Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

რატომ იტირა ქეთევან ქემოკლიძემ იაპონიაში?

11 ივლისი, 2015

1ketevanქართველ მეცოსოპრანოს ქეთევან ქემოკლიძეს თვითონაც უჭირს იმის დაჯერება, რომ უკვე 10 წელია უცხოეთში ცხოვრობს. ზაფხულის მიუხედავად, მისთვის რეპერტიციები არ დასრულებულა. მომღერალი მადრიდში იმყოფება, სადაც ვერდის “დონ კარლოს” რეპეტიციებს გადის.

პლასიდო დომინგოს ფავორიტმა ქართველმა მომღერალმა “არტინფოს” შეკითხვებს გულწრფელად უპასუხა და ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპებიც გაიხსენა.

ქეთევან ქემოკლიძე:

– თბილისში მეცნიერების ოჯახში დავიბადე. მყავს მშობლები, და, მეუღლე და შვილი. დავამთავრე კონსერვატორიის მაგისტრატურა ასევე ეკონომიკურ ურთიერთობათა მაგისტრატურა ტექნიკურ უნივერსიტეტში. მეც ვერ ვიჯერებ, მაგრამ 10 წელია უკვე უცხოეთში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ.

– რისი ან ვისი “ბრალია” თქვენ რომ საოპერო ხელოვნებაში ხართ?

– ნიჭის და სცენის სიყვარულის, რამაც მიმიყვანა ხელოვნებაში. კონკრეტულად ბავშვობიდან ვმღერი, ყველა შესაძლებლობას ვიყენებდი, რომ სცენაზე აღმოვჩენილიყავი თუ არ ხერხდებოდა, თვითონ ვდგამდი სპექტაკლებს სახლში სტუმრებისათვის და უბნის ამფითეატრში ვასრულებდი მეგობრებთან ერთად. წარმატებულად ვითვისებდი რეჟისორის, მსახიობის, მხატვრის ფუნქციებს. კონკრეტულად როგორ მოვხვდი საოპერო ხელოვნებაში? ეს უკავშირდება გამოსაშვებ კონცერტს. საფორტეპიანო სკოლაში პარალელურად ვმღეროდი სკოლის ხალხურ გუნდში სოლოებს. კონცერტი შედგა კონსერვატორიის მცირე დარბაზში და დედას სრულიად უცნობმა ქალბატონმა, რომელიც გვერდით ეჯდა უთხრა, ნეტა ამ ბავშვს ვინმეს მოასმენინებდნენო…. და დედას უახლოესმა მეგობარმა ჩემმა პედაგოგმა ფორტეპიანოში ნანა მურადაშვილმა მიმიყვანა გულიკო კარიაულთან. მან მაესტრო ნოდარ ანღულაძეს მოასმენინა ჩემი თავი, რაც თურმე გამოცდა ყოფილა ოფიციალური. ხალხი ბაფთიანი კაბებით და არიებით იყვნენ მოსული, მე კიდევ მივედი პლანშეტით, დახეული ჯინსებით და საღებავებში ამოთხვრილი, რადგან იმ პერიოდში სამხატვრო სკოლიდან პრაქტიკები გვქონდა და ძველ ქალაქს და ზოოპარკის ბინადრებს ვხატავდი. მე ჩემი ხალხური სიმღერა შევასრულე, ბატონმა ნოდარმა უთხრა ქალბატონ გულიკოს პირდაპირ “ჰაბანერა” მიეცითო და ასე მოულოდნელად ჩავირიცხე ექსპერიმენტულ სკოლაში, მაგრამ კარმენს ძალაინ ბევრი წლის შემდეგ მივუბრუნდი, რადგან კლიშე “მეცო-კარმენი” არასდროს არ მხიბლავდა, იმისდა მიუხედავად, რომ მართლაც შესანიშნავი როლია, მაგრამ მეცოს უამრავი სხვა რამ აქვს ასევე სამღერი.

– რას ნიშნავს იმღერო მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში ვარსკვლავებთან ერთად?

– დიდი ბედნიერებაა და თან პასუხისმგებლობა, რადგან ნიშნავს იმას, იყო სულ ფორმაში და სულ ამტკიცო, რომ ღირსეული ქვეყნიდან ხარ, სადაც ოპერა ძალიან უყვართ და რომელმაც მსოფლიოს მისცა ბევრი შესანიშნავი მომღერალი და ზოგადად, მუსიკოსი.

– თქვენი კოლეგები ხშირად ამბობენ, რომ თქვენ ჩვენი ქვეყნის ელჩები ხართ. როგორ აცნობთ უცხოელ კოლეგებს საქართველოს?

