19 ივლისი, 2015

როგორ აუხდა წინასწარმეტყველება ვახტანგ კიკაბიძეს?

1bubaვახტანგ კიკაბიძე იუბილარია. მსახიობსა და მომღერალს თავისი ცხოვრების მანძილზე ბევრი კარგიც უნახავს და ცუდიც, თუმცა მიაჩნია, რომ ყველაფერი ღმერთის ნებაა.

ხელოვანის გონებაში არაერთი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ეპიზოდი დაილექა.

“არტინფო” ბუბა კიკაბიძის ცხოვრების საინტერესო და უცნობ დეტალებს გაგიზიარებთ.

***

კიკაბიძეების გვართან დაკავშირებით ვიცი, რომ XII საუკუნიდან ყოფილა ჩვენი გვარი წამოსული. უმეტესობა ყოფილა სამხედრო პირი, მერე ვიღაცისთვის აზნაურობა უბოძებიათ. მამაჩემი ჟურნალისტი იყო. დედაჩემს სულ ვეხუმრებოდი, ბაგრატიონის ქალი კიკაბიძეს როგორ გაჰყევი ცოლად-მეთქი. დედაჩემი საოცარი ქალი იყო. ბავშვობიდან ეკლესიაში დავდიოდი, იმიტომ, რომ დედაჩემი სიონის ეკლესიაში 40 წელზე მეტს გალობდა, მაგრამ არ მასწავლიდა, ჩემი ხმა არ მოსწონდა, მეუბნებოდა, ხრინწიანი ხმა გაქვს, არ გრცხვენია, რომ მღერიო? თითქმის ყოველდღე იქ ვიყავი, ჯერ კიდევ კალისტრატეს დროს. შესანიშნავი პიროვნება იყო. მერე ძალიან თვალშისაცემი გახდა ის, რომ პარტიულმა ამხანაგებმა, ვინც ეკლესიაში შესვლას უშლიდა ხალხს, უცბად ყველამ ლოცვა დაიწყო, იმიტომ, რომ რაღაცეები იცვლებოდა და ამის ყურება ეკრანიდან სასაცილო იყო. დედაჩემისგან ვიცი, ჩვენს ოჯახში ასეთი ფრაზა იყო ყოველთვის, რომ ღმერთი ყველა ადამიანშია, როგორი ადამიანიც ხარ, ისეთი ღმერთი გყავს. თუ კარგი კაცი ხარ, კარგი ღმერთი გყავს, თუ ცუდი კაცი ხარ, უღმერთო ხარო. თვითონ ტაძარი ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ცივილიზებული, ნებისმიერი რელიგიის მქონე ადამიანის ცხოვრებაში. ეკლესიას სიკეთე მოაქვს მისთვის, სიწყნარეა, შეგიძლია იფიქრო, სანთელი დაანთო, ვიღაცა გაიხსენო, რაღაც სთხოვო ღმერთს. დღეს ეკლესიაში ბევრი ადამიანი დადის, მაგრამ, გონება გაგვეხსნა თუ არა, ეს კიდევ გამოჩნდება. არ შეიძლება უეკლესიოდ ცხოვრება. როცა მოგინდება, უნდა შეხვიდე ეკლესიაში, სანთელი დაანთო, ვიღაც გაიხსენო.

***

ჩუმად ინათლებოდა თუ არა ადამიანი ეკლესიაში კომუნისტების დროს, არ მახსოვს, მაგრამ ტაძრებში აღდგომა დღეს გადაცმული ხალხი იდგა და ცდილობდა, ახალგაზრდობა არ შესულიყო ეკლესიაში. დღეს გაითავისა ხალხმა ის, რომ ღმერთი ყველა ადამიანშია, საძაგლის გარდა. სისაძაგლის ჩადენა საშინელებაა. რატომ არის, წმინდა წიგნებში რომ წერია, თუ ხელი გაგარტყეს, მეორე ლოყა მიუშვირეო? ეს იმას ნიშნავს, რომ შენც ძალადობით არ უნდა უპასუხო, პირიქით, უნდა აპატიო. დღეს ყველაზე მეტად ჩვენთან სულიერების დეფიტიცია, მსოფლიოში ყველგან ასეა. სტუმართმოყვარე, მოსიყვარულე ერი ვართ, მაგრამ სულიერების დაკარგვამ ცოტა შეგვცვალა. ამ ყველაფერს ვკარგავთ და ეს ძალიან მაწუხებს. ეკლესიას დიდი როლის თამაში შეუძლია. ხანდახან მაქვს შეგრძნება, რომ როცა საეკლესიო დღესასწაულებია, ბევრი იმიტომ მიდის, რომ მოვალეობა მოიხადოს. ხვალ ან ზეგ რომ აკრძალონ, აღარ მივა. ეს არ მიკვირს, იმიტომ, რომ ვერ ჩამოვყალიბდით. თუ რაღაც სიკეთე კეთდება, მაინც ეკლესია გვაკეთებინებს. სარწმუნოებამ ბევრჯერ გადაარჩინა საქართველო უბედურებისგან. იმედი მაქვს, რომ ეკლესია დიდ როლს ითამაშებს ჩვენი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. მთავარია, დავუჯეროთ ეკლესიას. ვერ გეტყვით, რომ გადავარდნილი მორწმუნე ვარ და სულ ეკლესიაში დავდივარ, მაგრამ იმის კი მჯერა, რომ ხელიხელჩაკიდებული უნდა იყოს მთავრობა და ეკლესია. როცა გამიჭირდება, ვიცი, რომ მთავრობასთან კი არ მივალ, მივალ ეკლესიაში. ეს ავტომატურად ხდება. ჩვენ ვართ მრავალჟამიერის ხალხი, ნებისმიერ სუფრასთან რომ დავსხდეთ, ათი უცნობი ადამიანიდან ხუთი კაცი მაინც იმღერებს ერთად. ჩავკიდოთ ხელი ერთმანეთს, შემოვძახოთ მრავალხმიანი სიმღერა და ავაშენოთ ქვეყანა, იმის მაგივრად, რომ ბუბამ აგინოს ვასოს, ვასომ აგინოს პეტრეს და ა.შ. დიდი როლის შესრულება შეუძლია ჩვენს ეკლესიას ქვეყნის განვითარების კუთხით. უდიდეს პატივს ვცემ ტაძარს. მთელი ჩემი ცხოვრება ჯვარი მიკეთია, კომუნისტების დროსაც კი. ძალიან მომწონს ეკლესიები ასე მრავლად რომ შენდება. ეს კარგია, გადასარევია, მაგრამ ველაპარაკე ლურჯ მონასტერში მამა გრიგოლს. ჩემი მეგობარია. მითხრა, ერთი ღვთისნიერი კაცი გამოჩნდა, გვარი არ თქვა და საძირკველს მიკეთებსო. ეკლესიას საძირკველი გაუფუჭდა და მან გადაწყვიტა ძველის შენარჩუნება. იმ ფულით მას ალბათ ახალი ეკლესიის აშენება შეეძლო, მაგრამ ასე არ მოიქცა. ძველი რომ ინგრევა? XII-XI-IX საუკუნის ძეგლები? იმას არ აკეთებენ, იმიტომ რომ ის არ ჩანს. ასეთი მიდგომა არ მომწონს.

