიანობის განადგურების პროცესი. სხვა არაფერი და არ ვიცი რა გშურთ და რა გაწუხებთ.”