22 ივლისი, 2015

საქართველოში საცეკვაო ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ჩატარდება

1sacekvao-eleqtronuli-festivaliპირველად საქართველოში „ბრავო რექორდსის“ ორგანიზებით საცეკვაო ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი GlobalGathering ჩატარდება. GlobalGathering არის ბრიტანული ფესტივალი, რომელიც 2001 წლიდან ყოველწლიურად ტარდება დიდ ბრიტანეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, საფრანგეთში, საბერძნეთში, სამხრეთ კორეაში, უკრაინაში, თურქეთში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში. დიდ ბრიტანეთში GlobalGathering აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მუსიკალური ფესტივალი და განთქმულია მსოფლიო დონის მონაწილე DJ-ებით.

საქართველოში GlobalGathering-ის ჩატარების ლიცენზია მოიპოვა „ბრავო რექორდსმა“ და ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანაში ლიცენზირებული უცხოური მუსიკალური ფესტივალი ტარდება. GlobalGathering-ის ჩატარება მიზნად ისახავს მსოფლიო მასშტაბის და სტანდარტის მქონე ფესტივალის დამკვიდრებას საქართველოში, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ნიჭიერი ქართველი DJ-ების საერთაშორისო ფესტივალებზე წარდგენას და მათი საერთაშორისო ცნობადობის ზრდასა და პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში. GlobalGathering ახალგაზრდული მასობრივი კულტურის განუყოფელი ნაწილია და მის ჩატარებას მსოფილოში ყოველწლიურად ასეულ ათასობით ადამიანი ელოდება.

GlobalGathering საქართველო 2015 11 სექტემბერს ჩატარდება რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე, რომელიც დაპროექტებულია საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით და აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას მსგავსი მასშტაბის ფესტივალის ჩატარებისთვის. ფესტივალი ხელს შეუწყობს ქალაქ რუსთავის, როგორც ინდუსტრიული იმიჯის მქონე ქალაქის, კულტურულ განვითარებას და საქართველოს ამ რეგიონში ტურისტების მოზიდვას.

ფესტივალის მთავარი ჰედლაინერი არის მუსიკალური პრემია GRAMMY-ის მფლობელი, MTV-ის მუსიკალური დაჯილდოვების 10-გზის გამარჯვებული, მსოფლიო ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი დამაარსებელი, ლეგენდარული DJ, რომლის დონის მუსიკოსიც, ამ მიმდინარეობაში, საქართველოში ჯერ არ არის ნამყოფი – FATBOY SLIM, რომელიც მდიდარი მუსიკალური ბიოგრაფიის გარდა, ცნობილია სახელგანთქმული ჰიტებითა და ვირტუოზული შოუებით.

ფესტივალის ფარგლებში შედგება პირველი ქართული ელექტრონული მუსიკალური პროექტის პრეზენტაცია, რომლიც ავტორიც, „ბრავო რექორდსის“ კომპოზიტორი, ბორიკო შხიანია. ეს გახლავთ ქართული შოუ ბიზნესის წარმომადგენლების დებიუტი “progressive house”-ის მიმართულებით, რომლის სახითაც, ფესტივალის სტუმრებს ძალიან დიდი სიურპრიზი ელით.

ფესტივალზე ასევე დაუკრავენ სხვა ცნობილი უცხოელი და ქართველი DJ-ები, რომელთა ვინაობაც მოგვიანებით გამოცხადდება. GlobalGathering საქართველო 2015 გამორჩეული იქნება სხვადასხვა ტიპის შოუს ელემენტებით, გასართობი წარმოდგენებითა და სახალისო აქტივობებით, რომელთა განხორციელებასაც უზრუნველყოფს „ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრი“. ფესტივალი ხორციელდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, რუსთავის მუნიციპალიტეტისა და ქვემო ქართლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით.