19 ივლისი, 2015

ქართველი კომპოზიტორები სომხეთში მიიწვიეს

1erevქართველი კომპოზიტორები სომხეთში ქართული პროფესიული მუსიკის ფესტივალზე გაემგზავრნენ. შემოქმედებითი ვიზიტით ქართველი ხელოვანები სომხეთის კომპოზიტორთა კავშირმა მიიწვია.

ვიზიტი თბილისელი მუსიკოსის არტემ კირაკოზოვის ინიციატივით დაიგეგმა. ფესტივალის ეგიდით ჩატარდა სამი კონცერტი – დილიჟანში, გიუმრიში და დასკვნითი ერევანში კომიტასის სახელობის მუსიკალურ ცენტრში. ქართული მუსიკა შეასრულეს სომეხმა მუსიკოსებმა. აჟღერდა ვაჟა აზარაშვილის სამი მინიატურა ფორტეპიანოსთვის, ოთარ ტატიშვილის საფორტეპიანო სონატა N2, მაკა ვირსალაძის კვინტეტი შერეული ინსტრუმენტებისთვის, ირაკლი ცინცაძის მინიატურები ხის ჩასაბერი ინსტრუმენტებისთვის და ასევე იმ კომპოზიტორთა ნაწარმოებები, რომლებიც ვერ დაესწრნენ ამ ღონისძიებას. მათ შორის, გოგი შავერზაშვილის სიმებიანი კვარტეტი, ომარ მინდორაშვილის ტრიო ხის სასულე ინსტრუმენტებისთვის, ზურა ნადარეიშვილის სიმებიანი კვარტეტი N2 და კახა ცაბაძის სკერცო.

– უთბილესი შეხვედრები, შთაბეჭდილებები მუზეუმებსა თუ სხვა ღირსშესანიშნავ ადგგილებში, იუმორი, სახალისო კურიოზები, სუფრა, დამეგობრება… ეს დაუვიწყარი გახდება ყველა ჩვენთაგანისთვის, ვინც შევძელით გამგზავრება. მთავარია, რომ ყინული დაიძრა და ახლა ჩვენც ღირსეულად უნდა ვუმასპინძლოთ სომეხ კოლეგებს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე. ასეთი ურთიერთ-შეხვედრები ხელს შეუწყობს და გაზრდის ორივე ქვეყნის მუსიკის პროპაგანდას და საშემსრულებლო სივრცის მოთხოვნადობას. სამომავლოდ მსგავსი შემოქმედებითი შეხვედრების დაგეგმარება უნდა განხორციელდეს სხვა მეზობელ თუ შორეულ ქვეყნებთანაც და, რაც მთავარია, ეს უნდა გაშუქდეს სათანადოდ მასმედიის საშუალებებით და პოლიტიკური ბატალიები არ უნდა გმობდნენ და აბრკოლებდნენ ხალხთა შორის სულიერ ურთიერთობებს, რადგან ხელოვნება აკეთილშობილებს, ანეიტრალებს დაძაბულობას ნებისმიერ ურთიერთობებში და უდაოდ აახლოვებს ადამიანებს, – აცხადებს კომპოზიტორი და პიანისტი ოთარ ტატიშვილი.