22 ივლისი, 2015

საქართველოში ახალი კინო-პროექტი იწყება

filmikino333კინო რეგიონებში – ასე ეწოდება ახალ პროექტს, რომელსაც კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი საქართველოს რეგიონებში იწყებს.

პირველად დიდი პაუზის შემდეგ 23 ივლისიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, საქართველოს 18 რეგიონში მაყურებელი წარმატებულ თანამედროვე ქართულ ფილმებს ნახავს. კინოჩვენებები გაიმართება ადგილობრივი მუნიციპალიტეტების კულტურის სახლებსა და ცენტრებში, რომლებიც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ ეკრანებითა და პროექტორებით აღიჭურვა.

23 ივლისდან ყოველ ხუთშაბათს, ეკრანზე გამოვა ახალი ქართული ფილმი, რომლის ნახვის საშუალება მაყურებელს ერთი კვირის განმავლობაში ექნება. პროგრამაში შედის 2013-2015 წელს გადაღებული, ფართო აუდიტორიისთვის ნაკლებად ნაცნობი ფილმები, რომლებმაც მსოფლიოს წამყვან ფესტივალებზე წარმატებას მიაღწიეს.

კასპის კულტურის სახლში, ფოთის ფოლკლორის ცენტრში, ხულოს თეატრში, მარტვილის კულტურის სახლში, გორის კულტურის ცენტრში, მარნეულის კულტურის სახლში, ყვარლის კულტურის სახლში, ბაღდადის კულტურის ცენტრში, ლანჩხუთის კულტურის ცენტრში, დედოფლისწყაროს კულტურის ცენტრში, ლაგოდეხის კულტურის ცენტრის კინოთეატრში „სინემა“, თიანეთის კულტურის ცენტრში, ნინოწმინდის კულტურის სახლში, ონის კულტურის ცენტრში, ხარაგაულის კულტურის ცენტრში, დუშეთის კულტურის ცენტრში, საჩხერის კინოში, თელავის კისის ხევის კულტურის სახლში ნაჩვენები იქნება სალომე ნუცა ალექსი-მესხიშვილის „კრედიტის ლიმიტი“, ზაზა ურუშაძის “მანდარინები“, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის “გრძელი ნათელი დღეები“, ლაშა ცქვიტინიძის “მე ვარ ბესო“, თინათინ ყაჯრიშვილის „პატარძლები“, გიორგი ოვაშვილის „სიმინდის კუნძული“, ლევან კოღუაშვილის “შემთხვევითი პაემნები“ და ლევან თუთბერიძის “ცხრა მთას იქით“.