22 ივლისი, 2015

ოთარ იოსელიანის ფილმი ლოკარნოს კინოფესტივალზე მოხვდა

1otar-ioselianiოთარ იოსელიანის ახალი ფილმი „ზამთრის სიმღერა“ ლოკარნოს 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ძირითად საკონკურსო პროგრამაში მოხვდა. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება ფილმის მსოფლიო პრემიერაც. რეჟისორმა ფილმი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გადაიღო.

„ზამთრის სიმღერა“ ქართულ-ფრანგული პროექტია, რომელიც ფრანგული კინოკომპანია „პიერ-გრიზ-პროდუქსიონი“-ს და ქართული კომპანია „სტუდია 99“-ის ერთობლივი ნამუშევარია.

ფილმში არ არის განსაზღვრული კონკრეტული ისტორიული ეპოქა, არის ერთგვარი მოგზაურობა სხვადასხვა დროში. თითოეულ ადამიანს შეუძლია თავად განსაზღვროს ეპოქა და გმირები.

„გარდაცვლილები მკვდრეთით აღდგებიან სულ სხვა იპოსტასში… და, თუ ადრე ისინი იყვნენ დაწვრილმანებულები, ძუნწები და მავნებლები, ამჯერად მოგვევლინებიან გულუხვებად, მფლანგველებად და სიკეთის მქმნელებად. სამი ან ოთხი მსახიობი განასახიერებს მდიდრებს, ღატაკებს, პოლიციელებს, არისტოკრატებს, ქურდებს, ყალთაბანდებს და მუსიკოსებს, ვისი უცნაური მელოდიებიც გახდება ჩვენი კომედიის თანმხლები. ოდნავ სევდიანი, მაგრამ მაინც კომედიისა,“ – ამბობს ოთარ იოსელიანი.

გადაღებებისათვის გარდაბნის რაიონში არსებული ე.წ. „გამარჯვების“ დასახლება შეირჩა, სადაც რამდენიმე შენობა სპეციალურად ფილმის შიდა გადაღებებისათვის აშენდა. პროექტში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს რკინიგზამ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელთა დახმარებითაც საომარი მოქმედებების ურთულესი სცენების გადასაღებად გამოიყო სამხედრო ტექნიკა და ქვეითთა ბატალიონი 80 კაციანი შემადგენლობით.

შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატს, საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორს, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერს ოთარ იოსელიანს კანისა და ბერლინის საერთაშორისო ფესტივალებზე მიღებული აქვს კინოპრესისა და კრიტიკის პრიზები. რეჟისორი დაჯილდოებულია ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური ჯილდოთი, საფრანგეთის აკადემიის ვერმეის მედლითა და ბერლინის ხელოვნების აკადემიის პრიზებით. ოთარ იოსელიანს ბერლინის კინოფესტივალზე მოპოვებული აქვს „ვერცხლის დათვი“, საფრანგეთში „ლუი დელუკის“ პრესტიჟული ჯილდო, ნიუ-იორკის, ლონდონის, ტოკიოს ფესტივალების არაერთი ჯილდო თუ პრემია.

მიუხედავად, იმისა რომ საბჭოთა სინამდვილეში ოთარ იოსელიანის შემოქმედება მუდმივად იდევნებოდა, რეჟისორმა მისი უკომპრომისო ბუნების, საბჭოური სინამდვილისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით და კინემატოგრაფიის სიყვარულით ქართველ 60-იანელთა შორის უმნიშვნელოვანესი ადგილი დაიმკვიდრა.