Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ფილიმონ ქორიძის საგალობლები ოზურგეთის თეატრში აჟღერდება

24 ივლისი, 2015

1filimon-qoridzeსაქართველოს ეკლესიის წმინდანის, მომღერლისა და მგალობლის, დიდი მამულიშვილისა და საზოგადო მოღვაწის ფილიმონ მგალობლის (ქორიძის) ერისთვის თავდადებულის ხსენების დღე 25 ივლისს ქალაქ ოზურგეთში აღინიშნება.

ფილიმონ ქორიძემ სიცოცხლის ბოლო წლები ოზურგეთში გაატარა და იქვე აღესრულა. აქვე, ჭადრების ბაღშია მისი სავარაუდო საფლავი და ბიუსტი.

ფილიმონ ქორიძის ხსოვნის პატივსაცემად 24-25 ივლისს შემოქმედის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძარში ჩატარდება საზეიმო წირვა-ლოცვა, შემოქმედელი მიტროპოლიტის იოსებისა და გურიის სამღვდელოების მიერ. ღვთისმსახურებაში მონაწილეობენ როგორც ადგილობრივი მგალობელ-მომღერალთა გუნდები, ასევე მოწვეული მგალობლები დედაქალაქიდან და მახლობელი რეგიონებიდან ,,აღსავალი“, ,,ტაო“, კონსერვატორიის მგალობელ გოგონათა გუნდი, ფოლკლორული ანსამბლები ,,დიდგორი“, ,,იალონი“, ,,ადილეი“, ,,ფერიცვალება“.

საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ მონაწილეები მოინახულებენ ფილიმონ ქორიძის საფლავს და გალობით პატივს მიაგებენ მის ხსოვნას. დღის ბოლოს, ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართება საზეიმო კონცერტი, რომელზეც შესრულდება ფილიმონ ქორიძის მიერ ჩაწერილი და გადმოცემული საგალობლები და ხალხური სიმღერები.

პროექტის მიზანია საზოგადოება უკეთ იცნობდეს ფილიმონ მგალობლის (ქორიძის) ერისთვის თავდადებულის ცხოვრებას, მის ღვაწლსა და დამსახურებას ქართული გალობის აღდგენა-გადარჩენის საქმეში.

– მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ქართული საეკლესიო გალობის პოპულარიზაციას, მის აღმავლობას, იდენტობის შენარჩუნებას, მომავალი თაობის სიმღერა-გალობით დაინტერესებას. ასევე მეტად მნიშვნელოვანი იქნება რეგიონისთვის, სადაც საზოგადოება განებივრებული არ არის მსგავსი პროექტებით, – ნათქვამია ფონდის “ქართული გალობა” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.