Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ქართველი ბარიტონის ტრიუმფი დიდ თეატრში

27 ივლისი, 2015

1nikoloz-lagvilavaმოსკოვის დიდ თეატრში სეზონი ჟორჟ ბიზეს ოპერით “კარმენი” დაიხურა, რომელშიც თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი ნიკოლოზ ლაგვილავა მონაწილეობდა. დიდ თეატრში ქართველი ბარიტონი მაყვალა ქასრაშვილმა მიიწვია.

როგორც მოსალოდნელი იყო, პრემიერას დიდი წარმატება ხვდა წილად. ქართველი ბარიტონის ბრწყინვალე გამოსვლა ესკამილიოს არიით დამსწრე საზოგადოებამ მქუხარე ოვაციებით დააჯილდოვა.

ნიკოლოზ ლაგვილავა ცნობილი საოპერო მომღერლის რევაზ ლაგვილავას შვილია. ის მამის გზას ღირსეულად აგრძელებს და წარმატებას წარმატებაზე აღწევს.

“არტინფო” საოპერო მომღერალს მოსკოვიდან დაბრუნების შემდეგ ესაუბრა.

ნიკოლოზ ლაგვილავა:

– დიდ თეატრში აღმოვჩნდი სააგენტოს მეშვეობით და ამავდროულად ქალბატონმა მაყვალა ქასრაშვილმა მიმიწვია. საპრემიერო სპექტაკლებში იყო მარტო ერთი ესკამილიო და მიმიწვიეს. მე და დიდი თეატრის სოლისტმა ოლჩინ აზიზოვმა გავიყავით სპექტაკლები.

– რით არის გამორჩეული თქვენთვის ეს პერსონაჟი?

– ძალიან მხიბლავს ტორეადორის პარტია თავისი ვოკალით და პერსონაჟის ექსპრესიით.

– როგორ ჩაიარა პრემიერებმა?

– პრემიერებმა ძალიან წარმატებულად ჩაიარა, დიდი მოწონება დავიმსახურე, რაც ძალიან მახარებს.

– ეს იყო ერთჯერადი მიწვევა მხოლოდ ამ სპექტაკლზე, თუ კიდევ ითანამშრომლებთ დიდ თეატრთან?

– სექტემბრის დასაწყისში კიდევ ვარ კარმენზე მიწვეული დიდ თეატრში, ორი სპექტაკლი უნდა ვიმღერო.

– ნიკოლოზ, მამა თუ გაძლევთ რჩევებს?

– ყოველთვის მაძლევს რჩევებს და ვითვალისწინებ.

– ვისი აზრია თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

– რა თქმა უნდა, მამაჩემის აზრია ჩემთვის მნიშვნელოვანი, პირველ რიგში და ასევე ყველა იმ ხელოვანი ადამიანის, ვინც ჩემთვის ამ საქმეში კომპეტენტურია.

– როგორ ემზადებით როლისთვის?

– როლს გააჩნია… არის ისეთი როლები, რომელშიც ვოკალური მხარე უფრო მნიშვნელოვანია. ამავე დროს დიდ დროს ვუთმობ პერსონაჟზე მუშაობას.

– თქვენი შეფასებით, რა ეტაპზეა ქართული საოპერო ხელოვნება?

– ყოველთვის არსებობს აღმასვლა და დაღმასვლა… მჯერა, რომ ყველაფერი სათანადო დონეზე დადგება.

– რატომ არ მიბაძეთ სხვა საოპერო მომღერლებს და არ წახვედით საზღვარგარეთ?

– არავისთვის არასოდეს არ მიმიბაძავს და არც გავჯიბრებივარ… არის გეგმები და შემოთავაზებები ევროპაში. ასე რომ, ყველაფერი წინ არის.

– შემოდგომაზე განახლებული ოპერის თეატრი იხსნება. როგორია თქვენი მოლოდინი?

– დიდი მოლოდინია, რა თქმა უნდა. ჩემი მშობლიური თეატრი ძალიან მიყვარს და შეძლებისდაგვარად მივეხმარები თეატრს გამარჯვებებში…

– რას შესთავაზებთ მონატრებულ მაყურებელს ახალ სეზონზე?

– ჯერჯერობით აბესალომზეა საუბარი. დიდი სიამოვნებით ვიმღერებ მურმანს.