***

მთელი მსოფლიო მოვლილი მაქვს, სადაც ჩავდივარ, ყველა ეკლესიაში შევდივარ. სინაგოგაც მაინტერესებს, მეჩეთიც, კათოლიკური ტაძრებიც. შევდივარ, ვუყურებ, რანაირად არის აგებული. მეგონა, ყველა ეკლესია მოხატულია, მაგრამ შევცდი. მუსლიმანებს არ აქვთ ნახატები. ბუდისტებთან ძალიან საინტერესოა. ვატიკანშიც ვყოფილვარ. პრინციპში, ღმერთი ერთია, ღმერთი არის ადამიანი, რომელიც ქმნის ჩვენს ყოველდღიურ ყოფას. რატომ არის გამოთქმა, შე უღმერთო, შენაო? თუ ღმერთი ერთია, რატომ ეუბნება, უღმერთოო? იმიტომ, რომ არ ხარ კაცი, უღმერთო კაცი ხარ, შიგნით არ გაქვს რაღაც ისეთი ჩადებული, რომ ყველას მოეფერო. კი არ უნდა ეჩხუბო, ყველას უნდა მოეფერო. მიყვარს მთქმელი კაცი, რომელიც ამბობს, რომ ეს შავია და არ არის თეთრი. შეიძლება, ხშირად ცუდ დღეში ჩავარდეს, მაგრამ იცის, რომ მართალია. ეს ღმერთმაც იცის. კაცი სუფთა უნდა იყოს. ჩემი დაწერილი არ არის, მაგრამ ნამდვილი ჭეშმარიტებაა, კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა, იქ ილოცეო. იერუსალიმშიც ვყოფილვარ, თან ძალიან ბევრჯერ. ერთხელ ჩვენმა ბიჭებმა ტაძარში შემოსძახეს სიმღერა და მთელი ხალხი გაშტერდა. გვეკითხებოდნენ, ვინ ხართ, საიდან ხართო. ჩვენ ვუხსნიდით, რომ პატარა საქართველოდან ვიყავით. ძალიან შთამბეჭდავი სანახავია, როცა მექაში ჩადიან მუსლიმანები. ისინი იმიტომ ჩადიან, რომ სწამთ თავიანთი სარწმუნოება და სპეციალურად მთელი წელი ფულს აგროვებენ, რომ იქ ჩავიდნენ, ხანდახან ჭყლეტაა და იღუპებიან კიდეც, მაგრამ ამას სარწმუნოება აკეთებინებს და ის იწმინდება. არსებობენ ერები, რომლებთანაც ეს ფორმა თვითგვემით არის გამოხატული. ამ ყველაფერს თავისი დატვირთვა აქვს. ჩვენთან დაიფიცებდა ოჯახის დედა ან მამა, ამ გზას ტაძრამდე მუხლებით გავივლიო და მიდიოდა დათქმულ ადგილამდე ხშირად სისხლიანი მუხლებით, მაგრამ გრძნობდა, რომ ვალი მოიხადა რაღაც სუფთას წინაშე და აღარ უშლიდა ცხოვრებას. ძალიან საინტერესოა, საქართველოში სხვადასხვა დღეობა რომ იციან – გიორგობა, კვირიკობა. სვანეთშია ძალიან საინტერესო. მინდა, ხშირად აჩვენონ დოკუმენტური ფილმები, რომ ბავშვებმა ნახონ. არ შეიძლება სულ შოუების ტრიალი. შოუებიც იყოს, მაგრამ ბავშვებმა ისიც უნდა იცოდნენ.

