30 ივლისი, 2015

რაში დახარჯა კულტურის სამინისტრომ 7 410 636.54 ლარი?

14,,ინფორმაციისა და თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი” საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაფინანსების პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციას ასაჯაროვებს. ორგანიზაციის განმარტებით, მან 2015 წლის 26 მარტს მიმართა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2014 წლის 1 აპრილიდან განცხადების მიღების მომენტამდე დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნით. სამინისტრომ წარმოადგინა ხსენებულ პერიოდში დაფინანსებული ყველა პროექტის შესახებ ინფორმაცია. მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ პერიოდში სამინისტროს მიერ გაცემულმა დაფინანსებამ სულ შეადგინა 7 410 636.54 ლარი. პროექტები, რომლებზეც თანხა გამოყოფილია უცხოურ ვალუტაში, ,,ინფორმაციისა და თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” მიერ გადაყვანილია ეროვნულ ვალუტაში ხელშეკრულების გაფორმების თარიღისათვის არსებული კურსის მიხედვით.

სამინისტროს მიერ დაფინანსებულ პროექტებს შორის ყველაზე დიდი თანხა 4.053.062.15 ლარი მოხმარდა კულტურული ღონისძიებების დაფინანსებას – ფესტივალებს, სპექტაკლებს, გამოფენებს, კონცერტებს.

სხვადასხვა ფიზიკური თუ იურიდიული პირების ფინანსურ მხარდაჭერაზე მათ შორის საზღვარგარეთ სწავლა, საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებში ვორკშოპებში, გამოფენებში, კონკურსებში მონაწილეობის მიღებისთვის გაწეული ხარჯები შეადგენს 1,309,428.51 ლარს. 2014 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის 26 მარტის ჩათვლით სამინისტროს მიერ სულ დაკმაყოფილდა ამგვარი 101 წინადადება, რომელთაგან საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებასთან დაკავშირებულია 25 მათგანი.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, სამინისტროს მიერ ყველაზე ხშირად დაფინანსდა ამერიკაში ბერკლის სამუსიკო კოლეჯსა და შვეიცარიაში ლუგანოს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში სწავლა-ცხოვრება. ბერკლის კოლეჯში სწავლისა და ბინის საფასურის გადახდისთვის საკვლევი პერიოდის განმავლობაში 4 პირისთვის სამინისტრომ 216 602.42 ლარი გადაიხადა. ლუგანოს უნივერსიტეტში დიზაინის ფაკულტეტზე ხელოვნების ნიმუშთა რესტავრაცია/კონსერვაციის დეპარტამენტში სწავლისათვის დაფინანსებულია 2 პირი და გადახდილი თანხა ერთად 77 804.2 ლარს შეადგენს.

ყველაზე მცირე დაფინანსება აღნიშნულ პერიოდში სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა გამოცემების, თარგმანებისა და ბეჭდვისთვის, 568 149.90 ლარი – 8%. 2014 წელს შპს ტაია ფილმსს „სინთეზური ხელოვნება – მხატვრის წიგნი ვეფხისტყაოსანი“ კონსტრუქციის მომზადებისთვის 139 950 ლარი გადაეცა.

სხვა სახის პროექტების, დაფინანსებამ აღნიშნულ პერიოდში შეადგინა 1 461 995.23 ლარი.
2014 წლის 1 აპრილიდან 2015 წლის მარტამდე დაფინანსებული პროექტებიდან ყველაზე მაღალბიუჯეტიანი პროექტების სიაში ლიდერობს ჯაზ ფესტივალები, რომლის ორგანიზებისთვის შპს ისთერნ პრომოუშენს 1 003 984 ლარი გადაერიცხა, 400 839 ლარი 2014 წელს თბილისის ჯაზ ფესტივალისთვის, 603 145 ლარი 2015 წლის ბათუმის ჯაზ ფესტივალისთვის. ამჟამინდელი კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე, მინისტრის თანამდებობამდე ისთერნ პრომოუშენის დირექტორი იყო.

მაღალბიუჯეტიანი ღონისძიების სიაშია „სიტი ფესტივალის“ მიერ ორგანიზებული “სითი საუნდი” 364 741 ლარით. კომპანია დაფუძნდა 2015 წლის 2 თებერვალს, ხოლო სამინისტროსგან დაფინანსება პროექტის თაობაზე მიიღო 2015 წლის 2 მარტს. ასევე თბილისის საერთაშორისო ხელოვნების საფესტივალო ცენტრის მიერ ორგანიზებული თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 225 000 ლარით, მისი დამფუძნებელი და დირექტორი ეკატერინე მაზმიშვილია, მარჯანიშვილის თეატრის ამჟამინდელი დირექტორი და საქართველოს კულტურის პალატის მიერ ორგანიზებული ლიანა ისაკაძის ხელმღვანელობით ჩატარებული საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 200 000 ლარით.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამინისტროს მხარდაჭერით პროექტ “სითი საუნდის” ფარგლებში ტარდება ფესტივალი და ელექტრონული მუსიკის ვორკშოპების სერია. როგორც განცხადებიდან ირკვევა, “სიტი ფესტივალი” სამინისტროსთან ერთად ახორციელებს ელექტრონული მუსიკის ივენთებისა და ვორკშოპების სერიას და წლის განმავლობაში 6 დიდი ღონისძიება გაიმართება.
მაღალბიუჯეტიან ღონისძიებების სიაშია “საქველმოქმედო ფონდი ხელოვანების თანადგომისთვის” მიერ ორგანიზებული პროექტი სახელოვნებო სკოლები დევნილთა დასახლებაში 228 000 ლარით. აღნიშნულ ფონდს 4 წლის წინ ფუნქციონირებისათვის და საქველმოქმედო ღონისძიებების ჩატარებისთვის სამინისტროდან 502 500 ლარი გამოუყვეს, ხოლო 2013 წლის ნოემბრის თვეში 37 000 ლარი დევნილთა სახელოვნებო სკოლის ფუნქციონირების ხელშეწყობისათვის.

გასულ წელს სამინისტრომ 170 000 ლარით დააფინანსა შპს სინეტექის ფილმი ძველი კატამარანი. სინეტექის 40%-იან წილს ფლობს საქართველოს კინემატოგრაფისტთა საერთო-ეროვნული შემოქმედებითი კავშირი, 60%-იანი წილი კი ეკუთვნის ელდარ შენგელაიას.
ბესო ბერულაშვილის მიერ დაარსებული მოძრავი ფილარმონიის კონცერტებისთვის რეგიონში გამოიყო 94 966 ლარი და დამატებით 7 კონცერტისთვის 45 307 ლარი, სამინისტრომ მოძრავო ფილარმონიის ღონისძიებებისთვის სულ 140 273 ლარი გამოყო.

თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის ორგანიზებით ჩატარებულ საქველმოქმედო საახალწლო საშობაო კონცერტისთვის კი სამინისტროს ბიუჯეტიდან 88 986 ლარი დაიხარჯა.