– ჩემდა სასიხარულოდ, უცხოეთში საოპერო სფერო ძალიან კარგად იცნობს საქართველოს, რაც ქართველი მუსიკოსების დიდი დამსახურებაა, რომ მათ დაუსწრებლად შეიყვარეს ჩვენი ქვეყანა და ყველას დიდი სურვილი აქვს იმღეროს ჩვენთან. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ოპერა მალე დაუბრუნდება აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას და ადგილობრივი, თუ უცხოეთში გასული თუ მოწვეული მომღერლები ძალიან ბევრ ლამაზ ემოციას აჩუქებენ ქართველ მსმენელს, რომელსაც ასე ენატრება საოპერო სპექტაკლებზე სიარული.

– ტოკიოს სიმფონიის გუნდმა თქვენი დახმარებით გია ყანჩელის სტიქსი შეასრულა. რამდენად სწორად გაიგეს იაპონელებმა ქართველი კომპოზიტორის შემოქმედება?

– გია ყანჩელის გენიალურობაზე უკვე დიდი ხანია შეთანხმდა მთელი მსოფლიო. ის სრულდება ყველაგან და ითვლება უდიდეს თანამედროვე კომპოზიტორად. იაპონელები ზოგადად საოცარი ხალხია, უდიდესი სიყვარულით და პასუხისმგებლობის ნიჭით დაჯილდოვებული. აქედან გამომდინარე, უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მომზადებულები დამხვდნენ, რა საკვირველია, გამოთქმაზე ვიმუშავეთ, ასევე ქართული მოტივების წინ წამოწევაზეც, მაგრამ ის ფაქტი, რომ შორეულ იაპონიაში ქართული მუსიკა ჟღერს, ჩემთვის ძალიან ემოციური აღმოჩნდა, რაც ვერ დავმალე და ცრემლიც კი მომადგა თვალებზე. ძალიან მინდა რომ ქართულ მუსიკას გზა გაეხსნას მსოფლიოში მაგრამ ამისათვის საჭიროა მისი პოპულარიზაციის პოლიტიკის შემუშავება, თანამედროვე ჩანაწერები, რომ ბევრმა მოისმინოს და მოუნდეთ მისი შესრულება. ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი ოდესმე დაიწყება, რადგან მართლაც მუსიკალური მარგალიტები გვაქვს, რაც არათუ უცხოეთში, ჩვენთანაც კი არ სრულდება და თაროზეა შემოდებული გაურკვეველი დროით.

– 10 წელია უცხოეთში ცხოვრობთ. როგორია საქართველო?

– ძალიან ლამაზი და საინტერესო, მაგრამ მოუვლელიც, სამწუხაროდ, რაშიც 10 წელია ყოველ ჩამოსვლაზე ვრწმუნდები.

– რას ურჩევდით იმ ახალგაზრდებს, ვინც საოპერო ხელოვნების დაუფლებას მხოლოდ ახლა იწყებს?

– მთავარია შრომა და გონიერი გადაწყვეტილებები პროფესიულ თუ ადამიანურ ურთიერთობებში. ესაა წარმატების მნიშვნელოვანი ელემენტები, რადგან ჩვენ ბუნებრივად ძალიან ნიჭიერები ვართ.

– სად იმყოფებით ამჟამად და რას შესთავაზებთ ოპერის მოყვარულებს უახლოეს მომავალში?

– ამჟამად ვიმყოფები მადრიდში ვერდის “დონ კარლოს” რეპეტიციებზე, რომელიც დაიდგმება ელ ესკორილში სადაც ხდება ოპერის მოქმედება. აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესო პროექტია და თან საპასუხიმგებლო, რადგან ესპანელი პრინცესას ებოლის როლს ვმღერი, რომელიც გამორჩეული პერსონაჟია ოპერაში და თან ისტორიული. აქედან გამომდინარე, დიდ ყურადღებას იმსახურებს.

– ქართველი საოპერო მომღერლები მთელ მსოფლიოში არიან გაბნეული და დიდ წარმატებებსაც აღწევენ. ეს რისი ბრალია?

– გენმა, დიდმა ტრადიციებმა, კარგმა სკოლამ, მომღერლების შრომამ და მონდომებამ. ამას ყველაფერს შენარჩუნება და განვითარება სჭირდება, რადგან ხელოვნებას მხარდაჭერის გარეშე არ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა.

– თუ არის პარტია, რომლის შესრულებაზეც ოცნებობთ?

– ვერ გამოვყოფდი… უბრალოდ ძალიან მიყვარს მალერი (არ აიმიტომ, რომ ერთ დღეს ვართ დაბადებულები) ვოცნებობ ეს რეპერტუარი სრულდებოდეს საქართველოში, რადგან ჩვენ დიდი სიმფნიური და კამერული მუსიკის ტრადიციები გვქონდა.

– ყველაზე ახლოს თქვენს პიროვნებასთან რომელი პერსონაჟია?

– “ჭრიჭინა”… საოპეროდან არც ერთი ალბათ, რადგან მათ გახსნაზე ბევრი მუშაობა და ინფორმაციების მოძიება მიწევს.