***

როცა სოხუმში თავისუფლად ჩავდიოდით, ნანი ბრეგვაძემ მითხრა, ერთი მკითხავი ქალია სოხუმში, ლილი ჰქვია, არავის იღებს და იქნებ დამეხმაროო. ნანის პრობლემები ჰქონდა და უნდოდა მასთან მისვლა. ეს ქალი მკითხაობდა ფრჩხილზე. ასეთი რამ არ გამიგია. მერე მეც დამიძახა. ამდენი ცქერისგან თვალის სინათლე დაკარგა და ამიტომ აღარ იღებდა არავის. ალბათ, ფრჩხილზე რაღაც ნახაზებია. უცნაური ქალი იყო, შაოსანი, რომ მელაპარაკებოდა, თვალს ვერ ვუსწორებდი. ძალიან გაუხარდა, ჩვენ რომ მივედით. მეორე სართულზე ავიდნენ და ნანი რომ გამოვიდა, ფერი არ ედო სახეზე, ისეთი რაღაცეები მითხრა, წარმოუდგენელია, სცოდნოდაო. ეს იყო 1979 წლის დასაწყისი. მითხრა, არ გინდა შემოხვიდეო? ვიუარე, მაგრამ მითხრა, ნუ გეშინია, ამოდიო. ყველაფერი გითხრაო? კი-მეთქი და დაიწყო: ძალიან ავად გახდები, თბილისში ხელს ჩაიქნევენ, ისე იქნება შენი მდგომარეობა, შემდეგ საქართველოდან წაგიყვანენ და გადარჩები, ძალიან სერიოზული ავადმყოფობა გექნება თავთან დაკავშირებითო. მერე იმ სახლში, სადაც შენ იქნები, რაღაცას დაწერ, შენს სამსახურში ამ დაწერილთან დაკავშირებით უსიამოვნებები გექნება, მერე ვინც ყველაზე უფროსი იქნება შენს სამსახურში, ბოდიშს მოგიხდის და გეტყვის, ეს რა კარგი რამე გაგიკეთებიაო. ვერაფერი გავიგე. რომ გამოვდიოდი, მითხრა, რამე ხომ არ გაქვს ჯიბეში, მომეცი, სამ ნიშანს დაგიწერ, სულ გედოს ჯიბეშიო. მქონდა ფილარმონიის წიგნაკი, მივეცი და რაღაც ნიშნები გააკეთა. წამოვედით თბილისში და დამავიწყდა ეს ამბავი. დედაჩემის ძმა, უფროსი ჯანო ბაგრატიონი, საავადმყოფოში იწვა. სანახავად მივედი და ვუთხარი, ძია ჯანო, სახალხო არტისტობას მაძლევენ-მეთქი. ამ ამბავში თვითონ ცოტა დაჩაგრული იყო, როგორც ბაგრატიონი. 1937 წელს არ გაუშვეს საზღვარგარეთ, თვითმფრინავიდან ჩამოიყვანეს, როცა ანსამბლი მიდიოდა და იმის მერე საზღვარგარეთ საერთოდ არ გასულა. ჩვენ ბაგრატიონების მხრიდან ბევრი გვყავდა დახვრეტილი, გადასახლებული. მისი უფროსი და 7 წელიწადი ციმბირში იყო გადასახლებული. სანამ ქაღალდს არ მაჩვენებ, ვერ დავიჯერებო, მითხრა. სახლში მოსვლა ვერ მოვასწარი, რომ დამირეკა მისმა მეუღლემ და მითხრა, სასწრაფოდ ბუბა მოვიდეს, ჯანო ძალიან ცუდად არის და კითხულობსო. რომ მივედი, ვეღარ მივუსწარი, უკვე გარდაცვლილი იყო. რომ დავხედე მიცვალებულს, ეტყობა, რაღაც მჭირდა, მაგრამ დახურული იყო და გაიხსნა სტრესისგან. დიდი ჩაქუჩი რომ ამოგარტყან თავში შიგნიდან, ისე ჩამარტყა რაღაცამ, გული წამივიდა, დავეცი და თავის ტკივილები დამეწყო. დამეკარგა ორიენტაცია, ხელების კანკალი მქონდა, კოვზს ხელში ვერ ვიჭერდი. ამ დროს მეტეხზე კონცერტები გვქონდა და ხელით გავყავდი სცენაზე, 25 კონცერტი ვიმუშავე, მაგრამ ჩემით ნაბიჯს ვერ ვდგამდი. რომ დავამთავრეთ კონცერტები, დავვარდი, დამაწვინეს საავადმყოფოში და ერთ-ერთ პროფესორს უთქვამს, მაგიდაზე რომ მომიკვდეს ბუბა, საქართველოში არ გამაჩერებენ და მოსკოვში წაიყვანეთო. წამიყვანეს მოსკოვში. იქ თქვეს, თავი სასწრაფოდ გასახსნელიაო. კისტა, ჩირქოვანი პარკი მქონია. ერთი პროცენტი მისცეს ჩემს ცოლს შანსი, მაგრამ იმან უთხრა, ბუბამ თქვა, ოპერაცია გამიკეთონო. როცა ეს ჩირქოვანი პარკი ამოუღიათ, გამოჩნდა, რომ მის უკან სიმსივნე იყო. ხუთ საათზე მეტხანს ვიწექი მაგიდაზე. ისიც ამოიღეს. მოვიდა პასუხი, რომ სიმსივნე ავთვისებიანი არ იყო. 6 დღე რომ ვიწექი რეანიმაციაში, მერე გამახსენდა ის ლილი. ეს ამბავი იმავე წელს დამემართა. თვეც მითხრა, ივლისიდან დაგეწყებაო. გამახსენდა ლილი და შემეშინდა, ალბათ, დაემთხვა-მეთქი. ძალიან მინდოდა მისი ნახვა, მინდოდა, მადლობა გადამეხადა, მაგრამ ვეღარ მივაკვლიე. მერე ომი დაიწყო. მჯერა, რომ მათ რაღაცის ნიჭი აქვთ, მაგრამ აფერისტიც ბევრია.

