2 ივლისი, 2015

სიღნაღის თეატრი სტამბულში მიიწვიეს

1signagiსიღნაღის სახალხო თეატრი თურქეთის ქალაქ სტამბულში მიიწვიეს. აგვისტოში ქალაქი საზაფხულო თეატრალურ ჩვენებას აწყობს, სადაც წარმოდგენილი იქნება სიღნაღის თეატრის სპექტაკლი “სიკვდილი და ქალწული”.

ოფიციალური მიწვევა სტამბულის ქართული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელისგან ფეჰმი უზალ უსტიაშვილისგან სიღნაღის სახალხო თეატრის ხელმძღვანელმა და რეჟისორმა მურად ვაშაკიძემ უკვე მიიღო:

“გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ თქვენს თეატრთან ერთად სტამბულში დაგეგმილ საზაფხულო თეატრალურ ჩვენებაზე, რომელიც გაიმართება 2015 წლის აგვისტოს თვეში. არიელ დორფმანის ფსიქოლოგიური დრამა ,,სიკვდილი და ქალწული” თავისი მნიშვნელობითა და შინაარსით მეტად აქტუალურია ჩვენი დღევანდელობისთვის.

სტამბულის ქართველი მაყურებელი დიდი სიამოვნებითა და სიხარულით დაელოდება თქვენს სტუმრობას. ქართული კულტურის ცენტრის სახელით წინასწარ დიდ მადლობას მოგახსენებთ და გელოდებით თქვენს თეატრალურ დასთან ერთად.”

მომავალ წელს სიღნაღის სახალხო თეატრი კანადაში გაემგზავრება, სადაც მონაწილეობას მიიღებს მსოფლიო ფესტივალში.