***

წელიწადზე მეტხანს დამჯდარს მეძინა, თავს ბალიშზე ვერ ვდებდი, ხელებს ვერ ვხმარობდი და ჩემს ცოლს ვუთხარი, მაგნიტოფონი მიშოვე, სცენარი მოვიგონე და ჩავწერ-მეთქი. მივხვდი, რომ ისევ იმ ქალის ნათქვამი გამახსენდა. რომ ჩამომიყვანეს საქართველოში, ნოველების ქაღალდზე გადატანა დავიწყე. კინოსტუდიაში სცენარი რომ მივიტანე, იქ დაიწყეს ლაპარაკი, ამას რეჟისორობაც მოუნდაო. ამ დროს მოსკოვმა გაიგო და მან დაგვიკვეთა. მათთვის გადავიღე ფილმი, რომელშიც 4 ნოველა იყო. ის ქაღალდი, სადაც დამიწერეს, რომ ვარ II ჯგუფის ინვალიდი, დავხიე და გადავყარე. ამ ფილმმა მიიღო გრანპრი საზღვარგარეთ და დავწყნარდი. ორი წლის მერე მეორე ფილმი გადავიღე, სადაც 7 ნოველა იყო. იმანაც პირველი კატეგორია მიიღო. პირველი ფილმის ჩვენება რომ შედგა და ფილმს იბარებდნენ, მაშინ რეზო ჩხეიძე გახლდათ კინოსტუდიის ხელმძღვანელი, მან თქვა, ბუბას ბოდიში მინდა მოვუხადო, სერიოზულად რომ არ აღვიქვიო. რაც იმ ქალმა თქვა, ყველაფერი ასრულდა. როცა მეტეხზე ვმღეროდი, ჯერ კიდევ ცუდად ვიყავი. ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ ვიღაც ქართველი ქალი მოვიდა, მოსკოვიდან სტუმრები არიან ჩამოსულები, ქალი ექიმია და შვილს ხედვა აქვსო. რომ დაწყებულა კონცერტი, ეს გოგო მოკაკულა და უთქვამს, ვაიმე, ამას თავი როგორ სტკივა, მთელი აურა დაგლეჯილი აქვსო, იქნებ მოხვიდეთ და ეს ქალი გაგსინჯავთო. ისე ცუდად ვიყავი, ვიფიქრე, მივალ, იქნებ რამე მიშველოს-მეთქი. მივედი, ლოჯიაში გამიყვანა ამ ქალმა და კარი მოხურა. შუშიანი კარი იყო. მითხრა, ზურგით დადექითო. უცებ ხელი მკრა ვიღაცამ, მოვტრიალდი და კარი დაკეტილია. არც ახლა გჯერაო, მითხრა, სასწრაფოდ ოპერაცია უნდა გაიკეთო, შენ ისეთი რამ გჭირს, მაგას ჩვენნაირი ხალხი ვერ მოარჩენს, მოსკოვში უნდა წახვიდეო. მერე ზუსტად ასეთი ქალი მოიყვანა მოსკოვში ოპერაციამდე ჩემთან ქეთი დოლიძემ. რომ გამსინჯა, უთქვამს, ჩემი პაციენტი არ არისო, მაგრამ სეანსებს მიტარებდა. ადგომა არ შემეძლო, მაგრამ იმ ქალის სეანსის შემდეგ ჩემი ფეხით ჩავდიოდი საჭმელად.

***

ერევანში ვიყავი. იყო ძალიან განთქმული ვიოლინოს დამკვრელი, კაროს ეძახდნენ, გვარად აირაპეტიანი. მთელმა სომხეთმა იცის, ისეთი მუსიკოსი იყო. მეორე ცოლი ჰყავდა და შვილი არ უჩნდებოდა. გასტროლებზე ვიყავი და ერთხელაც მეუბნება, ჩემმა ცოლმა აიტეხა, სოფელში ვიღაც მკითხავი ქალია, მარტო არ მინდა წავყვე და წამოდიო. წავედით მანქანით. ჩავედით. მთაში იყო სოფელი. ფეხშიშველი ახალგაზრდა ქალი იყო მკითხავი. მთელი კედელი ოთახში, სადაც დავსხედით, ჟურნალებიდან ამოჭრილი ფერადი სურათებით იყო სავსე. სომხურად ლაპარაკობდნენ და ეს კაცი მითარგმნიდა. კაროს ცოლმა უთხრა, რამდენიმე წელია, ბავშვი არ მიჩნდება, ყველგან ვიმკურნალეო. ამ ქალმა დაიწყო სურათების ყურება და უცებ ალაპარაკდა, სახლში გაქვს ერთი ძალიან ძველი ყავისფერი პალტო, იმის საყელო გახსენი და იქ ჯადოა ჩაკერებულიო. იმას როგორც კი იპოვი, ბავშვი გაგიჩნდებაო. რისი მოწმეც ვარ, იმას ვამბობ. იმ ძველი პალტოს საყელო რომ გახსნა, თმების გროვა იპოვეს. გათავისუფლდნენ ჯადოსგან და ერთი წლის შემდეგ გოგონა შეეძინათ. როგორ არ უნდა დაიჯერო? ეს პალტო სად ეგდოთ, უკვე აღარც ახსოვდათ, ადრე თურმე ძაღლს რომ ასეირნებდნენ, მაშინ იცვამდა ის კაცი. თავში რა დევს, იმის მეათედი არ ვიცით. რომ ამბობენ, უცხოპლანეტელები არსებობენო, ამისიც მჯერა. არ შეიძლება, მხოლოდ ჩვენ ვიყოთ, ამ გალაქტიკაში სადღაც კიდევ სხვებიც არიან.